... ... hotnews.ge - სპორტი

როდის დაიწყება საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისათვის ევრო 2024-ის ბილეთების გაყიდვა ?

უეფას 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვა საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრებისათვის 15 აპრილს, თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

ქართველი გულშემატკივრებისთვის ევროპის ჩემპიონატის ბილეთების შეძენა უეფას ბილეთების პორტალზე იქნება შესაძლებელი.

პორტალზე შესასვლელად საჭიროა შექმნათ პირადი გვერდი ან ასეთის არსებობის შემთხვევაში გაიაროთ ავტორიზაცია. მომხმარებლის სრულყოფილი პროფილის შესაქმნელად დაგჭირდებათ საიტზე არსებული აუცილებელი ველების შევსება: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი ან პასპორტის ნომერი, საცხოვრებელი მისამართი, მობილური ტელეფონის ნომერი და ელ-ფოსტის მისამართი.

ბილეთების გაყიდვის პროცესის დაწყებისას უეფას პორტალი მოგანიჭებთ რიგის ნომერს. რიგი ჩაირთვება 15 აპრილს, თბილისის დროით 13:00 საათზე. ერთ მომხმარებელს საქართველოს ეროვნული ნაკრების ჯგუფური ეტაპის თითოეულ მატჩზე 2 ბილეთის შეძენის შესაძლებლობა ექნება.

პორტალზე ხელმისაწვდომი იქნება ოთხი კატეგორიის ბილეთი:

პირველი კატეგორია - 200 ევრო
მეორე კატეგორია - 150 ევრო
მესამე კატეგორია - 60 ევრო
მეოთხე კატეგორია - 30 ევრო

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ როგორც Alipay-ის ელექტრონული საფულით, ისე საბანკო ბარათებით (VISA ან Mastercard). ბილეთის ფასს ბანკის მოსაკრებელი არ ემატება.

სასურველი ბილეთის შერჩევისა და შესყიდვის განსახორციელებლად, თითოეულ მომხმარებელს 15 წუთი აქვს. საბანკო ოპერაციის დასრულების შემდეგ, ბილეთის შეძენის დამადასტურებელი წერილი თქვენი პირადი პროფილის შესაბამის განყოფილებაში აისახება და თქვენს მიერ მითითებულ პირად ელ-ფოსტაზე გამოიგზავნება. თამაშის ბილეთს, მოგვიანებით, მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღებთ.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამ შეხვედრას გამართავს. 18 ივნისს დორტმუნდში, ჩვენი გუნდი თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 22 ივნისს, ჰამბურგში, საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩეხეთი იქნება. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას ჩვენი გუნდი 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.

"ყოველდღე მენატრება ჩემი სახლი, მაგრამ ახლა ვგრძნობ, რომ ჩემი სახლი იტალიაშიც არის" - ხვიჩა კვარაცხელიას ახალი ვიდეო

იტალიის საფეხბურთო კლუბი "ნაპოლი" ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას  ვიდეოს აქვეყნებს.

"ყოველდღე მენატრება ჩემი სახლი, მაგრამ ახლა ვგრძნობ, რომ ჩემი სახლი იტალიაშიც არის. ამ ქალაქში ფეხბურთით ცხოვრობენ. ისინი ბედნიერები არიან, როცა ფეხბურთს უყურებენ. ეს ისეთი განსხვავებული რამაა, რასაც სხვაგან ვერ ნახავ. ჩემთვის ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა, მე ძალიან მადლიერი ვარ", - ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.

