... ... hotnews.ge - პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს გამჭვირვალობის კანონპროექტის შესახებ საჯარო დისკუსიას სთავაზობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს გამჭვირვალობის კანონპროექტის შესახებ საჯარო დისკუსიას სთავაზობს.

როგორც პრემიერი სოციალურ ქსელში წერს, საქართველო აფასებს და უფრთხილდება ურთიერთობებს პარტნიორ ქვეყნებთან და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტის - ევროკავშირში ინტეგრაციის გათვალისწინებით, ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, მათ შორის ელჩებთან თანამშრომლობა და მათი მოსაზრებების მოსმენა განსაკუთრებული პრიორიტეტია.

„საქართველო აფასებს და უფრთხილდება ურთიერთობებს პარტნიორ ქვეყნებთან. ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტის - ევროკავშირში ინტეგრაციის გათვალისწინებით, ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, მათ შორის ელჩებთან თანამშრომლობა და მათი მოსაზრებების მოსმენა ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია. ჩვენ ვაფასებთ მოქმედი ელჩების ყველა მხარდამჭერ ნაბიჯსა და განცხადებას, რომელიც საქართველოს საერთაშორისო პოზიციების გამყარებისკენ არის მიმართული. შესაბამისად, მათ ყველა საფუძვლიან რჩევასა და რეკომენდაციას მომავალშიც განსაკუთრებული გულისხმიერებით მოვეკიდებით.

საქართველოში უკანასკნელ წლებში დანერგილი პრაქტიკის შესაბამისად, უცხოელი დიპლომატები კვლავაც აქტიურად მონაწილეობენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ დებატებში.

ისინი განსაკუთრებით ინტენსიურად ცდილობენ, შეითავსონ კანონმდებლის ფუნქცია, აქტიური მონაწილეობა მიიღონ კანონშემოქმედებით პროცესში და წარმომადგენლობითი დემოკრატიის უმთავრეს ორგანოს - ქართველი ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს უკარნახონ, რომელი კანონი მიიღოს და რომელი არა.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ოპოზიციის ჩანაცვლების ეს პრაქტიკა დიპლომატიის სტანდარტებს არ შეესაბამება, ოპოზიციის პოლიტიკური და ინტელექტუალური რესურსების სიმწირის გათვალისწინებით, ჩვენ მას გარკვეულწილად გაგებით შეგვიძლია მოვეკიდოთ.

თუმცა, გაგებით ვერ მოვეკიდებით ასევე ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკას, როდესაც უცხოელი დიპლომატები დახურულ კარს მიღმა ჩვენს არგუმენტებს არგუმენტებით ვერ პასუხობენ და საჯარო სივრცეში საფუძველს მოკლებულ პოლიტიკურ განცხადებებს მაინც აკეთებენ.

გასული დღეების განმავლობაში, მოვისმინეთ რამდენიმე უცხოელი დიპლომატის კრიტიკული განცხადებები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. ისევე, როგორც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების გზავნილები, ეს განცხადებებიც მოკლებული იყო ყოველგვარ არგუმენტებს და დასაბუთებას.

მიმაჩნია, რომ გამჭვირვალობა და საჯაროობა მანკიერების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა. უსაფუძვლო კრიტიკას, რომელსაც უცხოელი დიპლომატებისგან ხშირად ვისმენთ ხოლმე, საზოგადოება შესაბამის ქვეყნებზე განაზოგადებს, რაც სერიოზულ რისკებს შეიცავს. ქართულ საზოგადოებას უნდა შევუნარჩუნოთ ნდობა პარტნიორი ქვეყნების მიმართ, რაზე ზრუნვაც ჩვენი ვალი და პასუხისმგებლობაა.

ელჩები პერიოდულად ითხოვენ შეხვედრებს დახურულ რეჟიმში. შეხვედრებზე არასდროს გვითქვამს უარი და დახურული შეხვედრებისთვის სამომავლოდაც მზად ვართ. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ გაუმჭვირვალე პოლიტიკური დისკუსია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გარშემო აზიანებს ქართული საზოგადოების ნდობას ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მიმართ, ვთავაზობ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, გავმართოთ საჯარო დისკუსია ამ კანონპროექტის შესახებ.

დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების ლიდერებსა და ელჩებს შორის საგნობრივი დისკუსიის პირდაპირ ეთერში გადაცემის პირობებში, ქართული საზოგადოება შეიქმნის ბევრად უფრო ნათელ წარმოდგენას კანონპროექტის არსისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვისთვის მისი მიღების აუცილებლობის შესახებ“, - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

"ეს კვლევები საუკუნის ანეკდოტია "- სააკაშვილი

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა "მთავარი არხის" დაკვეთით, "სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა "(ISSA) ჩაატარა. 

მიხეილ სააკაშვილი კვლევის შედეგებს ეხმაურება და საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე პოსტს ავრცელებს: 

"გუშინდელი სოციოლოგიური კვლევის შედეგები იყო საუკუნის ანეკდოტი.
ჩვენ გავიმარჯვებთ !
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვების კოალიცია"

ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი

ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩო მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ცხელი ხაზი მოქმედებს.

"შეგახსენებთ, რომ ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზის ნომრები:

+972 52-6919092;

+972 52-7583344;

+972 54-7386813;

მშვიდობას ვუსურვებთ ისრაელს და ისრაელის მოსახლეობას," - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს ირანმა ისრაელის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა. ისრაელის თავდაცვის ძალები ამბობენ, რომ დრონებისა და რაკეტების უმრავლესობა მოიგერიეს. თავდასხმის დაშავდა, სულ მცირე, ერთი ადამიანი (ბავშვი). დანიელ ჰაგარის თქმით, მცირე ზიანი მიადგა ისრაელის თავდაცვის ძალების ერთ-ერთ სამხედრო ბაზას. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ისრაელს თავდასხმის მოგერიებაში ამერიკული ძალები დაეხმარნენ. 

"ვულოცავთ ჩვენს ქართველ მეგობრებს დედა ენის დღეს! აღფრთოვანებულები ვართ ქართული ენის უნიკალურობით" - აშშ-ის საელჩო

"ვულოცავთ ჩვენს ქართველ მეგობრებს დედა ენის დღეს! ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ ქართული ენის უნიკალურობითა და სილამაზით. თქვენთან ერთად აღვნიშნავთ მსოფლიოს ამ ერთ-ერთი უძველესი ენის დღეს, რომელიც ქართველებმა წინა და მომავალ თაობებს შემოუნახეთ."

წერს აშშ-ის საელჩო საქართველოში.

"გილოცავთ დედაენის დღეს! ჩვენი არაჩვეულებრივი დედაენა არის ის, რაც ყველას გვაერთიანებს" - პრეზიდენტი

"გილოცავთ დედაენის დღეს! ჩვენი არაჩვეულებრივი დედაენა არის ის, რაც ყველას გვაერთიანებს და რაც კიდევ ძალიან დიდხანს იქნება ჩვენი ძალა და ენერგია."

ამბობს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

14 აპრილს ქართველმა ერმა გადაარჩინა დედაენა - ახლაც არის არჩევანი, შეინარჩუნო საყრდენები, თუ სხვას მიანდო შენი ხვალინდელი დღე - შალვა პაპუაშვილი

1978 წლის 14 აპრილს ერთ მუშტად შეკრულმა ქართველმა ერმა, უკვე მერამდენედ, დაიცვა საკუთარი თვითმყოფადობა, გადაარჩინა დედაენა, როგორც საკუთარი სიცოცხლისა და არსებობის ქვაკუთხედი,” - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

როგორს შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ისტორია მეორდება. მანამდეც და მერეც, საქართველო მრავალჯერ მდგარა დიდი გამოცდის წინაშე, თვითმყოფადობის და თავისუფლების დასაცავად.

მისი თქმით, ყოველთვის, მაშინაც და ახლაც, არის არჩევანი, შეინარჩუნო შენი საყრდენები, თუ სხვას მიანდო შენი ბედი, შენი ხვალინდელი დღე.


,,1978 წლის 14 აპრილს ერთ მუშტად შეკრულმა ქართველმა ერმა, უკვე მერამდენედ, დაიცვა საკუთარი თვითმყოფადობა, გადაარჩინა დედაენა, როგორც საკუთარი სიცოცხლისა და არსებობის ქვაკუთხედი. მანამდეც და მერეც, მრავალჯერ ვმდგარვართ ამ დიდი გამოცდის წინაშე, თვითმყოფადობის და თავისუფლების დასაცავად.

