... ... hotnews.ge - პოლიტიკა

ერთად აღვნიშნოთ ევროპის დღე - პრეზიდენტის ინიციატივით, ათონელზე კონცერტი გაიმართება

ერთად აღვნიშნოთ ევროპის დღე - საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, 9 მაისს 21:00 საათზე, ათონელის ქუჩაზე ევროპის დღე აღინიშნება.  

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: ლიზა ბათიაშვილი, გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე, კატო კვარაცხელია, ნიკალა ზუბიაშვილი, მარიამ კუბანსკი, დათა მუნჯიშვილი, ელენე კალანდაძე და ერეკლე გეწაძე, Loudspeakers , დაგადაგანი, quemmekh.

ასევე, "სუხიშვილები" და  ანსამბლი "შავნაბადა".

ბჟანიამ არძინბა "საგარეო საქმეთა მინისტრობიდან" გადააყენა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ინალ არძინბა "საგარეო საქმეთა მინისტრობიდან" გადააყენა.

ბჟანიამ განკარგულებას ხელი დღეს, 7 მაისს მოაწერა. ჯერჯერობით, არძინბას გათავისუფლების მიზეზი არ სახელდება.

"საგარეო საქმეთა მინისტრის" მოვალეობას არძინბას მოადგილე, ირაკლი ტუჟბა შეასრულებს.

ინალ არძინბა აფხაზეთის "საგარეო საქმეთა მინისტრად" 2021 წლის 17 ნოემბერს დაინიშნა.

 

20 ივნისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს დარღვევა დაუდგინა

სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს 2019 წლის 20-21 ივნისს დაზარალებულთათვის ჯამში 153 600 ევროს გადახდა დააკისრა. 

ევროსასამართლომ ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) დარღვევა დაადგინა. 

22 ადამიანს შორის, რომელთა ინტერესებსაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა, მშვიდობიანი აქციის 10 მონაწილე, მედიის 11 წარმომადგენელი და მოვლენების ეპიცენტრში შემთხვევით შემთხვევით აღმოჩენილი 1 მოქალაქეა. 

"საიამ საფუძვლიანად შეისწავლა 20-21 ივნისის მოვლენები, მოიპოვა მტკიცებულებები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე განაცხადა, რომ სახეზე იყო შემდეგი დარღვევები: გამოყენებული ძალის უკანონობა და არაპროპორციულობა, დაკავების და შემდეგ პერიოდში არასათანადო მოპყრობა, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა, გამოძიების არაეფექტიანობა, რაც მათ შორის, ვლინდებოდა გაჭიანურებულ გამოძიებაში, სტატუსის მინიჭების პრობლემებში და ა.შ. ამ ყველაფერთან მიმართებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ იმსჯელა, გაიზიარა საიას არგუმენტები და დაადგინა მე-3 მუხლის, ანუ წამების აკრძალვა. ამასთან ერთად, სახელმწიფოს დააკისრა ჯამში 153 600 ევროს გადახდა კომპენსაციის სახით", - აცხადებს ორგანიზაცია. 

სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს არ ჰქონია შესაბამისი ნებელობა და არ ჩაუტარებია ეფექტიანი გამოძიება, რომელიც ამ საქმეზე შესაბამისი პირების პასუხისმგებლობა დაადგინა. მიუთითა ისიც, რომ 4-ნახევარი წლის შემდეგ გამოძიება არანაირ დასკვნამდე არ არის მისული. სახელმწიფომ სათანადოდ არ შეაფასა ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი პირდაპირ იყვნენ მითითებული სახალხო დამცველის რეკომენდაციებში. 

"სასამართლოს განმარტებით, სასამართლოს არ ჩაუტარებია მოვლენების სისტემური ანალიზი, არ არსებობს ოფიციალური, სრულყოფილი ანგარიში მოვლენათა ქრონოლოგიისა და აქციის დაშლის ოპერაციის თაობაზე, რაც ასევე წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას", - აცხადებს საია. 

რუსული კანონი ხელს შეგვიშლის საქმიანობაში - ექიმებისა და მეცნიერების მიმართვა

მედიცინის მუშაკები და მეცნიერები რუსულ კანონთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობას მიმართავენ და აცხადებენ, რომ კრემლის მიერ შთაგონებული კანონი ძირს უთხრის დემოკრატიის ფუნდამენტურ საფუძვლებს, საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს და უმთავრეს ღირებულებას - თავისუფლებას. ხელმომწერები სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებენ, ქვეყნის ევროპული მომავლისთვის გამართული საპროტესტო აქციების მონაწილეებს:

"ჩვენ, საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ მყოფი, ქართველი მეცნიერები და მედიცინის მუშაკები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საქართველოს პარლამენტის მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“  კანონპროექტის დამტკიცებას. კრემლის მიერ შთაგონებული,
ეს, რუსული კანონი ძირს უთხრის დემოკრატიის ფუნდამენტურ საფუძვლებს, საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს და უმთავრეს ღირებულებას - თავისუფლებას. 

საფრთხე ემუქრება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, რომლისკენაც დიდი ხანია ვისწრაფით.

სოლიდარობას ვუცხადებთ ქუჩაში გამოსულ, ასი ათასობით ადამიანს, განსაკუთრებით - ახალგაზრდებს. მათ,  ვინც დღეს ხმამაღლა და დაუღალავად აპროტესტებს ქვეყნისათვის დამღუპველ რუსულ კანონს,  რისთვისაც,  ფიზიკურად უსწორდება სახელმწიფო მანქანა -  ცრემლსადენი და მხუთავი აირით წამლავს საკუთარ მომავალს. ამის მიუხედავად, ხალხი მყარად დგას, თავდაუზოგავად იცავს საკუთარ ქვეყანას და მის მომავალს!

ქედს ვიხრით, მათი გამბედაობის და შეუპოვრობის წინაშე, უკეთესი მომავლისთვის ბრძოლაში.

აღნიშნული კანონ-პროექტი არა მხოლოდ ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებას და გამოხატვის თავისუფლებას, არამედ - ანგრევს დემოკრატიისა
და ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ პრინციპებს, რასაც,  მსხვერპლად შეეწირება არაერთი თაობა და მისი მომავალი. 

ჩვენ, მეცნიერებს და მედიკოსებს, კარგად გვესმის, რაოდენ მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობა და მხარდაჭერა პროგრესის, ინოვაციებისა და კეთილღეობისათვის. აღნიშნული კანონი არის ფუნდამენტურად რეგრესული და ის შეაჩერებს უკლებლივ ყველა სფეროს განვითარებას, მათ შორის მედიცინისა და მეცნიერების. რუსული კანონი შეგვიზღუდავს საშუალებას ვითანამშრომლოთ ჩვენს უცხოელ კოლეგებთან, მოვიძიოთ დაფინანსება და რესურსები მნიშვნელოვანი პროექტებისათვის. ხელს შეგვიშლის, უზრუნველვყოთ ჩვენი პაციენტებისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მკურნალობა, ჩვენი სტუდენტების  მეცნიერების და ტექნოლოგიების უახლეს მიღწევებში  დროული ჩართვა.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, ყური უგდოს ხალხის ხმას, სტრატეგიული პარტნიორების რჩევას და არ მიიღოს ქვეყნის ინტერესების შეუქცევადად დამაზიანებელი კანონი. " ნათქვამია მიმართვაში, რომელზეც ხელმოწერები გრძელდება.

გამჭვირვალობის კანონპროექტს 13 მაისს განვიხილავთ - ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, 10 მაისს კომიტეტის სხდომაზე განიხილება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განსაზღვრულ ცხრა პუნქტთან დაკავშირებული საკითხები, 13 მაისს კი გამჭვირვალობის კანონპროექტი.

„პარასკევს, 10 მაისს, ვაგრძელებთ მუშაობას იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც გამომდინარეობს ევროკომისიის მიერ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განსაზღვრული ცხრა პუნქტიდან.

ამიტომ, კომიტეტის სხდომაზე განიხილება მხოლოდ ევროკავშირის ცხრა პუნქტთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები მე-2 მოსმენით.

გამჭვირვალობის კანონპროექტს კი განვიხილავთ ორშაბათს, 13 მაისს. ბრწყინვალე შვიდეულში მაინც მოერიდეთ სიცრუის გავრცელებას. ქრისტე აღდგა! კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს“, – წერს ოხანაშვილი.

 

დღეს, 19:00 საათზე, პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება

დღეს, 19:00 საათზე, პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება. ინფორმაციას თავისუფალი საზოგადოება ავრცელებს.

"უცვლელი მიზანი, დრო და ადგილი! მოდი აქციაზე. არა რუსულ კანონს! ერთობით ევროპისკენ", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია დღეს თელავშიც დაანონსდა. აქციის მონაწილეები შეკრებას 19:00 საათზე, ერეკლე მეორის ძეგლთან დაიწყებენ.

17 აპრილს, ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. 

29 აპრილს კი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსულ კანონს მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა. განხილვაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან ოპოზიციონერი დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები გააძევა.

 

7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2024 წლის 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა.

დოკუმენტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, საჭიროების მიხედვით, კომპეტენციის ფარგლებში თავად განსაზღვროს ის სამსახურები და მოსამსახურეები, რომლებზეც დადგენილებით განსაზღვრული უქმე დღეები არ გავრცელდება.

დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე, ასევე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობასა და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე.

დადგენილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი უკვე მოაწერა.