ახალგაზრდა „ბორჯღალოსნებმა“ იტალიაში 6 ერი დაგვანახეს

მოგეხსენებათ, წლებია, საქართველოს მორაბეთა ნაკრები ამაოდ ცდილობს დაამტკიცოს, რომ 6 ერზე ასპარეზობას იმსახურებს. ევროპის რაგბის კავშირი ამტკიცებს, რომ ქართველები ამისთვის მზად არ არიან და აგერ, შანსი 18-წლამდელებს მისცეს. იტალიაში გამართულ „6 ერის ფესტივალზე“, საქართველოს ნაკრების მეტოქეები საფრანგეთი, შოტლანდია და ინგლისი იყვნენ. სპეციალისტების აზრით, სამივე ნაკრებთან, უმცროსი „ბორჯღალოსნები“ უშანსოდ დამარცხდებოდნენ, მაგრამ ქართველებმა ფრანგებს მოუგეს, შოტლანდიას და ინგლისს კი ტოლ-სწორად ეთამაშნენ და დასანანი მარცხი იწვნიეს.

„ის, რაც ქართველებმა გააკეთეს, სასწაული იყო და არავინ ელოდა. 18-წლამდელთა თაობამ დაგვანახა, რომ ისინი 6 ერისთვის მზად არიან და 2-3 წელიწადში, ამ ბიჭებს, დიდ ნაკრებში დაუძახებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მარტივად შეძლებენ, 6 ერის ყველა წარმომადგენელს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიონ. ამიტომ, დროა, ევროპული რაგბის კავშირი დაფიქრდეს და საქართველო 6 ერში მიიღოს“, - წერს ევროპული მედია და თუ ასე მოხდება, ეს ქართული რაგბისთვის უდიდესი წინსვლა იქნება, ისეთი, როგორიც აქამდე, პრაქტიკულად, არ გვქონია.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე

თოფურია მესის შეხვდა

MMA-ს ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია ამერიკაში იმყოფება. ის შტატებში ყველაზე პოპულარული კლუბის, „ინტერ მაიამის“ ბაზას ეწვია და ამ გუნდის ლეგენდებს - ლიონელ მესის, ხორდი ალბას, ლუის სუარესს და სერხიო ბუსკეტს შეხვდა. მოგეხსენებათ, აღნიშნული კლუბის მფლობელი დევიდ ბექჰემია, ხოლო კარიერის დასრულების შემდეგ, აქციების 10%-ს ლიონელ მესიც მიიღებს.

„მესისთან შეხვედრა ოცნება იყო. ეს ადამიანი ლეგენდაა და ჩემთვის მისაბაძი მაგალითია“, - დაწერა ქართველმა მებრძოლმა სოციალურ ქსელში.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე

ხვიჩა კვარაცხელია საგოლე პასით დაბრუნდა - „ნაპოლიმ“ „მონცას“ მოუგო და ევროზონას მიუახლოვდა

ხვიჩა კვარაცხელია მცირე ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა, „ნაპოლი“ კი სერია A-ში „მონცას“ დაუპირისპირდა და მეორე ტაიმში ნაჩვენები კარგი ფეხბურთის ხარჯზე 4:2 გაიმარჯვა.

იტალიის ჩემპიონატის 31-ე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ლიდერი ძირითად შემადგენლობაში იყო და 68 წუთი ითამაშა. ხვიჩამ პირველ ტაიმში სცადა გატანა, მაგრამ მცველები გადაეფარნენ და მისი დარტყმა დაბლოკეს.

„მონცა“ მე-9 წუთზე ბოსნიელი თავდამსხმელის, მილან ჯურიჩის გოლით დაწინაურდა. „ნაპოლის“ მე-40 წუთზე ანგარიშის გათანაბრების მშვენიერი შანსი მიეცა – ვიქტორ ოსიმენმა მეკარესთან იბრძოლა, ბურთი კვარაცხელიასთან მივიდა, მაგრამ მისი დარტყმა მიკელე დი გრეგორიომ მოიგერია და მასპინძლები გადაარჩინა.

მეორე ტაიმში „ნაპოლიმ“ თამაში შემოატრიალა. 55-ე წუთზე ოსიმენი მაღლა ახტა და შესანიშნავი თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა, ორ წუთში მატეო პოლიტანომ ნეაპოლელები დააწინაურა, ხოლო 61-ე წუთზე კვარაცხელიას ასისტით პიოტრ ჟელინსკიმ სტუმართა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.

