... ... hotnews.ge - პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას შევთანხმდით, რომ ეკონომიკურ, სავაჭრო და კულტურულ ურთიერთობებს განვავითარებთ - ნიკოლ ფაშინიანი

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას შევთანხმდით, რომ  ეკონომიკურ, სავაჭრო და კულტურულ  ურთიერთობებს განვავითარებთ, - ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.
“სიამოვნებით  ვმასპინძლობ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს ერევანში. 
სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი დეკლარაციის პრაქტიკული განხორციელების შესახებ ვისაუბრეთ და შევთანხმდით, რომ  ეკონომიკურ, სავაჭრო და კულტურულ  ურთიერთობებს განვავითარებთ. საუბრისას შევეხეთ  რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის საკითხებს”, - წერს ნიკოლ ფაშინიანი.

საქართველოსა და სომხეთს აქვს მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები, ჩვენი თანამშრომლობა და ურთიერთობა სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადავიდა - ლევან დავითაშვილი

საქართველოსა და სომხეთს აქვს მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები, -  ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სომხეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას, განაცხადა.

ლევან დავითაშვილის თქმით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა და ურთიერთობა სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადავიდა და შესაბამისად, კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნებს შორის ურთიერთობას სხვადასხვა მიმართულებით.

„პირველ რიგში, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სიმბოლურია  პრემიერის ერთ-ერთი პირველი უცხოური ვიზიტი ჩვენს უახლოეს მეზობელ ქვეყანაში. საქართველოსა და სომხეთს აქვს მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ჩვენი თანამშრომლობა და ურთიერთობა სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადავიდა. შესაბამისად, კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნებს შორის ურთიერთობას სხვადასხვა მიმართულებით. ეკონომიკის კუთხით სომხეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. ის არის მე-4 ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი. სავაჭრო ბრუნვა მიმდინარე წელსაც, იმედია, რომ გაიზრდება, დადებითი დინამიკით ხასიათდებოდა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სატრანზიტო კუთხით სომხური ტვირთისთვის საქართველო და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ტურისტული ბაზარი. სომხეთი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია საქართველოსთვის. საქართველო პოპულარული დანიშნულების ადგილია სომეხ ვიზიტორებს შორის და ეს კავშირები, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გრძელდება, კიდევ უფრო იმატებს დინამიკა ჩვენს ქვეყნებს შორის სხვადასხვა მიმართულებით ეკონომიკური თანამშრომლობის გათვალისწინებით“, -  აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა გახსნეს საქართველოს ახალი საელჩო, რაც არის ორ ქვეყანას შორის ძლიერი მეგობრობის ერთ-ერთი დასტური - ილია დარჩიაშვილი

ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ვიზიტი იყო, რომელიც ასევე გამოირჩეოდა იმით, რომ დღეს საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა გახსნეს საქართველოს ახალი საელჩო, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სომხეთის რესპუბლიკაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალურ ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი საელჩო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოსა და სომხეთს შორის ძლიერ და მრავალსაუკუნოვან მეგობრობას. 

„შენობა არის ჩვენი ქვეყნის საკუთრება, ახლადშეძენილი და რეაბილიტირებული. მოხარულები ვართ, რომ ძალიან კარგ შენობაში იქნება საქართველოს დიპლომატიური მისია, სადაც იმუშავებენ ქართველი დიპლომატები.  ესეც არის ერთ-ერთი გზავნილი ორ ქვეყანას შორის  ძლიერი, მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის,“- აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა.
შეხვედრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში და მრავალწლიან კეთილმეზობლურ ურთიერთობას.
აღინიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებამ ორმხრივი ურთიერთობები თვისობრივად სხვა დონეზე აიყვანა. 
ხაზი გაესვა სხვადასხვა სფეროში კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების კუთხით არსებულ პოტენციალს და მისი სრულად ათვისების მნიშვნელობას. 
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო რეგიონში მიმდინარე პროცესებს. 
პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობისადმი. 
გაფართოებული ფორმატის შეხვედრაში ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

ირაკლი კობახიძემ და ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ახალი შენობა გახსნეს

საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ახალი შენობა გახსნეს. 
ირაკლი კობახიძეს და ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი შარვაშიძემ უმასპინძლა.   
ქართულმა მხარემ შენობა 2024 წელს შეიძინა. პირველად, ქვეყანას სომხეთის რესპუბლიკაში აქვს საელჩო, რომლის შენობაც საქართველოს ეკუთვნის. ის მდებარეობს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სადაც განთავსებულია სხვა დიპლომატიური მისიების წარმომადგენლობები და მოიცავს მოქალაქეთა მისაღებს; საოფისე, საკონფერენციო სივრცეებს.
შენობის კეთილმოწყობისას დიზაინში გათვალისწინებულია ეთნიკური და კულტურული ელემენტები. სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ახალი შენობა არის მე-15, რომელიც საქართველოს საკუთრებაშია.

