... ... hotnews.ge - პოლიტიკა

პარლამენტში ცესკოს თავმჯდომარეობისა და კომისიის წევრობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსი დაიწყო

პარლამენტში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და კომისიის წევრობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსი დაიწყო.

კომისიის წევრები 5 წარდგენილ კანდიდატს გაესაუბრებიან. ცნობილია, რომ კომისიის 9 წევრიდან ორმა, რომლებიც არასამთავრობო სექტორს წარმომადგენდნენ, პროცესში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

მიზეზად გამჭვირვალობის კანონი დაასახელეს, მათ სოლიდარობა გამოუცხადა სალომე ზურაბიშვილმაც, რის გამოც კომისია მისივე წარმომადგენელმაც დატოვა.

მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ამ გადაწყვეტილებით პრეზიდენტი ცესკოს წინააღმდეგ საბოტაჟს განაგრძობს.

„ეს არის უპასუხისმგებლობა და საბოტაჟი ცესკოს წინააღმდეგ“ - მდინარაძე პრეზიდენტის წარმომადგენლის გადაწყვეტილებაზე

ეს არის უპასუხისმგებლობა და საბოტაჟი ცესკოს წინააღმდეგ, - განაცხადა “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ცესკოს წევრობის კანდიდატების შესარჩევ კომისიაში პრეზიდენტის წარმომადგენლის მიერ მონაწილეობის შეჩერების შესახებ.

„ეს არის უპასუხისმგებლობა და საბოტაჟი ცესკოს წინააღმდეგ. კომისიაში პროფესიული ნიშნით არიან შერჩეულნი, იქ არიან პროფესორები, დოქტორები სამართლის და სხვა სფეროების. ამ ადამიანებმა რატომ არ დატოვეს კომისია? კანონის კითხვა არ იციან? სალომე ზურაბიშვილმა და მისმა წარმომადგენელმა იციან კანონის კითხვა და სხვამ არ იცის? ეს მხოლოდ მიზეზია, რეალურად კი ეს არის საბოტაჟი, მეტი არაფერი. ეს არის იმის ლუსტრაცია, ცესკოს ლეგიტიმაციის თემაზე რა კითხვაც უნდა დასვან და რაც უნდა იყოს ეს სიცრუის ნარატივის გაგრძელება, რასაც ცესკოსთან დაკავშირებით იკადრებენ და რაც უნდა ეკადრებინათ “შავი ფულით” მათ შორის, რის გარკვეულ პრევენციასაც ვახდენთ ამით. მათ შორის, პრეზიდენტის წარმომადგენელიც თუ ტოვებს კომისიას, ეს არის ლუსტრაცია იმისა, რომ ცესკოს საბოტაჟით არიან დაკავებულები”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ცესკოს წევრობის კანდიდატების შესარჩევ კომისიაში პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ლევან შენგელიამ საკუთარი მონაწილეობა შეაჩერა. შენგელიას განმარტებით, ეს გადაწყვეტილება სოლიდარობის ნიშანია იმ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი წევრების მიმართ, რომლებმაც გუშინდელ სხდომაზე განაცხადეს, რომ სამუშაო პროცესში, როგორც კომისიის წევრები, მუშაობას შეაჩერებდნენ.

ირაკლი ღარიბაშვილი დიდი ბრიტანეთის ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა. 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში წარმატებულ თანამშრომლობას, ასევე, პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების საკითხებს. 
ხაზი გაესვა გაერთიანებული სამეფოს მნიშვნელოვან წვლილს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში. 
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ასევე, რეგიონში და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების საკითხებსა და გამოწვევებზე.

"საქართველო ვერ იცხოვრებს პუტინის კანონებით!" - 15 აპრილს სტუდენტები პარლამენტთან აქციას გამართავენ

15 აპრილს, პარლამენტთან ჩანიშნულ აქციას რუსული კანონის წინააღმდეგ მსვლელობით სტუტენდები შეუერთდებიან. აქციის ორგანიზატორია სტუდენტური მოძრაობა თავისუფლებისთვის.  ორშაბათს, 15 აპრილს, პარლამენტში ქართული ოცნების რუსული კანონის განხილვის პარალელურად, 10 საათზე აქცია დაანონსდა.