ყოველთვის, მაშინაც და ახლაც, არის არჩევანი, შეინარჩუნო შენი საყრდენები, თუ სხვას მიანდო შენი ბედი, შენი ხვალინდელი დღე.

ისტორია მართლაც მეორდება. სხვადასხვა დროს, ხან რა იყო გადასარჩენი, ხან რა. ზოგჯერ ენა, ზოგჯერ რწმენა, ზოგჯერ სახელმწიფო, ზოგჯერ კი სამივე ერთად. თავისუფლებისთვის ბრძოლის გრძელი და ეკლიანი გზა სწორედ ამ სამივეს გადასარჩენად გამოიარა ქართველმა ხალხმა, რადგან არ არსებობს ერი იდენტობის გარეშე და არ არსებობს სახელმწიფო სუვერენიტეტის გარეშე.

დღეს დედაენის დღეა. ქართველებისთვის წმინდა საფიცარის დღე. უძველესი ქართული ენა, ცურტაველის, რუსთაველის, ილიას და გალაკტიონის ენა. ამ ენაშია განფენილი ჩვენი არსი, სულიერება და ცხოვრების წესი.

წყალნი წავლენ, ქართული ენა და ჩვენი ისტორია კი გაგრძელდება, მებრძოლი და თავისუფალი ერის ისტორია”, - წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

"შავი ზღვა არის დღეს ის, რაც გვაერთიანებს და გვაძლევს იმედს, რომ ჩვენ მალე ვიქნებით ერთი დიდი ოჯახი" - პრეზიდენტი

შავი ზღვა აღარ არის ის, რაც გვთიშავდა დანარჩენ თანამედროვე მსოფლიოსგან, ცივილიზებული სამყაროსგან, შავი ზღვა არის დღეს ის, რაც გვაერთიანებს და გვაძლევს იმედს, რომ ჩვენ მალე ვიქნებით ერთი დიდი ოჯახი ყველა თავისი იდენტობით, თავისი ენით, თავისი კულტურით და ყველა თავისი თავისუფლებით და ეს არის ევროპის მთავარი ნიშანი,- ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში მიწვეულ თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობის (TAF) სტუმრებს.

პრეზიდენტის თქმით, ისეთი ღონისძიებები, როგორიც არის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა აჩენს რწმენას, რომ საქართველო არ არის ჩამოშორებული ევროპას.

„ჩვენ ბევრს ვლაპარაკობთ ევროპაზე და საქართველოს ევროპულ მომავალზე და არ დავიღლებით, მაგრამ საქართველოს ევროპული მომავალი, ასევე, არის, როდესაც ევროპა აქ არის და სწორედ თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა (TAF) არის ის მომენტი და ის ადგილი, სადაც ევროპა ჩვენთან არის და სადაც ჩანს, რომ ის, რაც ხდება თბილისში და ასევე ხდება ნებისმიერ ევროპულ ქალაქში, არის ძალიან ახლოს, ეს არის ის თანამედროვეობა, რომელიც გვაძლევს იმის ღრმა რწმენას, რომ ჩვენ არ ვართ ჩამოშორებული სადღაც შორს. შავი ზღვა აღარ არის ის, რაც გვთიშავდა დანარჩენ თანამედროვე მსოფლიოსგან, ცივილიზებული სამყაროსგან, შავი ზღვა არის დღეს ის, რაც გვაერთიანებს და გვაძლევს იმედს, რომ ჩვენ მალე ვიქნებით ერთი დიდი ოჯახი ყველა თავისი იდენტობით, თავისი ენით, ყველა თავისი კულტურით და ყველა თავისი თავისუფლებით და ეს არის ევროპის მთავარი ნიშანი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი მასპინძლობს თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობის (TAF) სტუმრებს, რომელიც „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო სივრცეში 11-13 აპრილს იმართება.

ირაკლი ღარიბაშვილი ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის პარტიულ აქტივს შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და პარტიულ აქტივს შეხვდნენ.

ამბროლაურში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: გოჩა ენუქიძე, გოდერძი ჩანქსელიანი, ბექა დავითულიანი, გია ბენაშვილი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პარმენ მარგველიძე.

როგორც შეხვედრაზე პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, სრულად პროპორციული არჩევნები პირველად იმართება, ამიტომ საჭიროა მაქსიმალური მობილიზება საკონსტიტუციო უმრავლესობის მისაღებად.