მართალია, ანდრეა კოლპანიმ (62) სხვაობა შეამცირა, თუმცა ჯაკომო რასპადორიმ (68) „ნაპოლის“ ორბურთიანი სხვაობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„ნაპოლიმ“ სერია A-ში გამართული 31 ტურის შემდეგ 48 ქულა დააგროვა და ევროზონასთან ჩამორჩენა ორ ქულამდე შეამცირა, ხოლო ჩემპიონთა ლიგამდე 10 ქულა აშორებს. ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე კი 10 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

UFC-ის ჩემპიონი ჯონ ჯონსი პოლიციამ დააკავა

მძიმე წონაში UFC-ის მოქმედი ჩემპიონი ჯონ ჯონსი მორიგ სკანდალში გაეხვია. ამერიკულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ჩემპიონი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო, როცა დოპინგტესტის ოფიცერს მოკვლით დაემუქრა და მობილური ტელეფონი წაართვა. ქალაქ ალბუკერკეს პოლიცია მომხდარ ფაქტს იძიებს.

აღსანიშნავია, რომ ჯონ ჯონსს წარსულშიც არაერთხელ დაურღვევია კანონი და დოპონგტესტების ჩატარებაზეც ხშირად ამბობდა უარს.

ჯონ ჯონსს 27 ორთბრძოლა აქვს მოგებული და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. თუმცა ჯონსი რეალურად არავის დაუმარცხებია და სტატისტიკის გრაფაში ერთადერთი წაგება დისკვალიფიკაციის გამო აქვს.

გუდაური სნოუბორდში ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს

პირველად საქართველოს ისტორიაში, 6-7 აპრილს გუდაურში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება სნოუბორდში. ღონისძიება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS) გაიმართება, რომელშიც მსოფლიოს წამყვანი 18 ქვეყნის (შვეიცარია, ავსტრალია, კანადა, ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, საფრანგეთი გერმანია, უნგრეთი, იტალია, იაპონია, ნიდერლანდები, ნორვეგია, რუმინეთი, სლოვაკეთი, უკრაინა, აშშ და საქართველო) 21 წლამდე ასაკის 80 სპორტსმენი იასპარეზებს.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მხრიდან ღონისძიებას დაესწრებიან და საორგანიზაციო პროცესებში მონაწილეობას მიიღებენ შეჯიბრის დირექტორი პიტერ კროგელი და ტექნიკური დელეგატი რიკარდო კიმინაცო.

ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში პირველად ტარდება. მიმდინარე წლის 3-4 თებერვალს, გუდაურმა, მსოფლიო თასის ეტაპს სნოუბორდ კროსის დისციპლინაში წარმატებით უმასპინძლა. საქართველო მსოფლიოს ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა და მსოფლიო სპორტულ რუკაზე კვლავ საპატიო ადგილი დაიკავა. სნოუბორდ კროსის დისციპლინაში წარმატებით ჩატარებულმა მსოფლიო თასმა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ყურადღება ჩვენი ქვეყნისადმი ისევ მიიპყრო. სწორედ ამიტომ, გუდაური საერთაშორისო დონის შეჯიბრების ჩასატარებლად კიდევ ერთხელ შეირჩა, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე საორგანიზაციო კუთხით.

ღონისძიება პირველად 1997 წელს, იტალიაში ჩატარდა. შემდეგ კი მასპინძლები იყვნენ ისეთ ქვეყნები, როგორიცაა: ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია, შვეიცარია, შვედეთი და სხვა, 2024 წელს კი საქართველომ მოიპოვა ახალგზარდული მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელობის უფლება.