"სოხუმის აეროპორტი პირველ საცდელ რეისს რუსეთიდან წელს მიიღებს"- რუსეთის ეკონომიკის სამინისტრო

"აფხაზეთსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის პროექტში ინვესტიციები 12 მილიარდ რუბლს შეადგენს, პირველი საცდელი რეისი რუსეთიდან სოხუმის აეროპორტში 2024 წელს იგეგმება" - ნათქვამია რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

სამინისტრომ განცხადება "აფხაზური დელეგაციის ვიზიტის" შემდეგ გავრცელა. 

„2024 წელს, საბიუჯეტო წყაროებთან ერთად, საინვესტიციო კაპიტალი პროპორციულად მიიღებს მონაწილეობას რესპუბლიკის განვითარებაში. ერთობლივი მოქმედებების წყალობით, მხარეებმა დაიწყეს საინვესტიციო პროექტის განხორციელება აფხაზეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენის მიზნით. ინვესტიციების მოცულობის პროექტი 12 მილიარდ რუბლზე მეტია, წელს ველოდებით პირველ საცდელ რეისს რუსეთიდან სოხუმის რეკონსტრუქციულ აეროპორტში“, - განაცხადა რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ვოლვაჩმა.

ვოლვაჩის თქმით, 2024 წელს რუსეთის ფედერაციის მხრიდან "რესპუბლიკისთვის" ფინანსური დახმარების მოცულობა 5,6 მილიარდ რუბლს შეადგენს. 

ცნობისთვის, საოკუპაციო რეჟიმს, აფხაზეთის ომიდან მოყოლებული, 30 წელია სურს აამოქმედოს სოხუმის აეროპორტი. მას შემდეგ, რაც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება ოკუპირებული სოხუმის აეროპორტი რუსი ინვესტორისთვის გადაეცა, მშენებლობა აქტიურად დაიწყო.

თებერვალში ცნობილი გახდა, რომ აეროპორტის ტერიტორიაზე ძველი შენობების დემონტაჟი დაიწყეს.

პრემიერ-მინისტრმა 1915 წელს დაღუპულ სომეხთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 1915 წელს დაღუპულ სომეხთა ხსოვნას პატივი მიაგო.
სომხეთის რეპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური, დელეგაციის წევრებთან ერთად, მემორიალურ კომპლექს „წიწერნაკაბერდში“ იმყოფებოდა, სადაც დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი ურთიერთობებით სომხეთსა და საქართველოს შორის, რომელიც დინამიურად ვითარდება - ნიკოლ ფაშინიანი

ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი ურთიერთობებით სომხეთსა და საქართველოს შორის, რომელიც დინამიურად ვითარდება, -  ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართული  ბრიფინგის დროს აღნიშნა.

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის თქმით, ყველაფერი გაკეთდება, რათა ახალი ჰორიზონტები გაიხსნას ორი ქვეყნის ურთიერთობებში.

„კიდევ ერთხელ მინდა პირისპირ მივულოცო ბატონ ირაკლის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა. დარწმუნებული ვარ, რომ ბატონ ირაკლი თავისი სერიოზული დამოკიდებულებით თავის წვლილს შეიტანს ურთიერთობების გაღრმავებაში სომხეთსა და საქართველოს შორის.

6 იანვრის შემდეგ, როდესაც მე-13 სხდომა ჩატარდა მთავრობათაშორისი კომიტეტის, ამ სესიაზე ჩვენ ხელი მოვაწერეთ დეკლარაციას ისეთი ამბიციური გეგმების განსახორციელებლად, რომლებიც გულისხმობს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას. ახლა მაქვს საშუალება განვიხილო პრაქტიკული განხორციელების გზები ჩემს ახალ კოლეგასთან და ის ქმედებები, რომლებიც საჭიროა ამ დეკლარაციის განხორციელებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ აღიარებულია სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ორივე ქვეყნის. ჩვენ ასევე საუბარი გვქონდა სომხეთსა და საქართველოს შორის, რომ კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობა წარმოებდეს ჩვენს ქვეყნებს შორის. ეს არა მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის არის, არამედ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა არის მდგრადობის და ურთიერთგაგების საფუძველზე დადებული თანამშრომლობა.

