... ... hotnews.ge - საზოგადოება

ნახეთ, სად შეიზღუდება მოძრაობა 10 დღით

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობიტ, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა მიმართულება),  დაზიანებული კონსტრუქციული ნაწილის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, ამის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე 10 დღის განმავლობაში ერთ სამოძრაო ზოლზე, დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებაზე, მოძრაობა შეიზღუდება.

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ყველა ტიპის ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

უწყება წერს, რომ ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

Facebook ხარვეზებით მუშაობს

Facebook ხარვეზებით მუშაობს - როგორც Downdetector-ზე მომხმარებელთა 45% წერს, მათ აპლიკაციაში შესვლის პრობლემა აქვთ, 32%-ს ხარვეზები ვებგვერდის ვერსიაში უფიქსირდება, 23% კი სოციალურ ქსელში იდენტიფიკაციის გავლას ვერ ახერებს. 

კომპანიას ამ დროისთვის ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.

ქობულეთში, კორპუსის ხარაჩოდან მუშა ჩამოვარდა

ქობულეთში, კორპუსის ხარაჩოდან მუშა ჩამოვარდა - ინფორმაციას რეგიონული გამოცემა TV25 ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა დასაქმებული ფასადის სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა. 

დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. მას ჭრილობა თავის არეში აღენიშნება.  

ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი უწყებები.  ჯერჯერობით უცნობია, იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების ნორმები სამშენებლო ობიექტზე.

Silknet-დან მონაცემებმა გაჟონა - საუბარია 33 000 ადამიანის პირადობის მოწმობის ასლზე

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, სატელეკომუნიკაციო კომპანია Silknet-დან დიდი მოცულობის მონაცემებმა გაჟონა. კერძოდ, მათი ცნობით, საუბარია 33 000 ადამიანის პირადობის მოწმობის ასლზე, რომლებიც ინტერნეტში არალეგალური გზით გავრცელდა.

ფორმულა დაუკავშირდა კომპანიას, თუმცა გვითხრეს, რომ საკითხთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ინფორმაციას არ ფლობენ. 

რადიო თავისუფლება წერს, რომ Silknet-დან გაჟონილი მონაცემები პლატფორმაზე, სადაც თავდაპირველად აიტვირთა, უკვე წაშლილია, თუმცა უცნობია, არსებობს თუ არა მონაცემთა ასლები.  

ფორმულას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში უთხრეს, რომ საკითხის შესწავლა დაიწყეს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში ამბობენ, რომ საკითხს ორი მიმართულებით სწავლობენ: მონაცემთა უსაფრთხოების ზომების დაცვასთან დაკავშირებით და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის ინციდენტის შეტყობინების ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით.

ფორმულა დეტალების გარკვევას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ცდილობს, თუმცა უწყებაში არ გვპასუხობენ.

მონაცემთა გაჟონვა არის შემთხვევა, როცა კომპანიის შიგნით დაცული ინფორმაცია მესამე პირს კომპანიის გვერდის ავლით, ავტორიზაციის გარეშე გააქვს. ეს მონაცემები შეიძლება შეიცავდეს პერსონალურ, საკრედიტო-საფინანსო ან სხვა საკითხებთან დაკავშირებულ ინფორმაციასაც.

 

Tbilisi Open Air 2024-ის შემსრულებელთა სია ცნობილია

Tbilisi Open Air 2024-ის შემსრულებელთა სია ცნობილი გახდა. წელს სცენაზე ისეთ შემსრულებლებსa და ჯგუფებს ვიხილავთ, როგორებიცაა Aurora, M.I.A, Masego, La Femme და სხვები. ფესტივალი, 21-დან 23 ივნისამდე, ისევ ლისი Wonderland-ში გაიმართება.

უცხოელ მუსიკოსებთან ერთად, ფესტივალში მონაწილეობას ქართველი შემსრულებლებიც მიიღებენ, რომელთა შორის არიან: MokuMoku, AVARA, Killages, Loudspeakers და სხვები.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

20 მარტს ქუთაისში +12 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმს. დღისით +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5. ბათუმში დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

ფოთში დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს. ნალექიანი დღეა ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი. +11 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში თოვლიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ჭიათურაშიც წვიმს. დღე +10 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -4 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია ნალექი.

ბორჯომშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +6 იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -8 გრადუსი დაფიქსირდება. მოთოვს.

გორში დღისით +11 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გუდაურში მოთოვს, დღე +5 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +4, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი.

ლაგოდეხში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით წვიმიანი ამინდი და +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით +12 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

რუსთავში დღისით +13 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +13 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.