 

ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერთან დაკავშირებით „ნაპოლის“ პრეზიდენტი პროკურატურამ დაკითხა

იტალიური „ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი რომის პროკურატურაში ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერთან დაკავშირებით დაკითხეს, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

პროკურატურას ეჭვი აქვს, რომ 2020 წელს ფრანგული „ლილიდან“ „ნაპოლიში“ ნიგერიელი თავდამსხმელის ტრანსფერი რამდენიმე რეგულაციის დარღვევით განხორციელდა და იტალიურმა კლუბმა კანონდარღვევით სცადა ფინანსური სარგებლის მიღება.

ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერი „ნაპოლის“ ოფიციალურად 71 მილიონი ევრო დაუჯდა. 50 მილიონი „ლილმა“ პირდაპირ მიიღო, ხოლო დარჩენილი თანხა რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელის ტრანსფერში უნდა დაბანდებულიყო, თუმცა მათ პროფესიონალურ დონეზე არ უთამაშიათ.

ჯერ უცნობია, დაისჯება თუ არა „ნაპოლი“. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ფინანსური დანაშაულის გამო ტურინის „იუვენტუსს“ ქულები დააკლეს, ხოლო კლუბის რამდენიმე წარმომადგენელს საფეხბურთო საქმიანობა დროებით აეკრძალა.

კობი ბრაიანტის 2000 წელს მოგებული საჩემპიონო ბეჭედი რეკორდულ ფასად გაიყიდა

2000 წელს NBA-ის ფინალებში “Los Angeles Lakers-მა” “Indiana Pacers-ი” 4-2 დაამარცხა, შედეგად კი ლეგენდარულმა კობი ბრაიანტმა თავისი პირველი საჩემპიონო ბეჭედი მიიღო. დაახლოებით ორი კვირის წინ, სააუქციონო სახლმა Goldin-მა გასაყიდად სწორედ აღნიშნული ბეჭდის ორიგინალი ვერსია გამოიტანა, რომელიც კობი ბრაიანტმა საკუთარ მამას, ჯო ბრაიანტს უსახსოვრა.

თავდაპირველად ჯომ ბეჭედი 2013 წელს 173 ათას დოლარად გაყიდა, რაც მაშინ რეკორდულ თანხად მიიჩნეოდა. 26 მარტს ცხადი გახდა, რომ ხელახლა გასაყიდად გამოტანილი ბეჭედი საკუთარ რეკორდს გააუმჯობესებდა, რადგან სააუქციონო სახლმა 184 ათასიანი შეთავაზება მიიღო.


აუქციონის უკანასკნელ დღეს Goldin-მა 19 შეთავაზება მიიღო, საიდანაც უკანასკნელი გამარჯვებული მყიდველის შეთავაზებულმა თანხამ 927 ათასი დოლარი შეადგინა.შედეგად ბეჭედი გახდა ყველაზე ძვირად გასხვისებული კობი ბრაიანტის ნივთი, რაც კი ოდესმე საჯაროდ გასაყიდად გამოუტანიათ.
აქამდე რეკორდის მფლობელი ბილ რასელი იყო, რომლის 1957 წელს მოგებული საჩემპიონო ბეჭედი 2021 წელს 705 ათას დოლარად გაიყიდა.

თუკი მხედველობაში ყველა სპორტის სახეობას მივიღებთ, რეკორდის მფლობელი ნიუ იორკული ბეისბოლის კლუბ “Yankees” მოთამაშე ბეიბ რუთია. 2017 წელს ბეისბოლის ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშის 1927 წლის საჩემპიონო ბეჭედი სააუქციონო სახლმა Lelands-მა 2,1 მილიონ დოლარად გაყიდა.

ბრაიანტის ბეჭედზე, რომელიც 14 კარატიანი ოქროსგანაა დამზადებული და რომელშიც 40 ბრილიანტის თვალია განთავსებული, ჯამში 43 შეთავაზება შევიდა, თუმცა მყიდველმა საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა.

EURO 2024-ისთვის Georgian Airways-ის ავიაბილეთების გაყიდვა იწყება

Georgian Airways-მა დღეს, 13:00 საათიდან ევრო 2024-ისთვის დანიშნულ სპეციალურ პირდაპირ ფრენებზე ავიაბილეთების გაყიდვა დაიწყო – ბილეთების ფასი 295 ევროდან იწყება. როგორც „პუბლიკას” ავიაკომპანიაში უთხრეს, ეს ერთი ბილეთის ფასია.