წინა წელს საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ძალიან მივესალმები ამ ფაქტს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რადგან არა მარტო ჩვენს რეგიონზე აქვს გავლენა, არამედ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზეც. სომხეთის რესპუბლიკა ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროინტეგრაციას“, -  აღნიშნა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის  ურთიერთობების ნორმალიზაციაზე.

„დღეს ჩემს კოლეგას ასევე გავაცანი ის პროცესები და ჩვენი მოსაზრებები, რომლებიც შეეხება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციას. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ,  სომხეთი მზად არის, რომ  მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ყველაფერი გააკეთოს და ჩვენი პასუხისმგებლობა ვიკისროთ ამ მიმართულებით. ველით, რომ მსგავსი დამოკიდებულება იქნება მეორე მხრიდანაც. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ აზერბაიჯანთან ურთიერთობების გამოსწორებისკენ ყველა ნაბიჯს ვდგამთ. ჩვენ შევთანხმდით, რომ უმაღლეს დონეზე 3 პრინციპით ვიხელმძღვანელებთ. ალმა ატის 1991 წლის დეკლარაციის საფუძველზე, რომელიც აღიარებს ორივე ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, დელიმიტაციის პროცესს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ალმა ატის დეკლარაციის საფუძველზე კვლავ და ორივე ქვეყანას  შორის მოხდეს ურთიერთპატივისცემის საფუძველზე ურთიერთობების დალაგება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მშვიდობა და ეს პროექტი, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს მეზობელ ქვეყანას იქნება სამომავლო თანამშრომლობის საწინდარი სტრატეგიული ურთიერთობების დასალაგებლად აზერბაიჯანთან. საქართველო დაინტერესებულია არა მხოლოდ ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზაციით, არამედ პრაქტიკულადაც ცდილობს, რომ ხელი შეუწყოს ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დალაგებას.

ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო ირაკლი შეჯამების სახით მინდა ვთქვა, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი ურთიერთობებით სომხეთსა და საქართველოს შორის, რომელიც დინამიურად ვითარდება. მინდა დაგარწმუნოთ,  ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არ დავკმაყოფილდეთ არსებულით და კიდევ უფრო ახალი ჰორიზონტები გავხსნათ ჩვენს ურთიერთობებში. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ერევანში, მადლობას მოგახსენებთ ვიზიტისთვის და ამ პროდუქტიული საუბრებისთვის“, -  განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა

საქართველო მზად არის, დადებითი როლი შეასრულოს იმ პროცესებში, რომლებიც უკავშირდება ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას - პრემიერი

ჩვენ გვქონდა დეტალური საუბარი რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და ხაზი გავუსვით ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას იმ გამოწვევებთან გამკლავების კუთხით, რომელიც არის ჩვენი რეგიონის წინაშე. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობასა და მშვიდობიან  თანაცხოვრებას. იმედს გამოვთქვამ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროცესი დადებით დინამიკას შეინარჩუნებს და საბოლოო ჯამში დაგვირგვინდება სათანადო შეთანხმებით, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა კოლეგა საქართველოში მოიწვია.

„საქართველო მზად არის, რომ თავისი დადებითი როლი შეასრულოს იმ პროცესებში, რომლებიც უკავშირდება ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.

ბატონო პრემიერ-მინისტრო, ნება მომეცით, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი მადლიერება თქვენს მიმართ გულთბილი დახვედრისთვის და მინდა, კიდევ ერთხელ მოგიწვიოთ საქართველოში. ამაზე ჩვენ გვქონდა საუბარი შეხვედრის დროს, მინდა, კიდევ ერთხელ გთხოვოთ საქართველოში ჩამობრძანება. მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტები არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომმაღალ დონეზე შევინარჩუნოთ ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის და შევინარჩუნოთ ის მაღალი დინამიკა, რომელიც ახასიათებს დღეს ჩვენს პარტნიორობას.

ჩვენი ამოცანაა, გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნები და რა თქმა უნდა, ჩვენს თანამშრომლობას ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია,“- აღნიშნა პრემიერმა.

შალვა პაპუაშვილმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის 3 წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილი ჩიხი და აირჩიოს ცესკოს პროფესიული წევრები და თავმჯდომარე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ეს უცნაური წესი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, არ შემუშავებულა პარტიების დიალოგის საფუძველზე, არამედ იყო მედიატორის დაჟინებული იდეა. მისივე თქმით, აქსიომაა, რომ წესი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, უნდა შეიცვალოს.

„საზოგადოებას შევახსენებ, რომ მანამდე მოქმედი რეგულაცია - ხმების 2/3-ით ცესკოს წევრების არჩევა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სათადარიგო თავმჯდომარედ განწესება - არცერთ ქვეყანაში არ არსებობს. ისიც უნდა ითქვას, რომ ეს უცნაური წესი არ შემუშავებულა პარტიების დიალოგის საფუძველზე, არამედ იყო მედიატორის დაჟინებული იდეა, რომელმაც ფაქტია, რომ არ იმუშავა და ვერც იმუშავებდა, მით უმეტეს მომავალ არჩევნებამდე დარჩენილ დროში.