„დღეს ძალიან კარგი შეხვედრა გაიმართა, შევხვდი პარტიის რაჭის აქტივს, ვისაუბრეთ მოახლოებულ არჩევნებზე. ძალიან მაგარი განწყობაა ამ რეგიონში. ჩვენი მთავარი გზავნილი მოგეხსენებათ ყველას, რომ არის შემდეგი – პირველად იმართება სრულად პროპორციული არჩევნები, ამიტომ საჭიროა მაქსიმალური მობილიზება. სწორედ ამ საკითხებზე იყო საუბარი. ჩვენ გვაქვს გაცხადებული მიზანი. გვინდა მაქსიმალური შედეგის აღება, გვაქვს ამბიცია, ავიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. ასევე საუბარი გვქონდა სხვა მიმდინარე თემებზე. ვფიქრობ, ძალიან მაგარი შედეგი დაიდება ამ რეგიონში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პარტიის აღმასრულებელი მდივნის თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო ყველა მიმდინარე თემაზე, მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებსა და ქვეყნის გამოწვევებზე.

„ჩვენი შეხვედრები გრძელდება, პოზიტიური ხასიათის რომ არის, ეს ერთი, მაგრამ ჩვენთვისაც განსაკუთრებული სტიმულია. მოგეხსენებათ, რაჭველ ხალხზე დინჯი და კარგი ხალხი იშვიათია და დღესაც ასეთივე შეხვედრა იყო. ჩვენ ვისაუბრეთ ყველა მიმდინარე თემაზე, მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე, ქვეყნის გამოწვევებზე. რაჭველებიც, ისევე, როგორც სხვა კუთხის და სხვა მხარის წარმომადგენლები, ძალიან ადეკვატურად აღიქვამენ პრობლემებსაც, გამოწვევებსაც, პოზიტივებსაც, რაც ქვეყანაში ხდება და ამიტომ, ბუნებრივია, ძალიან კარგი შეხვედრა იყო“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გარდა, შეხვედრები გაიმართა აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიისა და იმერეთის მხარეში. მომდევნო შეხვედრა 20 აპრილს, შიდა ქართლში გაიმართება.

ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში, ათ რეგიონში შეხვდება.

ინფორმაციას პარტია „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. 

 

როგორ დაიცვეს ქართველმა პატრიოტებმა 46 წლის წინ წითელი მგლებისგან დედა ენა

აპრილი საქართველოსთვის ერთგვარად საკრალური თვეა. რატომ? - იმიტომ, რომ ჩვენს უახლეს ისტორიას 1989 წლის 9 აპრილის სისხლიანი იარა დღემდე არ მოუშუშებია. ამის მერე იყო 1990 წლის 9 აპრილი - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. მანამდე კი, 1978 წლის აპრილში ანუ იმ დროს, როცა სსრკ-ს ბრეჟნევი მართავდა და ე.წ. პერესტროიკა შორს, ბუზისტოლადაც არ მოჩანდა, საქართველოში დიდი ვნებათაღელვა დაიწყო. ეს წითელ იმპერიაში, პრაქტიკულად, პირველი შემთხვევა იყო, როცა პატარა ერმა საკუთარი ღირსების, ამ შემთხვევაში, ენის დასაცავად ხმა ამოიღო და... სტუდნტობა ქუჩაში გამოვიდა...

 

მაშინ ორი წლის ვიყავი და, ცხადია, არაფერი მახსოვს, მაგრამ მერე, დრო რომ გავა, იმდროინდელი მოვლენების მონაწილეებს გავიცნობ და 1978 წლის 14 აპრილის „საიდუმლოსაც“ ამოვხსნი. ზოგადად, ეს „საიდუმლო“ დღეს უკვე ყველასთვის ნათელია - 46 წლის წინ, „დედა რუსეთი“ შეეცადა, მამულწართმეული ქართველებისთვის ენაც წაერთმია. კრემლში, ალბათ, არ ელოდნენ, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის შვილები საკუთარ ენას კბილებით დაიცავდნენ, მაგრამ როცა ქუჩაში უამრავი ადამიანი გამოვიდა, ბოლშევიკების წითელი „ბუნაგი“ იძულებული გახდა, უკან დაეხია. ჰო, მაშინ ქართველებმა სასწაული ერთიანობა და ერთად დგომა აჩვენეს.