როგორც ორგანიზტორები აცხადებენ, მსვლელობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოდან, 12:00 საათზე დაიწყება.

"ხელისუფლების ავტოკრატიული ვნებებით გაცხადებული პოლიტიკა - საქართველოს ევროპული მომავლის განეიტრალება და ქვეყნის სრული რუსეთიზაცია, ფინალურ ფაზაში შედის. მოქალაქეების შეურაცხყოფის, მოტყუების, დამცირებისა და გადაგდების შედეგად 1 წლის თავზე ისევ უკან აბრუნებენ რუსულ კანონს, რომლის რეალური მიზანიც თავისუფალი საზოგადოების ტოტალური კონტროლი, მათი სტიგმატიზაცია და გაჩუმებაა, თავისუფალი ხმის ჩახშობა, დასავლეთის მტრულ ძალად შერაცხვა, რომელიც თითქოს საქართველოში ქვეყნისთვის საფრთხისშემცველ საქმიანობას აფინანსებს.

ცივილიზებული სამყაროსგან წამოსული არაერთი მკაცრი მოწოდების მიუხედავად, რეჟიმი შარშანდლისგან განსხვავებით, ზრახვების იმპლემენტაციით იმუქრება. ერთადერთი, ვინც ეს ქმედება ჯერ-ჯერობით შეაქო, პუტინის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვია.

ყველა საღად მოაზროვნე, თავმოყვარე და პასუხისმგებლიანი მოქალაქე იაზრებს, რომ ეს არის წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთის უფლებაც ხელისუფალს არ უნდა მისცეს. საქართველოს ევროპული მომავალი ის მონაპოვარია, რომლის ხელიდან გაშვებაც უპატიებელი დანაშაული იქნება ყველასთვის. საქართველო ვერ იცხოვრებს პუტინის კანონებით!

არ დავუშვებთ იმის სისრულეში მოყვანას, რაც პუტინის რუსეთში სწორედ ამგვარი კანონით დაიწყო 2012 წელს. რეალური აგენტების ვინაობა ყველამ იცის და საზოგადოება მათ საკუთარ ადგილს მიუჩენს! ერთი კაცის ბატონობა ამ ქვეყანაში ვერ გაფორმდება!

სწორედ ამიტომ, ისე, როგორც შარშან მარტში, ამჯერადაც (15 აპრილს) სტუდენტები ქვეყნის მთავარი უნივერსიტეტის ეზოში შევიკრიბებით და ერთობლივი მსვლელობით შევუერთდებით პარლამენტში საქართველოს დეევროპიზაციისა და რუსეთიზაციის კომიტეტის სხდომის პარალელურად დაანონსებულ აქციას.

გელოდებით ყველა უნივერსიტეტის სტუდენტს, რადგან ყოველთვის, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მომენტებში, სწორედ სტუდენტობა იყო ის ძალა, რომელიც გარდამტეხ როლს ასრულება ქვეყნის მომავლის დაცვის პროცესში! არ დავთმობთ თავისუფლებას! არ დავთმობთ ევროპულ მომავალს! საქართველო არ გახდება რუსეთი!", - წერია ორგანიზატორების განცხადებაში.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა.

12 აპრილს გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ირაკლი კობახიძეს გერმანიის ფედერალური  კანცლერი ოლაფ შოლცი უმასპინძლებს.