ბლოგერი არჩიბალდ მეკეში სახალხო დამცველს გამოხატვის უფლების შეზღუდვისა და დისკრიმინაციის დადგენის მოთხოვნით მიმართავს

ბლოგერი და ჟურნალისტი არჩიბალდ მეკეში სახალხო დამცველს მიმართავს და გამოხატვის უფლების შეზღუდვასა და დისკრიმინაციის დადგენას ითხოვს.

როგორც ბლოგერი ამბობს, კომპანია Meta-მ „მედიის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელის, თამარ კინწურაშვილის სტატიის საფუძველზე, მისი ორი პოსტი მანიპულაციად მონიშნა, რამაც დააზიანა მისი საქმიანი რეპუტაცია.

მისივე განმარტებით, „პოსტები ეხებოდა სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოს, სადაც შეყვანილია ინტიმური ტანსაცმლის ბრენდის მწარმოებელი ქალი, როგორც წარმატებული ბიზნესმოდელი“.

„პოსტში ვწერდი, რომ ამას ასწავლიან სკოლაში და ამაზეა აგებული თამარ კინუწრაშვილის აბსურდი სტატიაში. შეიძლება, კინწურაშვილი არ მეთანხმებოდეს, მაგრამ მე მაქვს კრიტიკული აზრის გამოხატვის უფლება. არაფერი ქსენეფობიური არ დამიწერია, ისიც არ დამიწერია, რასაც სტატიაში წერს კინწურაშვილი, თითქოს გარყვნილების პროპაგანდად ვცდილობ ფაქტის წარმოჩენას. მე მაქვს „მეტასთან“ პირდაპირი კომუნიკაცია და ვითხოვ კონტრაქტის გაწყვეტას კინწურაშვილის ორგანიზაციასთან. ასეთი მსჯელობების საფუძველზე თუ ხდება საჯარო სივრცეში დისკუსიების შეზღუდვა, ეს ნიშნავს, რომ ეს ორგანიზაცია ჩასახსნელია. მე სახალხო დამცველს გუშინ მივმართე, ჩაიბარეს წერილი. „მეტადან“ დღეში რვაჯერ მირეკავენ და მიხვდნენ, კინწურაშვილმა რა შარში გახვია მთელი კომპანია“, – ამბობს არჩიბალდ მეკეში.

არჩიბალდ მეკეშს უპასუხეს „მედიის განვითარების ფონდში“. როგორც ორგანიზაციის წერილობით პასუხშია აღნიშნული, არჩიბალდ მეკეშთან დაკავშირებით მასალა „როგორ მანიპულირებს არჩიბალდ მეკეში სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოში არსებული ჩანაწერით“ პლატფორმა „მითების დეტექტორმა” 12 მარტს მოამზადა.

„აღნიშნული სტატია Meta-სთან მესამე მხარის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა, რაც ყალბი და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გადამოწმებას გულისხმობს. „მითების დეტექტორის” მიერ მანიპულაციური შინაარსის შემცველი პოსტების მონიშვნის, ანუ ვერდიქტის მინიჭების შედეგად, აღნიშნული პოსტის ავტორსა და იმ ადამიანებს, რომლებმაც მოცემული კონტენტი ან გააზიარეს, ან მის გაზიარებას ცდილობენ, Facebook-ი შესაბამის გაფრთხილებას უგზავნის. თუმცა, აღსანიშნავია, რომ Meta-ს მიერ მესამე მხარის ფაქტების გადამოწმების პროგრამა არ ითვალისწინებს რომელიმე პოსტის, ანგარიშისა თუ გვერდის წაშლას ან დაბლოკვას. „მითების დეტექტორის” შესწორებისა და საჩივრების პოლიტიკის თანახმად, ნებისმიერ მომხმარებელს აქვს საშუალება, მიმართოს რედაქციას მომზადებული მასალისა და ვერდიქტის გადახედვის მიზნით“, – აცხადებენ „მედიის განვითარების ფონდში“.

თბილისში, ნინოშვილის ქუჩაზე, სახლის კედელი ჩამოინგრა

თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ნინოშვილის 48 ნომერში სამსართულიანი სახლის საყრდენი კედელი ჩამოინგრა. ნგრევის მომენტში ადგილზე გამგეობის მიერ დაქირავებული კომპანიის 3 თანამშრომელი მუშაობდა, რომლებსაც შენობაში საკანალიზაციო მილები უნდა მოეწყოთ. 