მოკლედ, 1978 წელს, საბჭოთა ბელადებმა გადაწყვიტეს, რომ მოკავშირე რესპუბლიკებში, ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსი გაეუქმებინათ და მთელ სსრკ-ში, სახელმწიფო ენა რუსული გამხდარიყო.

ახალი საბჭოთა კონსტიტუციის მიღების შემდეგ, საქართველოს სსრ უზენაესმა საბჭომ შეიმუშავა კონსტიტუციის გეგმა, რომელშიც 1936 წლის კონსტიტუციისგან განსხვავებით, ქართული სახელმწიფო ენად უკვე აღარ იყო გამოცხადებული... თბილისში მასობრივი გამოსვლები დაიწყო და თანდათან, ვითარება უმართავი გახდა. ამიტომ, საქართველოს სსრ-ის კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი‚ ედუარდ შევარდნაძე იძულებული ხდება, ხალხთან გავიდეს. სხვათა შორის, ცხონებულ შევარდნაძეს, კრიტიკულ ვითარებაში მსგავსი ნაბიჯების გადადგმა სჩვეოდა...

ვრცლად სტატია იხილეთ აქ.

 

"გერმანია არის ჩვენი განსაკუთრებული მეგობარი" - ილია დარჩიაშვილი

საქართველო აქტიურად განაგრძობს რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებას, რადგან ეს პირველ რიგში ესაჭიროება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ჩვენი ქვეყნის მომავალსა და ევროპულ ინტეგრაციას, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისივე თქმით, ქვეყნებს შორის, რომლებიც მხარს უჭერდნენ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, გერმანია იყო ერთ-ერთი გამორჩეული.

 

„ხაზი უნდა გავუსვათ, რომ პრემიერ-მინისტრი, სწორედ თავისი პირველი ორმხრივი ვიზიტით ჩამობრძანდა ევროკავშირში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. გერმანია არის ჩვენი განსაკუთრებული მეგობარი, პარტნიორი, რომელიც, ბოლო პერიოდში, ჩამოყალიბდა ერთ-ერთ მთავარ და ძლიერ მხარდამჭერად ჩვენი ევროპული ინტეგრაციისა. ეს მხოლოდ სიტყვები არ არის, ეს საქმეშიც გამოიხატა. გადაწყვეტილება, რომელიც ევროკომისიამ მიიღო რეკომენდაციის სახით და შემდგომ უკვე ევროპულმა საბჭომ დაადასტურა ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭების თაობაზე, ქვეყნებს შორის, რომლებიც ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობდნენ და მხარს უჭერდნენ ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას, გერმანია იყო ერთ-ერთი გამორჩეული.

პრემიერ-მინისტრის დღევანდელი ვიზიტი, ვფიქრობ, ძალიან დროული, ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო. საუბარიო შეეხო საქართველო-გერმანიის ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ ყველა  განზომილებას. საუბრის დროს დაიგეგმა კონკრეტული თანამშრომლობა, თუ როგორ დავაახლოვოთ მომავალში გერმანია და საქართველო ერთმანეთს. რაც ყველაზე მთავარია და ეს პრესკონფერენციაზეც გაჟღერდა კანცლერის მხრიდან, პირადად კანცლერი და გერმანია მომავალშიც გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერას ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით.

ვფიქრობ, თუ განვიხილავთ პრესკონფერენციას, რომელიც ძალიან საინტერესო იყო, კანცლერის შეფასება გასათვალისწინებელია იმ თვალსაზრისით, რომ როდესაც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე იყო საუბარი, მან ცალსახად გაუსვა ხაზი იმ რეკომენდაციების ნუსხას, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ ძალიან აქტიურად, ესაა ჩვენი დღის წესრიგი და რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრის მხრიდანაც შეხვედრის დროსაც იყო ხაზგასმული, რომ საქართველო ერთგულია იმ რეფორმების დღის წესრიგის, რომელიც გვაქვს ჩვენ ევროკავშირთან. საქართველო აქტიურად განაგრძობს რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებას, რადგან ეს პირველ რიგში ესაჭიროება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ჩვენი ქვეყნის მომავალსა და ევროპულ ინტეგრაციას,“- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

"ეს არის გამჭვირვალობის კანონი ყველა სუბიექტისა, რომელიც მონაწილეობს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში" - ირაკლი ჩიქოვანი