 

დაგეგმილია შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ოლაფ შოლცი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

 

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს და გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს ბერბელ ბასს.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

 

პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია, კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილების მნიშვნელობა, რეფორმების გზაზე მიღწეული პროგრესი და რეგიონში არსებული ვითარება იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის (PSC) დელეგაციის წევრების შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროპული საბჭოს ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, რამაც ევროკავშირთან ურთიერთობა სრულიად ახალ, სტრატეგიულ დონეზე აიყვანა. აღინიშნა, რომ ქვეყნის მიზანი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდგომი პროგრესია. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერის მნიშვნელობას ამ პროცესში და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება რჩება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად.
საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობას ეკონომიკური ინტეგრაციისა და უსაფრთხოების სფეროებში. ითქვა, რომ საქართველო რჩება რეგიონში ევროკავშირის საიმედო პარტნიორად.
მხარეებმა ისაუბრეს აგრეთვე ასოცირების დღის წესრიგითა და ,,ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმებით (DCFTA) გათვალისწინებული რეფორმების თაობაზე.
შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ვითარებას.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა დელეგაციის წევრებს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის ერთგულია. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ინსტიტუტისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობას.

პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ალოკაციის შემდეგ „ქართული ოცნება“ ხმათა 60.4%-ს მიიღებდა - „გორბის“ კვლევა

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ალოკაციის შემდეგ „ქართული ოცნება“ ხმათა 60.4%-ს მიიღებდა.

კითხვაზე „პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?“ - ალოკაციის შემდეგ პასუხები ასე გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება - 60.4%
  • ენმ/სტრატეგია აღმაშენებელი - 12.6%
  • ლელო - 4.7%
  • ევროპული საქართველო - 4.5%
  • საქართველოსთვის - 3.7%
  • გირჩი მეტი თავისუფლება-დროა - 3%
  • „ახალი“ - 1.6%
  • ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი - 1,4%
  • საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 0.9%
  • მოქალაქეები - 0.6%
  • ლეიბორისტული პარტია - 0.6%
  • სხვა და არა-ალოცირებული - 6%

შენიშვნა: პარტია „ახალი“ ოფიციალურად დაფუძნდა მას შემდეგ, რაც საველე სამუშაოები უკვე დაწყებული იყო, შესაბამისად ეს პარტია კითხვის პასუხებში არ იყო მითითებული. შედეგები, რომელიც წარმოდგენილია ამ პარტიის შესახებ, ეფუძნება რესპონდენტების მიერ სპონტანურად გაცემულ პასუხებს.

საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა, „გორბიმ“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით ჩაატარა.
11-18 მარტს, ქვეყნის მასშტაბით, პირისპირი ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა 1711 რესპონდენტი, რომლის 68.4 %, ანუ 1170 სავარაუდო ამომრჩეველია.
ეს მაჩვენებელი, სავარაუდო ხმის მიცემის 2 შეკითხვაზე გაცემულ პასუხებსა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას ხმის მიცემის თვითგაცხადებული ისტორიის მიხედვით გამოვლინდა.
ცდომილების ზღვარი: +/- 3%

წყარო: იმედი 

სპორტი ყველასია და ასეთად უნდა დარჩეს, ამიტომ ჩვენი პასუხისმგებლობაა, სუბიექტურ ინტერესებზე მაღლა დავდგეთ და ქართულ სპორტსა და ხელოვნებას პოლიტიკა მაქსიმალურად ავარიდოთ - კობახიძე

კარგად გვესმის, რომ სპორტი ყველასია და ასეთად უნდა დარჩეს. ამიტომ, ჩვენი პასუხისმგებლობაა, სუბიექტურ ინტერესებზე მაღლა დავდგეთ და ქართულ სპორტსა და ხელოვნებას პოლიტიკა მაქსიმალურად ავარიდოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „ფეისბუქზე“ წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ოპოზიცია, აქტიურად ცდილობს, ქართული სპორტი და ხელოვნება საკუთარ პოლიტიკურ ჭუჭყში გასვაროს.

„ორი კვირის წინ ისტორიულმა საფეხბურთო გამარჯვებამ ქართველი ხალხი გაგვაერთიანა. ბედნიერებისა და ეროვნული სიამაყის განცდამ გააერთიანა ყველა, ვისთვისაც ძვირფასია სამშობლო, ქვეყანა, ქართული ფეხბურთი და საქართველოს გამარჯვება.