პირდაპირი ფრენები შესრულდება შემდეგი განრიგით:

  • თბილისიდან დორტმუნდში 17 ივნისს (გამოფრენა დორტმუნდიდან თბილისში 19 ივნისს);
  • თბილისიდან ჰამბურგში – 21 ივნისს (გამოფრენა ჰამბურგიდან თბილისში 23 ივნისს);
  • თბილისიდან დუსელდორფში 25 ივნისს (გამოფრენა დუსელდორფიდან თბილისში 27 ივნისს).

ავიაკომპანიის ცნობით, ავიაბილეთები ხელმისაწვდომი იქნება ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე, გაყიდვების ოფისებსა და პარტნიორ სააგენტოებში – სპეციალურ რეისებზე ავიაბილეთები დაბრუნებას არ ექვემდებარება.

 

წყარო: "პუბლიკა"

ქართველი გულშემატკივრებისთვის გამოყოფილი ბილეთების გაყიდვა უეფას ბილეთების ოფიციალური პორტალის საშუალებით წარიმართება

ქართველი გულშემატკივრებისთვის გამოყოფილი ბილეთების გაყიდვა უეფას ბილეთების ოფიციალური პორტალის საშუალებით წარიმართება. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

„უპირველესად, კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ისტორიულ გამარჯვებას! როგორც იცით, ევროპის ჩემპიონატზე საქართველო ერთადერთი დებიუტანტი ქვეყანაა. ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემდეგ, უეფას ევროპის ჩემპიონატის წარმომადგენლებთან აქტიურ ფაზაში გადავიდა სამუშაო პროცესი სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხთან დაკავშირებით.

როგორც მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატი უეფას ეგიდით ტარდება. შესაბამისად, ბილეთების რეალიზაცია მათი უშუალო ჩართულობით იმართება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საბოლოო დეტალების დაზუსტება ბილეთების გაყიდვის პროცედურასთან დაკავშირებით.

ბილეთების გაყიდვა უეფას ბილეთების ოფიციალური პორტალის საშუალებით წარიმართება. უახლოეს დღეებში, უეფასგან დეტალური ინფორმაციის მიღების შემდეგ, ფეხბურთის ფედერაცია სრულ ინფორმაციას მიაწოდებს გულშემატკივარს საქართველოსთვის განკუთვნილი ბილეთების რეალიზაციასთან და თარიღთან დაკავშირებით.

მადლობა მხარდაჭერისთვის, კიდევ ერთხელ გილოცავთ ისტორიულ გამარჯვებას და შევხვდებით გერმანიაში!“ - აღნიშნულია განცხადებაში.

თუ კვარაცხელია კონტრაქტს გაახანგრძლივებს, მისი ხელფასი გასამმაგდება-Forbes

ამერიკული გამოცემა Forbes-ის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ იტალიური ნაპოლის ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია კლუბთან ახალ კონტრაქტს ხელს მოაწერს, მისი ხელფასი გასამმაგდება.

"ამჟამად, ნაპოლიში ხვიჩა კვარაცხელიას წლიური ანაზღაურება 1.6 მილიონი დოლარია, რომელიც, შესაძლოა, 4.8 მილიონ დოლარამდე გაიზარდოს, თუ ის კონტრაქტს გაახანგრძლივებს". - წერს Forbes.

კვარაცხელიას ნაპოლისთან კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს, თუმცა, გამოცემის ინფორმაციით, სავარაუდოა, რომ ამ შეთანხმებას კიდევ 1 ან 2 წელი დაემატება.

ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიში 2022 წელს გადავიდა. ამ დრომდე, მან კლუბში 61 მატჩი ჩაატარა და 22 გოლის გატანა მოახერხა.