ისიც ფაქტია, რომ ოპოზიცია ამ ჩიხურ სიტუაციას არჩევნების შედეგების არაღიარების საბაბად გამოიყენებდა.

კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, უნდა შეიცვალოს. ეს აქსიომაა. ხოლო კანონი, რომლის მიერ შექმნილმა ჩიხმა შეიძლება რადიკალიზმი წაახალისოს და ქვეყანა დააზიანოს, უნდა შეიცვალოს რაც შეიძლება მალე. მიუხედავად „19 აპრილის შეთანხმების“ ანულირებისა, ჩვენ, მაინც, თითქმის სამი წელი მივეცით ამ ექსპერიმენტულ რეგულაციას იმისთვის, რომ ემუშავა. თუმცა, მოახლოებული არჩევნების წინ ფუჭ ექსპერიმენტებს ვერ დავუშვებთ.

ქართველმა ხალხმა ქვეყნის მართვის მანდატი დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად და არა მათ დასაკნინებლად მოგვანიჭა“, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.

პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე დადებული ვეტო 19 მარტს დაძლია, რის შემდეგაც პარლამენტმა კენჭი უყარა კანონპროექტის თავდაპირველ რედაქციას და მხარი დაუჭირა მის პირვანდელ ვერსიას. პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი პროექტით, ძალაში რჩება საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებები, რომლის მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და კანდიდატურებს პარლამენტს, პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს.

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას აქტიური თანამშრომლობა აკავშირებს არაერთი მიმართულებით, მათ შორის ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის სფეროებში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და დაუდასტურა საქართველოს მხარდაჭერა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისადმი. ყურადღება დაეთმო რეგიონულ პროცესებს.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიან თანაცხოვრებას და მზად არის, მომავალშიც შეასრულოს დადებითი როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა ხელს შეუწყობს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას და ორივე ქვეყანას ხელშესახებ სარგებელს მოუტანს.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

ირაკლი კობახიძემ ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში მიიწვია.

 

საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება და კიდევ უფრო მეტად ფართოვდება - ირაკლი კობახიძე

გვქონდა საუბარი ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტზე, სხვადასხვა განზომილებაზე, თანამშრომლობაზე პოლიტიკური თვალსაზრისით, ვაჭრობაზე, ეკონომიკაზე, ტრანსპორტზე, ტურიზმზე და ა.შ. რა თქმა უნდა, ყველა ამ მიმართულებით ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარება და გაღრმავება არის ძალიან მნიშვნელოვანი, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ურთიერთობები საქართველოსა და შორის დინამიურად ვითარდება და კიდევ უფრო მეტად ფართოვდება.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებიდან მალევე ვარ ოფიციალური ვიზიტით სომხეთში. მინდა, გულთბილი მადლობა გადაგიხადოთ მასპინძლობისთვის. ჩვენი ქვეყნების და ჩვენი ხალხების მეგობრობა საუკუნეებს ითვლის. ჩვენ მოვაწერეთ შეთანხმებას ხელი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რამაც ჩვენი თანამშრომლობა თვისობრივად სხვა დონეზე აიყვანა. ეს დეკლარაცია პირველ ყოვლისა მიმართულია ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისკენ, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობისკენ და დეკლარაცია ეფუძნება ჩვენს საერთო ღირებულებებს და პრინციპებს, გამოხატავს ჩვენს ურყევ მხარდაჭერას ამ ღირებულებების მიმართ.

დღევანდელ შეხვედრაზე ბატონ პრემიერ-მინისტრს, კოლეგას მადლობა გადავუხადე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის. და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ჩვენი ქვეყნის სახელით დავუდასტურე სომხეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა. ვუერთდები პრემიერ-მინისტრის კმაყოფილებას იმასთან დაკავშირებით, რომ ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის დინამიურად ვითარდება და კიდევ უფრო მეტად ფართოვდება. გვქონდა საუბარი ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტზე, სხვადასხვა განზომილებაზე, თანამშრომლობაზე პოლიტიკური თვალსაზრისით, ვაჭრობაზე, ეკონომიკაზე, ტრანსპორტზე, ტურიზმზე და ა.შ. რა თქმა უნდა, ყველა ამ მიმართულებით ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარება და გაღრმავება არის ძალიან მნიშვნელოვანი,“- განაცხადა პრემიერმა.