სპორტი და ფეხბურთი ყველასია. სპორტი და ფეხბურთი თანაბრად ეკუთვნის საქართველოს ყველა გულშემატკივარს, ყველა პატრიოტ ქართველს.

ქართულმა სპორტმა ბოლო წლებში უპრეცედენტო წარმატებებს მიაღწია. პირველად ისტორიაში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, პირველად ისტორიაში მორაგბეებმა 6 ერის გუნდებს მოუგეს, პირველად ისტორიაში კალათბურთის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა და მსოფლიოს 16 საუკეთესო გუნდს შორისაც მოხვდა, პირველად ისტორიაში წყალბურთის ნაკრებმა ევროპის 8 საუკეთესო გუნდს შორის დაიკავა ადგილი, პირველად ისტორიაში ხელბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა და პირველი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

როდესაც 30 წლის თავზე სპორტის ყველა ძირითად გუნდურ სახეობაში რაღაც პირველად ხდება, ეს ნიშნავს, რომ ამ ყველაფერში ხელისუფლების ძალისხმევის წილიც დიდია. თუმცა, ხელისუფლებას არასოდეს უცდია, ეს გამარჯვებები თავისთვის მიეწერა.

კარგად გვესმის, რომ სპორტი ყველასია და ასეთად უნდა დარჩეს. ამიტომ, ჩვენი პასუხისმგებლობაა, სუბიექტურ ინტერესებზე მაღლა დავდგეთ და ქართულ სპორტსა და ხელოვნებას პოლიტიკა მაქსიმალურად ავარიდოთ.

სამწუხაროა, რომ რასაც ჩვენ მაქსიმალურად ვუფრთხილდებით, საერთოდ არ უფრთხილდება ოპოზიცია, რომელიც აქტიურად ცდილობს, ქართული სპორტი და ხელოვნება საკუთარ პოლიტიკურ ჭუჭყში გასვაროს. აქედანაც ჩანს მათი დამოკიდებულება ქვეყნისა და იმ ყველაფრის მიმართ, რასაც საქართველოს იდენტობა უკავშირდება. მხოლოდ უსამშობლო ადამიანები თუ იკადრებენ იმას, რასაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ქართული სპორტისა და ხელოვნების წინააღმდეგ კადრულობენ. ეს იყო მათი ხელწერა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როდესაც კომპრომეტირებულ ხელოვანებს, სპორტსმენებს და მათი ოჯახის წევრებს საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების სამსახურში აყენებდნენ და იგივეა მათი ხელწერა დღესაც.

ამ ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ, რომელიც გულგრილი არ არის საკუთარი ქვეყნის, ქართული სპორტისა და ხელოვნების მიმართ, უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის, გახარიას და გიგაურის პოლიტიკურ ჭუჭყში ქართული სპორტისა და ხელოვნების გასვრა არ დაუშვას”, - აღნიშნავს პრემიერი.