მოსახლეობა ამბობს, რომ "სამი ადამიანი შემთხვევით გადარჩა". მათ ამ დრომდე არ იციან, უსაფრთხოა თუ არა სახლებში დაბრუნება და გაუძლებს თუ არა კონსტრუქცია საყრდენი კედლის დაზიანების შემდეგ. ნგრევის შედეგად 30-მდე ოჯახი უსახლკაროდ რჩება. სავარაუდოდ, მათ დროებით სასტუმროებში გადაიყვანენ.

მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები, პოლიციელები, გამგეობისა და თბილისის მერიის წარმომადგენლები.

ადგილობრივების განცხადებით, სახლს ჰქონდა პრობლემა, რომლის შესახებაც "ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერს" რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა მათგან სათანადო რეაგირება არ მიუღიათ.

 

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ყველა ტიპის ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

 

ილია თოფურია "ბერი ანდრიას ფონდს" ესტუმრა და ფონდის შვილობილები მოინახულა

ილია თოფურია "ბერი ანდრიას ფონდს" ესტუმრა და ფონდის შვილობილები მოინახულა. 

ჩემპიონი ფონდის კეთილი ნების ელჩია, მან გამარჯვებისთვის მიღებული თანხით ერთ-ერთი შვილობილის ოპერაცია დააფინანსა. 

"MMA-ის ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციის ქვემსუბუქი წონის UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი ილია “EL Matador” თოფურია, როგორც კეთილი ნების ელჩი, განაგრძობს ფონდთან აქტიურ თანამშრომლობას და მუდმივად ეხმარება სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების მკურნალობასა და რეაბილიტაციას! "ბერი ადრიას ფონდი" და დედა თინათინი გულწრფელ მადლობას უხდის ჩემპიონს თანადგომისათვისა და კეთილ საქმეში მონაწილეობისთვის!" - წერს ფონდი.

ისტორიის მძარცველებს ორ ადგილზე ამოუთხრიათ ყორღანის შიდა სივრცე - არქეოლოგი წალკაზე

ეროვნული მუზეუმის არქეოლოგი, გოდერძი ნარიმანიშვილი ამბობს, რომ წალკის წყალსაცავის ტერიტორიაზე, ორ ადგილზე ამოთხრილი დახვდათ ყორღანის შიდა სივრცე. მისი თქმით, 1999 წლიდან ყოველ წელს ჩადის წლისაგან დაცლილი წყალსაცავის ტერიტორიის დასათვალიერებლად.

არქეოლოგი წერს, რომ 2024 წლამდე ყველა არქეოლოგიური ობიექტი ხელუხლებელი ხვდებოდათ, წლევანდელმა მონიტორინგმა კი აჩვენა, რომ "ისტორიის მძარცველები" ამ ადგილამდეც მივიდნენ.

არქეოლოგი განმარტავს, რომ მე-20 საუკუნის 30-40-იან წლებში მომავალი წყალსაცავის ტერიტორიაზე არაერთი ყორღანი გაითხარა, იქ აღმოჩენილი მასალები კი ეროვნული მუზეუმის მუდმივ გამოფენაზეა წარმოდგენილი. ნარიმანიშვილი თქმით, თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ ძირითადი აღმოჩენები ადგილზე უკვე გაკეთებული იყო, თუმცა 1999 წელს, როცა ზამთარში წყლის დონემ მაქსიმალურად დაიწია, კიდევ მრავალი არქეოლოგიური ძეგლი ნახეს, გამოვლინდა რამდენიმე სრულიად ახალი ყორღანი და სამაროვანი.

"2024 წლამდე ყველა არქეოლოგიური ობიექტი ხელუხლებელი გვხდებოდა. წლევანდელმა მონიტორინგმა კი აჩვენა, რომ ჩვენი ისტორიის მძარცველებმა, რომლებიც მეტალოდეტექტორებით არიან აღჭურვილი, აქამდეც მოაღწიეს. საქართველოში არაერთგან შემხვედრია მათი ნაკვალევი, მაგრამ წალკის წყალსაცავმა გვიჩვენა, რომ ისინი უკვე მძიმე ტექნიკითაც შეიარაღდნენ და, შესაბამისად უფრო საშიში გახდნენ. ფოტოებზე კარგად ჩანს, რომ მძარცველები აქ დიდთოვლობის დროს მოსულან, თოვლი, ტექნიკის საშუალებით, გადაუცლიათ ყორღანისათვის და ორ ადგილზე ამოუთხრიათ ყორღანის შიდა სივრცე. ალბათ დროა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ან ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტებზე მეტალოდეტექტორებით ძიება და არტეფაქტების მოპოვება კანონით დარეგულირდეს", - წერს არქეოლოგი სოციალურ ქსელში.