... ... hotnews.ge - პოლიტიკა

მეც ვუერთდები მოწოდებას „არა რუსულ კანონს“, ამ ქართულ კანონს კი, აუცილებლად მივიღებთ - კახა კალაძე სპორტსმენების მოწოდებებზე

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან კიდევ ერთხელ ისაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე და განმარტა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსულ კანონებს არასდროს მიიღებს.

ასევე, მან ისაუბრა სპორტსმენების, მათ შორის, ფეხბურთელების ნაწილის მოწოდებებზეც და აღნიშნა, რომ ეს არის ქართული კანონი, რომელიც აუცილებლად იქნება მიღებული.

„მეც ვუერთდები მოწოდებას „არა რუსულ კანონს“. რა თქმა უნდა, რუსული კანონები საქართველოში არასდროს მიღებულა და არც არასდროს მიიღება. აღნიშნული გამჭვირვალობის კანონი კი, არის სუფთა ქართული კანონი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებსა და ხვალინდელ დღეს იცავს. ეს კანონი აუცილებლად იქნება მიღებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ვიზიტის დათქმებით განხორციელება არ ჯდება იმ სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებაში, რომლითაც ჩვენ ვუყურებთ აშშ-ს - შალვა პაპუაშვილი

ვიზიტის დათქმებით განხორციელება არ ჯდება იმ სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებაში, რომლითაც ჩვენ ვუყურებთ აშშ-ს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„სამწუხაროა, რომ ასეთი ინტერპრეტაციით გააკეთა განცხადება აშშ-ის ელჩმა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ უპასუხა ამ საკითხთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, დათქმებით ვიზიტის განხორციელება არ ჯდება იმ სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებაში, რომლითაც ჩვენ ვუყურებთ აშშ-ს. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, როგორც ელჩთან ქვეყანაში, ისე ჩვენს პარტნიორებთან ამერიკაში სასაუბროდ. ამ დღეებშიც საქართველოს პარლამენტის დელეგაცია იმყოფებოდა აშშ-ში და ჰქონდა შეხვედრა, როგორც კონგრესში და სენატში, ისე სახელმწიფო დეპარტამენტში. თუმცა, როდესაც ასეთ მაღალ დონეზე ხდება მოწვევა პრემიერ-მინისტრის და ხდება წინაპირობების დაყენება, ეს არ ჯდება იმ სულისკვეთებაში, რომელიც პარტნიორობას უნდა ახასიათებდეს, კერძოდ, ნდობით ურთიერთობასა და იმ მეგობრულ ურთიერთობაში, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა უწყების განცხადება ობიექტურობასაა მოკლებულია, რაც ახალისებს ძალადობას - საგარეო საქმეთა სამინისტრო

მივესალმებით, რომ საფრანგეთის საგარეო უწყება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება, თუმცა ვწუხვართ, რომ უწყების განცხადება მოკლებულია ობიექტურობას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას თბილისში ძალადობრივ შეკრებებზე სამართალდამცავი ორგანოების რეაგირების შესახებ.

საქართველოში უმაღლესი სტანდარტით არის უზრუნველყოფილი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ ოპოზიციასთან დაკავშირებული და საზღვარგარეთიდან დაფინანსებული ძალადობრივი ჯგუფები ახორციელებდნენ მასშტაბურ ძალადობას სახელმწიფო ინსტიტუტების შენობებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების წინააღმდეგ, ქართველი სამართალდამცავები, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე სამწუხარო ინციდენტს, ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად მოქმედებდნენ.

მივესალმებით, რომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებით. თუმცა ვწუხვართ, რომ თქვენი განცხადება მოკლებულია ობიექტურობას.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავი შეიკავა საფრანგეთის მიმართ კრიტიკული განცხადებისგან მაშინაც კი, როდესაც პარიზში სამართალდამცავები მომიტინგეებს ბრუტალური, ადამიანის უფლებების საყოველთაო სტანდარტებთან სრულიად შეუსაბამო მეთოდებით დაუპირისპირდნენ.