მზად ვართ ვისაუბროთ დეტალურად, გახსნილად, გვაქვს მზაობა კონსულტაციებისთვის, იმისათვის, რომ ყველას დავანახოთ, კანონი, რომელიც არის ინიცირებული, ეს არის გამჭვირვალობის კანონი, გამჭვირვალობის ყველა იმ სუბიექტისა, რომელიც მონაწილეობს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში, -  ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ვიცე-პრემიერის თქმით, საქართველოში არის გამჭვირვალობის ძალიან მაღალი ხარისხი იმ პირებთან და  სუბიექტებთან მიმართებაში,  რომლებიც მონაწილეობენ აქტიურად საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ფორმირებას უკეთებენ პოლიტიკას, იღებენ გადაწყვეტილებებს.


„წლების განმავლობაში დადასტურდა, რომ საქართველოს და გერმანიას აქვს ძალიან მდგრადი და ახლო ურთიერთობები, რომლებიც ძალიან ბევრ ასპექტს ითვალისწინებს. ეს ურთიერთობები და  მეგობრობა არის იმის საწინდარი, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთში ვისაუბროთ ისეთ საკითხებზე, რომლებზეც შეიძლება განსხვავებული პოზიცია გვქონდეს, მაგრამ განსხვავებულ პოზიციასთან მიმართებაში ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ვართ მზად ვისაუბროთ დეტალურად, გახსნილად, გვაქვს მზაობა კონსულტაციებისთვის, იმისათვის, რომ ყველას დავანახოთ, კანონი, რომელიც არის ინიცირებული, ეს არის გამჭვირვალობის კანონი, გამჭვირვალობის ყველა იმ სუბიექტისა, რომელიც მონაწილეობს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში. საქართველოში არის გამჭვირვალობის ძალიან მაღალი ხარისხი იმ პირებთან და სუბიექტებთან მიმართებაში,  რომლებიც მონაწილეობენ აქტიურად საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ფორმირებას უკეთებენ პოლიტიკას, იღებენ გადაწყვეტილებებს და როდესაც ასეთი მაღალი სტანდარტი არსებობს და მეორე მხრივ, არასამთავრობო სექტორისა და კონკრეტული სუბიექტების მხრიდან არ არის მზაობა, რომ მინიმალური სტანდარტი მაინც დაინერგოს, ეს არის ნამდვილად გასაკვირი. არავის არ უნდა უკვირდეს, მხოლოდ და მხოლოდ მოთხოვნილია ყოველწლიური დეკლარირების აუცილებლობა, რომ ეს რაიმე ფორმით ეწინააღმდეგება ვინმეს საქმიანობას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი დემოკრატიული საზოგადოების“, -  განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

"ტრანსფარენტულობა - ეს არის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი იმისთვის, რომ ვიყოთ წარმატებული ევროპული ქვეყანა" - ილია დარჩიაშვილი

რაც შეეხება კანონპროექტთან დაკავშირებულ საკითებს, ვფიქრობ, ეს იყო არაჩვეულებრივი შესაძლებლობა რომ პრემიერ-მინისტრს თავად გაეზიარებინა ის ხედვები და საჭიროებები, რომელიც დაკავშირებულია მსგავსი ტიპის კანონპროექტის მიღებასთან. ეს არის ქვეყანა, რომელიც არის ოკუპირებული, რომელსაც აქვს უზარმაზარი გამოწვევები და ერთადერთი მექანიზმი, იმისთვის, რომ დავძლიოთ გამოწვევები, არის ის, რომ უნდა ვისაუბროთ გამჭვირვალობაზე, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისივე თქმით, გამჭირვალობა არის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი იმისთვის, რომ საქართველო იყოს წარმატებული ევროპული ქვეყანა.

 

„ტრანსფარენტულობა - ეს არის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი იმისთვის, რომ ვიყოთ წარმატებული ევროპული ქვეყანა და ჩვენ გვინდა, რომ ყველა და ყველაფერი იყოს ჩვენს ქვეყანაში გამჭვირვალე, ყველა და ყველაფერი იყოს ტრანსფარენტული, დასამალი არაფერია. ჩვენ გვინდა, რომ ეს ერთ-ერთი ღირებულება, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი, ვიტყოდი, ქვაკუთხედი და ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ევროკავშირის შიგნით, ცალსახად საქართველოშიც იყოს გამოყენებული,“- აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.