"ვლადიმერ პუტინი შეიჭრა საქართველოში, მაგრამ არ შეჩერდა საქართველოში, პუტინი უკრაინაშიც არ შეჩერდება" - ჯეფერსი

წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტის "დე­მოკ­რა­ტე­ბის“ ლი­დე­რის, ჰა­კიმ ჯეფ­რი­სის გან­ცხა­დე­ბით, შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა უნდა გა­აგ­რძე­ლოს უკ­რა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რა, რათა თა­ვი­დან აი­ცი­ლოს უფრო ფარ­თო ომი.  მას მი­აჩ­ნია, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი ცდი­ლობს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ხე­ლახ­ლა შექ­მნას და ამით ნატო-ს მო­კავ­ში­რე­ებს საფრ­თხეს შე­უქ­მნის.

"ჩვენ ვერ და­ვუშ­ვებთ უკ­რა­ი­ნას და­ცე­მას, რად­გან თუ ეს ასე მოხ­და, მა­შინ, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ამე­რი­კას მო­უ­წევს კონ­ფლიქ­ტში ჩარ­თვა - არა უბ­რა­ლოდ ჩვე­ნი ფუ­ლით, არა­მედ ჩვე­ნი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბით. თუ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევს უკ­რა­ი­ნა­ში, ის არ შე­ჩერ­დე­ბა. ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი შე­იჭ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში, მაგ­რამ ის არ შე­ჩერ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, ის შე­ვი­და ყი­რიმ­ში, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ მხო­ლოდ ყი­რიმს არ ეხე­ბო­და, რად­გან უკ­რა­ი­ნის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­იჭ­რა. უნდა გვჯე­რო­დეს, რომ ასე­თი თან­მიმ­დევ­რუ­ლი აგ­რე­სი­ის ფონ­ზე, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი უკ­რა­ი­ნა­ში შე­ჩერ­დე­ბა? რა თქმა უნდა - არა. მო­დით, ნუ და­ვუ­ჯე­რებთ მის სი­ტყვებს, და­ვუ­ჯე­როთ მის მოქ­მე­დე­ბებს და მისი მოქ­მე­დე­ბე­ბი გვთა­ვა­ზობს, რომ მას საბ­ჭო­თა კავ­ში­რის აღ­დგე­ნა სურს, რაც საფრ­თხეს შუქ­მნის ნატო-ს მო­კავ­ში­რე­ებს და ლო­გი­კუ­რი შე­დე­გე­ბით გა­მო­იწ­ვევს ამე­რი­კუ­ლი ჯა­რე­ბის ბრძო­ლა­ში ჩარ­თვას“, - აღ­ნიშ­ნა ჰა­კიმ ჯეფ­რის­მა.

ირაკლი ჩიქოვანმა დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი მიცვალებულთა მოხსენიების დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა. ირაკლი ჩიქოვანმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მათი ოჯახის წევრებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

ძმათა სასაფლაოზე თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მისი მოადგილეები და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

"არც აღდგომა იციან, არც საფლავი, არც ოჯახი..." - სალომე ზურაბიშვილი ოკუპანტებზე

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის, რამაზ ბეღელურის, გატაცებას ეხმაურება:

"ეგრეთწოდებული ერთორწმუნე და ვითომცა ღირებულებების დამცველი! არც აღდგომა იციან, არც საფლავი, არც ოჯახი და საერთოდ სამშობლო ხომ არ იციან, და არ იციან - არც მისი ნამდვილი საზღვრები და არც გარჩევა საკუთარი და მეზობლის მიწების შორის….და ამ ყველაფრის მიუხედავად, ვიღაცეებს მეგობრები და მტრის შორის რაღაც უღირს ტოლობის ნიშანს სვამენ!"

შეგახსენებთ, რომ ბეღელური 29 აპრილს გაიტაცეს. ის უკანონო პატიმრობაში მეხუთედ იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, ბეღელური ოკუპანტებმა იმ დროს დააკავეს, როდესაც საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, გარდაცვლილი ძმის საფლავს აწესრიგებდა.

 

 

რუსთაველზე მორიგი აქცია დღეს, 19:00 საათზე გაიმართება

"ჟუჟუნა წვიმამ ჩვენი ერთობის ველი დანამა," - რუსული კანონის საწინააღმდეგო მორიგი აქცია, რუსთაველის გამზირზე, დღეს, 5 მაისს, 19:00 საათზე ისევ გაიმართება. 

მოქალაქეები საპროტესტო აქციებს არ წყვეტენ - ისინი "ქართული ოცნების" ხელისუფლებას რუსული კანონის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. ამბობენ, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია და არა რუსეთში.

შეგახსენებთ, რომ აღდგომის ღამეს ახალგაზრდები რუსთაველზე ქაშვეთის ეკლესიაში შეხვდნენ და დღესასწაული ერთად აღნიშნეს. 

პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად, სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო.

სააღდგომო ლიტურგია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ და პატრიარქის თანამოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ აღასრულეს.

ლიტურგიის დასრულების შემდეგ, საზოგადოებას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე გააცნეს.

სააღდგომო ღვთისმსახურებას ასევე ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.