არაობიექტური შეფასებები ახალისებს ძალადობას, რომელიც, როგორც უკვე აღინიშნა, პოლიტიკურ ოპოზიციასთან დაკავშირებული და საზღვარგარეთიდან დაფინანსებული ძალადობრივი ჯგუფების მიერ ხორციელდება“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საფრანგეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა გუშინ განაცხადა, რომ „საფრანგეთი შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში ვითარებას, გმობს ძალადობას და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას მშვიდობიანი პროტესტის უფლება“.

დერეკ შოლესთან გამოვხატე ჩემი გულწრფელი იმედგაცრუება 2020-23 წლების ორი რევოლუციური მცდელობის გამო... - ირაკლი კობახიძე

ვესაუბრე დერეკ შოლეს და გამოვხატე ჩემი გულწრფელი იმედგაცრუება 2020-23 წლების ორი რევოლუციური მცდელობის გამო, რომელიც ამერიკის ყოფილი ელჩის მხარდაჭერით და გარედან დაფინანსებული ენჯეოების მეშვეობით განხორციელდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, მაშინდელი მცდელობები წარმატებული რომ ყოფილიყო, დღეს საქართველოში მეორე ფრონტი იქნებოდა გახსნილი.

“გარდა ამისა, ბატონ შოლეს განვუმარტე, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ცრუ განცხადებები გამჭვირვალობის შესახებ კანონთან და აქციებთან დაკავშირებით გვახსენებს ამერიკის ყოფილი ელჩის 2020-23 წლების მსგავს ცრუ განცხადებებს, რომლებიც მაშინაც უცხოური დაფინანსებით მოქმედი სუბიექტების მხრიდან ძალადობის წახალისებას და რევოლუციური პროცესების მხარდაჭერას ემსახურებოდა.

ასევე, ბატონ შოლეს განვუმარტე, რომ ამ ფონზე ურთიერთობების გადატვირთვა განსაკუთრებულ ძალისხმევას საჭიროებს, რაც სამართლიანი და კეთილსინდისიერი მიდგომის გარეშე შეუძლებელია.ბატონ შოლესთან არ გამომიხატავს შეშფოთება ნიუ იორკში სტუდენტების პროტესტის ბრუტალური დარბევის გამო”,- წერს ირაკლი კობახიძე.

საქართველოს პარლამენტის სასახლეში 3-4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 3-4 მაისს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. შენობაში დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“, - ნათქვამია განცხადებაში.

პრემიერი აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ დროებით უნდა შეჩერებულიყო „გამჭვირვალობის" კანონპროექტის განხილვა - საგარეო

საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის საელჩოს საპასუხოდ აცხადებს, რომ პრემიერი აშშ-ში მიწვეული იყო პირობით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა. სამინისტროს განმარტებით, ეს არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას.

„დღეს გავრცელდა აშშ-ის ელჩის განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მიწვეული იყვნენ აშშ-ში, რაზეც ქართულმა მხარემ უარი თქვა. ამასთან დაკავშირებით, გვსურს განვმარტოთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა. დათქმით ვიზიტის განხორციელება არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობაზე უნდა იყოს დაფუძნებული, რასთან დაკავშირებითაც აშშ-ის ელჩს დეტალური განმარტება წარედგინა“, – ნათქვამია განცხადებაში.

"11 მაისს მოვაწყოთ ძალიან დიდი მანიფესტაცია" - აქციის ორგანიზატორების განცხადება

"11 მაისს მოვაწყოთ ძალიან დიდი მანიფესტაცია", - ასე მიმართავენ რუსთაველზე აქციის მონაწილეებს ორგანიზატორები.

„მინდა დავაანონსო ასევე ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, და მინდა, რომ დაიმახსოვროთ ეს თარიღი. რომ 11 მაისს მოვაწყოთ ძალიან დიდი მანიფესტაცია ყველა ერთად, ყველამ ერთად. დიდი, მშვიდობიანი, ძლიერი თავდაჯერებული მანიფესტაცია. ჩაინიშნეთ კალენდრებში. შეიძლება ვიღაცას იცნობთ, ვინც არ მოდის ხოლმე აქ და აი, 11 მაისამდე, ყველამ ავიღოთ ეს დავალება რომ ადამიანები, რომლებიც აქ ჯერ კიდევ არ ყოფილან, მოვიყვანოთ ჩვენთან ერთად, - ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და პარლამენტთან, აქციის მონაწილეებს მიმართავს.

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა 25 მსჯავრდებული შეიწყალა

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა 25 მსჯავრდებული შეიწყალა. 

16 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის 4 ქალი მსჯავრდებულია, ხოლო 8 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის 1 ქალ მსჯავრდებულს. 

შეწყალების აქტი შეეხო ასევე, 2 პირობით მსჯავრდებულს, რომლებიც სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.

აქციის მონაწილეებმა ფილარმონიიდან გმირთა მოედნისკენ ასასვლელი გზა გადაკეტეს

"გამჭვირვალობის კანონის" მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეებმა, ფილარმონიიდან გმირთა მოედნისკენ ასასვლელი გზა გადაკეტეს. დემონსტრანტების განცხადებით, მათ სურთ ყველა მოქალაქეს გააგებონონ თავიანთი პროტესტის შესახებ.

მანამდე, მათ პოლიციამ არაერთხელმ მოუწოდა გზა არ გადაეკეტათ, რადგან ეს კანონდარღვევა იქნებოდა.

თავდაპირველად, მომიტინგეები დაემორჩილნენ პოლიციის მითითებას და გადავიდნენ ტროტუარზე. იყო მცირე დაპირისპირებაც, რა დროსაც პოლიციამ ერთი პირი დააკავა. 

აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედნისა და კოსტავას ქუჩის კვეთაზე გზა გადაკეტეს

აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედნისა და კოსტავას ქუჩის კვეთაზე გზა გადაკეტეს - დემონსტრანტები გზის სავალ ნაწილზე დასხდნენ და ამბობენ, რომ როცა მათი რაოდენობა გაიზრდება, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. ისინი აქციის მონაწილეების დაკავებას ცდილობენ.

პარლამენტთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან - დამონტაჟებულია სცენა და ხმის გამაძლიერებლები

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონ-პროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება. აქცია პარლამენტის შენობის წინ 7 საათისთვის დაანონსდა. მთავარი მოთხოვნა უცვლელია - გაიწვიოს სახელისუფლებო გუნდმა სადავო ინიციატივა.

პარლამენტის წინ დამონტაჟებულია სცენა და ხმის გამაძლიერებლები, სავარაუდოდ იქნება სიტყვით გამოსვლები.

ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოს მთავრობის არჩევანმა ქვეყანა დააშორა ევროატლანტიკურ მომავალს - აშშ-ის ელჩი

"მე ღრმად ვარ შეშფოთებული, რომ ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოს მთავრობის არჩევანმა ქვეყანა დააშორა ევროატლანტიკურ მომავალს, მიზანს, რომლის მიღწევაც ქართველების უდიდეს უმრავლესობას სურს. სამწუხაროდ, მმართველ პარტიას, როგორც ჩანს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მიიღოს კანონი, რომლის შესახებაც ევროკავშირმა ნათლად განაცხადა, რომ შეუთავსებელია საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებთან. ამასთანავე, მმართველი პარტიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა არჩია თავდასხმა საქართველოს სუვერენიტეტის უდიდეს მხარდამჭერებზე: შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირზე. ჩვენ საქართველოს გვერდით ვიდექით და ვდგავართ მოლაპარაკებებზე იმ ქვეყანასთან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი აქვს ოკუპირებული. ჩვენ მხარს ვუჭერდით და ვუჭერთ ქართული ენის, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებას."

ნათქვამია აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებაში.