... ... hotnews.ge - პოლიტიკა

პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა დღეს გაგრძელდება

პარლამენტის პლენარული სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით - მუხლობრივი განხილვა დღეს გაგრძელდება.

30 აპრილის სხდომაზე პროექტის ფარგლებში სულ სამი მუხლის განხილვა მოესწრო.

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვით სესია 12:00 საათზე დაიწყება.

ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ უკვე მეორედ ინიცირებული კანონპროექტი “გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა - 20%-ზე მეტი - უცხოეთიდან არის მიღებული. პროექტის მიხედვით, ყველა, ვინც “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.

კანონპროექტი “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციის გამოსავლენად“ იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს.

პროექტით, მონიტორინგის დაწყების საფუძველი იქნება იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება და იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას შეიცავს“.

პროექტის გათვალისწინებით, თუ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სუბიექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, მაგრამ მან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას თავი აარიდა, სააგენტო, იუსტიციის სამინისტროს "შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე", მას უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დაარეგისტრირებს, რაც აღნიშნულ სუბიექტს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან არ გაათავისუფლებს.

უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არ შევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით.

პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არ გამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი.

ხაბეიშვილი შეიჭრა პოლიციის კორდონში, გაუწია მათ წინააღმდეგობა, რა დროსაც მიიღო სხეულის დაზიანება - დარახველიძე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თვითონ შეიჭრა პოლიციის კორდონში, გაუწია სპეცრაზმს წინააღმდეგობა, რა დროსაც მიიღო სხეულის დაზიანება. ხაბეიშვილი ამ დრომდე ინგოროყვას სახელობის კლინიკაში რჩება, მას გუშინ ოპერაცია ჩაუტარდა. 

ხაბეიშვილის ჩამტვრეული აქვს ცხვირის ძვლები, დაზიანებული აქვს თვალი.

"კადრებში კარგად ჩანს ენმ-ის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ქმედება, როდესაც ის პოლიციისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, შეიჭრა პოლიციის კორდონში, გაუწია მათ წინააღმდეგობა, რა დროსაც მიიღო სხეულის დაზიანება. ლევან ხაბეიშვილი დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ საჭირო საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას", - თქვა დარახველიძემ. 

„აქციის მონაწილეებზე თავდასხმას მოჰყვება თქვენი მთავრობის ყველა თანამდებობის პირის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვება“-ANONYMOUS

მსოფლიოს უდიდესი ჰაკერული დაჯგუფება Anonymous საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და მხარდაჭერას უცხადებს რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე შეკრებილ ადამიანებს. 

"მივმართავთ საქართველოში აქციის მონაწილეებს, ჩვენ მოვისმინეთ თქვენი თხოვნა დახმარების თაობაზე. გადით ქუჩებში, თქვენ მარტო არ ხართ. Anonymous-ის წევრები თქვენ გვერდით ვდგავართ და დაგეხმარებით დემოკრატიის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის ბრძოლაში. მივმართავთ საქართველოს პოლიციას: აქციის მონაწილეებზე თავდასხმას მოჰყვება თქვენი მთავრობის ყველა თანამდებობის პირის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვება. ჩვენ ხელში ჩავიგდებთ თქვენს მონაცემთა ბაზებს და იმეილის pool-ებს და მათ ინტერნეტში გავავრცელებთ. ეს თქვენი პირველი და უკანასკნელი გაფრთხილებაა. მივმართავთ რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ოცნების პარტიას: გახსოვდეთ, რომ საქართველო არ არის და არასდროს იქნება რუსეთი. გველოდეთ". – ვკითხულობთ Anonymous-ის განცხადებაში. 

 

აქციას აქვს მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობს ძალის გამოყენების საფუძველი - სახალხო დამცველის განცხადება

სახალხო დამცველი  მშვიდობიანი შეკრების დაშლის მიზნით სპეციალური საშუალებების გამოყენების ფაქტს ეხმიანება და ბოლო რამდენიმე საათში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მეორე განცხადებას ავრცელებს:

"საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით მიუთითებს, რომ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული. თავის მხრივ, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის განმარტებით, „ძალადობა“ გულისხმობს შეკრების მონაწილეთა მხრიდან ფიზიკური ძალის გამოყენებას, რომლის შედეგადაც, მოსალოდნელია გარდაცვალება, ჯანმრთელობის ან საკუთრების სერიოზული დაზიანება. შესაბამისად, კომიტეტის მითითებით, ძალადობად არ უნდა ჩაითვალოს, მათ შორის, უბრალო მიწოლა ან ხელის კვრა. ამავდროულად, საგულისხმოა, რომ ცალკეულ პირთა ან პირთა მცირე ჯგუფის სიტყვიერი თუ ფიზიკური აგრესიის თუ ძალადობის აქტები არ აბათილებს იმ ადამიანთა შეკრების თავისუფლებას, რომლებიც მშვიდობიან ქცევას განაგრძობენ. მსგავს შემთხვევებში, ნებისმიერი სახის ჩარევა მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული ინდივიდების ძალადობრივ ქმედებებზე პასუხს და არა მთელი შეკრების დაშლას.

სახალხო დამცველის შეფასებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან 2024 წლის 30 აპრილს, 23.36 წუთზე  გაფრთხილების გაჟღერების დროისთვის და ამჟამადაც აქციას აქვს მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობს მისი შეწყვეტისა და მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი. რაც შეეხება აქციის მონაწილეების მხრიდან მშვიდობიანი შეკრების ფარგლების გაცდენის შემთხვევაში, მათ მიმართ უნდა გატარებულიყო ინდივიდუალური - აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებები. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სამართალდამცავებმა შეკრების მონაწილეების, მათ შორის, მშვიდობიანი მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყეს, რაც ეწინააღმდეგება უფლებაში აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტს.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, ჩაატარონ ეფექტიანი გამოძიება არაპროპორციული ძალის გამოყენების, ასევე მედიის წარმომადგენლების დაშავების ფაქტებზე." ნათქვამია განცხადებაში

 

მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, დაუყონებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა - პრეზიდენტი

"მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ დაუყონებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის 
დარბევა, არაპროპორციული ძალის გამოყენება, შიშველ ხელებით მოსულ ახალგაზრდების წინააღმდეგ ძალადობა. 
მივმართავ სახალხო დამცველს, მყისიერად მოახდინოს რეაგირება, რათა შეწყდეს ყოველგვარი უსაფუძლო და უადგილო  სპეცდანიშნულების ხალების ქმედებები. 
ნათლად ჩანს, რომ აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობდა, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა, წესრიგს არაფერი ემუქრებოდა.
სირცხვილია შენ ახალგაზრდობას დაუპირისპირდე,  როცა ეროვნულობაზე გაქვს პრეტენზია, სირცხვილია საეწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ ვნების კვირის დროს!"  - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში

 

აქტივისტებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს

აქტივისტებმა, რომლებმაც რუსთაველის გამზირი დარბევის შემდეგ დატოვეს, იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს.

რუსთაველზე ამ დრომდე სპეცრაზმელები იმყოფებიან. პარლამენტის შენობა სპეცრაზმის ალყაშია.  აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გაუშვეს წყლის ჭავლი, გამოიყენეს წიწაკის სპრეი და ისროლეს რეზინის ტყვიები. 

დააკავეს აქციის არაერთი მონაწილე.

ფოტო: დოდი ხარხელი

 

შსს იწყებს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას - განცხადება

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი.
მიუხედავად პოლიციელების არაერთი მოწოდებისა, ისინი არ ემორჩილებიან სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან, ასევე მათი მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა საგანს.
გამომდინარე იქიდან რომ აქცია სრულად გასცდა კანონით დადგენილი შეკრება მანიფესტაციის ფარგლებს და გახდა ძალადობრივი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრო იწყებს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკური პარტიის ლიდერებს და მონაწილეებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს.
სამინისტრო შეისწავლის აქციის მსვლელობისას მომხდარ ყველა კანონსაწინააღმდეგო ფაქტს და თითოეულ ქმედებას მისცემს შესაბამის სამართლებრივ შეფასებას.

 

ჩიტაძის ქუჩაზე სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს სპეცსაშუალებებით უსწორდებიან

რუსთაველის გამზირზე პერიოდულად ვითარება იძაბება. ჭიჭინაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ წუთებში სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის კვლავ ფიზიკური დაპირისპირება მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, პოლიციელების მხრიდან მოხდა პროვოკაცია.

შსს-ს თანამშრომელის განცხადებით, აქციის მონაწილეები ბოთლებს ისროდნენ პოლიციელების მიმართულებით.

„სამართალდამრღვევები იქნენ დაკავებული ადმინისტრაციული წესით. სამართალდარღვევა გამოიხატებოდა პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობაში. ბოთლების წვიმას ხედავდით? მადლობა, რომ ამდენი კამერით ხართ, ყველა დაინახავს ყველას. ჩვენი ბევრი თანამშრომელია დაშავებული“, – განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა.

სამართალდამცველებს აქციის ზოგიერთი მონაწილე ტერიტორიიდან გაჰყავთ.

აჟამად, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებენ.

 

აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, ისროლეს სხვადასხვა საგნები - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე.

მიუხედავად ადგილზე მყოფი პოლიციელების არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადებისა, რომ გაეთავისუფლებინათ დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის საკანონმდებლო ორგანოს გამოსასვლელები, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს.

მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები.

აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, ასევე, მათი მიმართულებით ისროლეს სხვადასხვა საგანი.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, პოლიტიკურ ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს.

კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

პარლამენტთან სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა სცადეს, ტერიტორიიდან გაეყვანათ პარტია „ახალის“ ლიდერები, ნიკა მელია, ნიკა გვარამია და ბაჩო დოლიძე, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან ისხდნენ.

დაპირისპირებისას, სამართალდამცველებმა პარტია „ახალის“ ლიდერებთან ერთად, რამდენიმე ადამიანი ტერიტორიიდან გაიყვანეს.

აქციის სხვა მონაწილეები ასევე ჩიტაძის მხრიდან საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან მიახლოებას ითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შენობის თავისუფლად დატოვების საშუალებას არ მისცემდნენ.

მოვუწოდებთ, გაათავისუფლონ შესასვლელ-გამოსასვლელები - შსს-ს განცხადება

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, სამართალდამცველები მობილიზებულები არიან და იცავენ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას.
საკანონმდებლო ორგანოს შენობის გარშემო შეკრებილნი არიან აქციის მონაწილეები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების პარლამენტის შენობიდან უსაფრთხოდ გადაადგილებისა და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთანაც იმყოფებიან და მოუწოდებენ შეკრებილებს გაათავისუფლონ პარლამენტის შენობის შესასვლელი და გამოსასვლელი სივრცეები.
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოების შესასვლელების ბლოკირება და მათი საქმიანობის შეფერხება, აქედან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის ორგანიზატორებსა და თითოეულ მონაწილეს მოუწოდებს, არ დაარღვიონ კანონი, დაემორჩილონ სამართალდამცველების მითითებას და უზრუნველყონ, რომ აქციამ ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში.
კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტს სამართალდამცველების მხრიდან კანონით გათვალისწინებული რეაგირება მოჰყვება.

არა რუსულ კანონს! - სტუდენტები მსვლელობით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდნენ

არა რუსულ კანონს! - ილიაუნის, თსუ-სა და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, მსვლელობით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდნენ. ისინი პარლამენტის უკანა შესასვლელთან ავიდნენ.

ამბობენ, რომ ხელისუფლებამ რუსული კანონი უნდა გაიწვიოს რადგან ის ანტიდასავლურია და კრემლის ინტერესებს ეხმაურება.