პრემიერ-მინისტრმა მუსლიმებს რამადან ბაირამი მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის ჯუმა მეჩეთში მუსლიმებს რამადან ბაირამის დღესასწაული მიულოცა.
პრემიერმა მეჩეთში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ მუსლიმი თემი ქართული საზოგადოების განუყოფელი ნაწილია და განსაკუთრებით ძვირფასია მეგობრობის ის ტრადიცია, რომელიც საუკუნეებს ითვლის.
„მიხარია, რომ დღეს ვარ თქვენთან ერთად, ჩვენს მუსლიმ ძმებთან ერთად. მინდა გულითადად მოგილოცოთ დღევანდელი დღე, რამადანის მარხვის დასრულება, თქვენი რწმენის უდიდესი დღესასწაული, რომელსაც ყველა განსაკუთრებულად აღნიშნავთ. თქვენთან ერთად, მინდა მივულოცო საქართველოში მცხოვრებ თითოეულ მუსლიმს, ჩვენი მუსლიმი თემის თითოეულ წარმომადგენელს.
ჩვენ ვამაყობთ მრავალსაუკუნოვანი ისტორიული ურთიერთობით, ძმობით, რომელიც არის ჩამოყალიბებული ქართველ ქრისტიანებსა და საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს შორის. თქვენი უნიკალური კულტურა არის ჩვენი ქვეყნის კულტურის განუყოფელი ნაწილი.
ჩვენ საუკუნეების მანძილზე ერთად ვშრომობდით, ერთად ვიბრძოდით ჩვენი საერთო სამშობლოს კეთილდღეობისთვის, მისი წინსვლისა და განვითარებისთვის. ეს არის ის ურთიერთობა, ძმობა, რომელსაც ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით და მომავალშიც გავუფრთხილდებით. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ძალიან მიხარია დღეს თქვენთან ერთად ყოფნა. მინდა გისურვოთ კეთილდღეობა, ბედნიერება თითოეულ თქვენგანს და თქვენს ოჯახებს. გილოცავთ და უღრმესი მადლობა“, - აღნიშნა პრემიერმა.
ერთთვიანი მძიმე მარხვის შემდეგ, ქართველი მუსლიმები რამადან ბაირამს დღეს აღნიშნავენ.
თბილისის მეჩეთში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აგრეთვე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ, აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა ეტიბარ ემინოვმა, საქართველოს შეიხმა ფაიგ ნაბიევმა და დასავლეთ საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ.
მუსლიმთა სამმართველოს სულიერმა ლიდერებმა პრემიერ-მინისტრს დღესასწაულის მილოცვისთვის მადლობა გადაუხადეს და მუსლიმთა სამმართველოს სახელით სამახსოვრო საჩუქარი გადასცეს.
თბილისის ჯუმა მეჩეთში იმყოფებოდნენ აგრეთვე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ელჩს, პიტერ ფიშერს შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, პიტერ ფიშერს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრაზე საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და მრავალ სფეროში წარმატებული თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი პარტნიორობის პოზიტიური დინამიკა სხვადასხვა სფეროში კიდევ უფრო მტკიცდება.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გერმანიის ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხში ძლიერი მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ გერმანია საქართველოს მეგობარი სახელმწიფო და საიმედო პარტნიორია.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას და რეგიონში მიმდინარე პროცესებს.

 

"კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაესვა ხაზი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და უფრო მეტად განმტკიცდა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი" - პრემიერი

ევროპულმა სასამართლომ რუსეთს დააკისრა სრული პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებისა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისთვის, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებაშია აღნიშნული.

მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაესვა ხაზი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და უფრო მეტად განმტკიცდა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი. 


„საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. 
ევროპულმა სასამართლომ რუსეთს დააკისრა სრული პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებისა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისთვის. 
კიდევ ერთხელ, უმაღლეს სამართლებრივ დონეზე გამყარდა ის, რომ ევროპულ კონვენციასთან შეუსაბამო ქმედებებზე, რომელიც ე.წ ბორდერიზაციასა და ადამიანის უფლებების განგრძობით, სისტემურ დარღვევაში გამოიხატება, პასუხისმგებელი სწორედ რუსეთია. 
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაესვა ხაზი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და უფრო მეტად განმტკიცდა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი. 
მადლობას ვუხდი სახელმწიფო უწყებებს - იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, ყველას, ვინც ამ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებაში წვლილი შეიტანა, -  აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

პრეზიდენტი დღეს ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციას შეხვდება

დღეს, 11:15 საათზე საქართველოს პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციას შეხვდება. 

შეხვედრა დახურული იქნება და ინფორმაციას პრესსამსახური გაავრცელებს. ადმინისტრაცია წინასწარ არ საუბრობს რა თემებზე ისაუბრებს სალომე ზურაბიშვილი. 

ცნობილია, რომ პრეზიდენტი რუსულ კანონს ვეტოს დაადებს. მან გუშინ ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა: