... ... hotnews.ge - პოლიტიკა

უტიფარი დაუძახე დედაშენს და მამაშენს, თავხედო ნაძირალა - კალაძე ფორმულას ჟურნალისტს

„ზრდილობა არ გასწავლეს ოჯახში? უტიფარი მოიკითხე სახლში და ოჯახში, თავხედო ნაძირალა, ბატონო კახა კი არა, მოიკითხე მეთქი ოჯახში...  უტიფარი დაუძახე დედაშენს და მამაშენს, სახლში რომ მიხვალ, შენ ხარ თავხედი უზრდელი.

შეურაცხყოფა არ არის, უტიფარს რომ უწოდებთ?... უტიფარი უთხარი დედაშენს და მამაშენს სახლში შენი გაზრდისთვის, შე თავხედო.“

თბილისის მერის კახა კალაძის მტკიცებით, 1-2 მაისის აქციაზე სპეცრაზმს არცერთი რეზინის ტყვია არ გამოუყენებია. ამაზე მედიის წარმომადგენლებმა თბილისის მერს უთხრეს, რომ არიან ტყვიებით დაშავებული ადამიანები და არსებობს დაზიანებების ამსახველი ფოტომასალა. ფორმულას ჟურნალისტის კითხვამ, "არ გერიდებათ, ასე უტიფრად რომ იტყუება შინაგან საქმეთა სამინისტრო?", კახა კალაძე გააღიზიანა.

 

პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის განვითარების ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის განვითარების ფონდის (AFD) გენერალური დირექტორის მოადგილეს, ბერტრან ვალკენერს შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ფონდის არსებით მხარდაჭერას ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების დაფინანსების კუთხით და AFD-ის გენერალური დირექტორის მოადგილეს მადლობა გადაუხადა. 
საუბრისას აღინიშნა საქართველოსა და საფრანგეთის ორმხრივი ურთიერთობები და საფრანგეთის მთავრობის განსაკუთრებული მხარდაჭერა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში. 
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს, რასაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების ფონდს შორის გაფორმებული პარტნიორობის შეთანხმება. აღინიშნა, რომ AFD-ის პროექტები საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულ სფეროებთან სრულ შესაბამისობაშია და ამ კუთხით აქტიური თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

 

გამოწვევა მიღებულია - საქართველო vs უსამშობლოების ბრძოლა დაწყებულია - წილოსანი

"მთელი საინფორმაციო მანქანა მომართულია და მუშაობს, რომ დაგანახოთ ქართული რუსულად, თანაც ეს ყველაფერი ისე სურთ გააკეთონ, რომ კითხვის დასმაც კი ვერ გაბედოთ.

მოკლედ, გამოწვევა მიღებულია - საქართველო vs უსამშობლოების ბრძოლა დაწყებულია. შეუძლებელია სამშობლომ არ გაიმარჯვოს და რამდენადაც Gen-Z-ის ენაზე ნოთ ქულ არ უნდა იყოს, მაინც, მამული, ენა, სარწმუნოება !!!"

წერს რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი, ნინო წილოსანი და ეხმაურება ფოტოს, რომელზეც ჩანს, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეება ლონდონში საქართველოს საელჩოს შენობაზე დატოვეს ბანერი წარწერით - "ღრუსეთის საელჩო".

დღეს 19:00 საათზე, პარლამენტთან „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია დაინიშნა

2 მაისს გასამართი დემონსტრაციის შესახებ ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის უკანა შესასვლელთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გამოაცხადეს.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გამოაცხადეს, რომ დღეს, 2 მაისს, 19:00 საათზე გაიმართება „აგენტების კანონი“ საწინააღმდეგო აქცია.

„საქართველოს მარიონეტულმა ხელისუფლებამ პარლამენტს დაადო ბოქლომი, გადამალეს საგარეო საქმეთა მინისტრი და შეშინებულებმა ფაქტობრივად გააუქმეს საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა. მანამდე, 10-დღიანი არნახული არდადეგები მოუწყვეს მთელ ქვეყანას“, - თქვა რომან გოცირიძემ, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარემ.

პარლამენტის ინფორმაციით, დღეს, 2 მაისს, პარლამენტში დაგეგმილი ღონისძიებები (ბიუროს და პლენარული სხდომები) არ გაიმართება.

"კანვასის ტრენინგის ვიდეო არის აშკარა მტკიცებულება იმისა, რომ ამ ქვეყანაში მიზანმიმართულად მზადდებოდა რევოლუცია" - ირაკლი კობახიძე

ჩვენ ვნახეთ რევოლუციის მოწყობის ღია მცდელობა 2022 წლის ივნისში, როცა არჩევნების მიუხედავად, არჩევნების მიღმა ითხოვ მთავრობის გადადგომას და შენი მონაწილეობით მთავრობის ჩამოყალიბებას, ანუ არჩევნებში მანდატი არ მიგიღია, ხარ რაღაც „ენჯეო“ და გინდა, შენ დააკომპლექტო მთავრობა, ეს არის რევოლუცია, მაგრამ ეს არ არის რევოლუციის ის ფორმა, რომელიც შეიძლება იყოს დასჯადი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, რევოლუციის მცდელობა ყოველთვის არ არის დანაშაული.

 

„რევოლუციის მცდელობა შეიძლება იყოს დასჯადი იმ შემთხვევაში, თუ მას თან ახლავს კონკრეტული პარალელური დანაშაულები, მაგრამ როდესაც გამოდიხარ და რეალურად რევოლუციისკენ მიგყავს ქვეყანა, მაგრამ ამას არ ახლავს თან პარალელური დანაშაულები, ეს შეიძლება, არ დაკვალიფიცირდეს როგორც სისხლის სამართლის დანაშაული. ანუ არსებობს დანაშაულებრივი რევოლუციის მცდელობა და შეიძლება, არსებობდეს ისეთი რევოლუციის მცდელობა, რომელიც არ კვალიფიცირდება როგორც სისხლის სამართლის დანაშაული. რევოლუციის მცდელობა იყო 2020-2021-2022-2023 წელს, მაგრამ რაც შეეხება დანაშაულის კვალიფიკაციის მინიჭებას, ეს არ არის ჩემი ფუნქცია. ეს არის სამართალდამცავი უწყებების ფუნქცია, თუ ისინი ნახავენ პარალელურ დანაშაულებს, რომლებიც იქნა ჩადენილი ამ მცდელობებთან ერთად, ამ შემთხვევაში შეიძლება, ასეთი საკითხიც დადგეს. მეორეც, ზოგადად შეიძლება, ასეთ გამუდმებული მცდელობები გახდეს თეორიულად პოლიტიკური პარტიის აკრძალვის ინსტრუმენტი. თქვენ იცით, რომ ამ ინსტრუმენტს ძალიან აქტიურად იყენებენ მაგალითად დღეს უკრაინაში და მოლდოვაში. თუ კონკრეტული პოლიტიკური პარტია არ ასვენებს ქვეყანას, თეორიულად, ეს შეიძლება, გახდეს პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საფუძველიც, თუმცა მე ამაზე ვერ ვისაუბრებ. ეს არის შესაბამისი სამართალდამცველი სტრუქტურების გადასაწყვეტი. რაც შეეხება მაგალითად ცნობილ კანვასის ტრენინგებს, კანვასის ტრენინგის ვიდეო არის აშკარა მტკიცებულება იმისა, რომ მიზანმიმართულად მზადდებოდა ამ ქვეყანაში რევოლუცია, მაგრამ რაც შეეხება დანაშაულის მხარეს, დანაშაულის მხარე უნდა გამოიძიოს კონკრეტულმა სამართალდამცავმა უწყებამ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რევოლუცია არ მზადდებოდა. აქაც იყო იგივე შემთხვევა, უცხოური ფული იყო ჩართული საქმეში და პირდაპირ ამზადებდნენ დღისით მზისით რევოლუციას ამ ქვეყანაში - იყო თუ არა აქ პლუს დანაშაულის ნიშნები, ეს უნდა დაადგინოს სამართალდამცავმა უწყებამ და არა პრემიერ-მინისტრმა. მიმდინარეობს გამოძიება ამასთან დაკავშირებით და გაგრძელდება ეს პროცესი, ეს არ არის მარტივი საკითხი გამომდინარე იქიდან, რომ მხოლოდ ეს ვიდეო საკმარისი არ არის დანაშაულის დასადგენად. ამის მიღმა შენ უნდა გამოიძიო დამატებითი გარემოებები და ამას სჭირდება თავისი დრო“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

"ეს არის უმარტივესი კანონი, სადაც წერია ერთადერთი რამ, რომ წელიწადში ერთხელ უნდა გამოქვეყნდეს დეკლარაციები" - პრემიერი

ეს არის უმარტივესი კანონი, არის სულ რამდენიმე გვერდი და წერია ერთადერთი რამ, რომ წელიწადში ერთხელ უნდა გამოქვეყნდეს დეკლარაციები, როგორ შეიძლება, ამაზე ვინმეს ჰქონდეს რაიმე სამართლებრივი კონტრარგუმენტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კანონპროექტის მესამე მოსმენა ორ კვირაში გაიმართება, ოთხ კვირაში კი, სტანდარტული პროცედურის შესაბამისად, იქნება ვეტოს დაძლევა.

„თუ ვინმეს აინტერესებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ნახვა, ამის საშუალება ექნება ვეტოს დაძლევამდე და ვნახოთ, რა ეწერება იქ. ეს არის უმარტივესი კანონი, არის სულ რამდენიმე გვერდი და წერია ერთადერთი რამ, რომ წელიწადში ერთხელ უნდა გამოქვეყნდეს დეკლარაციები, როგორ შეიძლება, ამაზე ვინმეს ჰქონდეს რაიმე სამართლებრივი კონტრარგუმენტი. როგორ შეიძლება, ვინმემ თქვას, რომ ხალხს არ უნდა ჰქონდეს ინფორმაცია NGO-ების დაფინანსების შესახებ. როგორც შეიძლება, ევროკავშირმა ან ვენეციის კომისიამ თქვას, რომ გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი ცუდია. უბრალოდ, ბუნებაში ვერ იარსებებს ეს არგუმენტი. დაელოდონ ვენეციის კომისიის დასკვნას და დაელოდონ სამართლებრივი არგუმენტებს ვენეციის კომისიის დასკვნაში. თუ ნახავენ სამართლებრივ არგუმენტს ვენეციის კომისიის დასკვნაში, ერთად ვნახოთ ეს ყველაფერი“, - განაცხადა პრემიერმა.

დღეს პარლამენტში ბიუროსა და პლენარული სხდომები არ გაიმართება

საკანონმდებლო ორგანოში დღეს ბიუროსა და პლენარული სხდომები არ გაიმართება, - ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

"საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ პირველ მაისს საქართველოს პარლამენტის სასახლეზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად საკანონმდებლო ორგანოს შენობა და ინფრასტრუქტურა დაზიანდა, შესაბამისად დღეს, 2 მაისს, პარლამენტის სასახლეში დაგეგმილი ღონისძიებები (ბიუროს და პლენარული სხდომები) არ გაიმართება. საქართველოს პარლამენტის სასახლეში ამჟამად, შესაბამის სტრუქტურებთან ერთად, გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს“, – აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საკანონმდებლო ორგანოში განმარტავენ, რომ პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე 14:00 საათამდე, შემდეგ კი ყვითელი დონე იმოქმედებს.

"წითელი დონის დროს საქართველოს პარლამენტში არ დაიშვება არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა. წითელი დონე 2 მაისს, 14:00 საათის შემდეგ გაუქმდება და ამოქმედდება ყვითელი დონე, რა დროსაც ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. შენობაში დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს პარლამენტის თანამშრომლები“, – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის განცხადებაში.

ქართული ძიუდოს კიდევ ერთი გამარჯვება და აღიარება - 2026 წლის ევროპის ჩემპიონატს თბილისი უმასპინძლებს

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ევროპის ძიუდოს კავშირს, საქართველოს ძიუდოს ფედერაციასა და კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის ხელი მოეწერა სამმხრივ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც 2026 წლის ევროპის ჩემპიონატს თბილისი უმასპინძლებს.

როგორც ძიუდოს ფედერაციაში აცხადებენ, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ინიციატივას მხარი დაუჭირა.

"საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ" უკანასკნელ პერიოდში არაერთი ამბიციური რეფორმა განახორციელა. ქვეყნისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ეს მოპოვებული წარმატება - 2026 წელს ევროპის ჩემპიონატის ჩატარება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყნის, როგორც სპორტულ, ასევე ზოგადი პოლიტიკის სწორ და ეფექტიან წარმართვას. მინდა, მივულოცო ქართველ გულშემატკივარს და ხაზი გავუსვა იმ მხარდაჭერასა და თანადგომას, რომელსაც ძიუდოს ფედერაციის მიმართ იჩენს საქართველოს მთავრობა და პრემიერ-მინისტრი” - განაცხადა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ათაბეგაშვილმა შეთანხმებაზე ხელის მოწერის შემდეგ.

საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება AUSTRIAN AIRLINES-მა დაიწყო

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვენიდან პირველი პირდაპირი ფრენა ავსტრიის ლიდერმა ავიაკომპანია Austrian Airlines-მა შეასრულა. ახალი ევროპული ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ვენა-თბილისი-ვენას მიმართულებით კვირაში 3 სიხშირით Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით განახორციელებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან 2 წლიანი მოლაპარაკების პროცესი წარმატებით დაასრულა.

აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ავსტრიის ავიახაზები სიახლეა ქართული ავიაბაზრისთვის და ვენა არის ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულება, როგორც ტურისტული, ასევე საქმიანი ვიზიტებისთვის.

,,თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს მივიღეთ Austrian Airlines-ის პირველი რეისი. ჩვენ წარმატებით დავასრულეთ ორწლიანი მოლაპარაკება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვენის მიმართულებით კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია შეასრულებს ფრენებს კვირაში 3 სიხშირით. მოხარულები ვართ, რომ პირველ რეისზე ყველა ბილეთი გაყიდული იყო და სრული დატვირთვით ჩამოფრინდა ბორტი, რაც იმის დასტურია, რომ ვენა ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აგრძელებს თბილისის აეროპორტის დაკავშირებას ევროპის ცენტრალურ დედაქალაქებთან და არამხოლოდ, იმისთვის, რომ ჩვენს მგზავრებს ჰქონდეთ მეტი მობილობა და მეტი პირდაპირი ფრენა,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გამთენიისას, პირველ საინაუგურაციო რეისს ვენიდან სავსე ბორტი - 136 მგზავრი ჩამოჰყვა. პირველ რეისს საქართველოში ავსტრიის ელჩი თომას მიულმანი, აღმოსავლეთ ევროპასა და ისრაელში AUSTRIAN AIRLINES-ის გაყიდვების დირექტორი შტეფან ლინჰარტი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე და თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორი კომპანიის Tav Georgia-ს წარმომადგენლები დახვდნენ.

1957 წელს დაფუძნებული და ის Lufthansa Group-ის შვილობილი კომპანიაა. Star Alliance-ის წევრი ავიაკომპანია ფრენებს 55 ქვეყნის 130 მიმართულებით ასრულებს. მისი ფლოტი 70 საჰაერო ხომალდისგან შედგება, საიდანაც უმეტესობა Airbus A320 ტიპის თვითმფრინავებს წარმოადგენს.

Visioner-ის ცნობით, 1-ელ მაისს აქციაზე 85 888 ადამიანი იმყოფებოდა

Visioner-ის ცნობით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 1-ელ მაისს 85 888 ადამიანი იმყოფებოდა.შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" 1-ელ მაისს "რუსული კანონი" მეორე მოსმენით მიიღო.

საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც პარლამენტში აღნიშნავენ, საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა.

„საქართველოს პარლამენტის სასახლეზე განხორციელებული თავდასხმიდან გამომდინარე, რომელიც საშიშროებას უქმნის პარლამენტის სასახლეში მყოფი პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, მიმდინარე წლის პირველ მაისის 23:00 საათიდან საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა.

უსაფრთხოების დამატებითი ზომა ამოქმედდა „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად.

წითელი დონის დროს ყველა პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა, ვალდებულია დატოვოს პარლამენტის სასახლე“, – აღნიშნულია პარლამენტის განცხადებაში.

Anonymous ამბობს, რომ "ოცნების" და POSTV-ის ვებგვერდები გათიშა

Anonymous ამბობს, რომ საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნებისა" და მასთან დაკავშირებული პროპაგანდისტული მედიასაშუალების, POSTV-ის ვებგვერდები გათიშა.

"საქართველოს მარიონეტულ მთავრობას, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს: მიუხედავად ჩვენი გაფრთხილებისა, თქვენ გადაწყვიტეთ, უგულებელყოთ ჩვენი მოთხოვნა აქციის მონაწილეების მიმართ პოლიციის სისასტიკის შეჩერების შესახებ და მათი შეურაცხყოფა, შევიწროება და დაზიანება გააგრძელეთ. მოქალაქეების მიმართ არაადამიანური ქმედებების გამო, ჩვენ გავაგრძელებთ თქვენი ინტერნეტ რესურსის დაზიანებას და მათ გათიშვას. ეს არ არის საფრთხე, ეს დაპირებაა. სანამ სამართლიანობა არ გაიმარჯვებს, მას ჰაკერობა და პროტესტი ჩაანაცვლებს. უსაფრთხოებისა და დემოკრატიის დაცვა თქვენს ვირტუალურ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას ამართლებს. 
არ დაგავიწყდეთ, საქართველო არ არის რუსეთი და არასდროს იქნება", - წერს ის.