... ... hotnews.ge - საზოგადოება

ნონა გაფრინდაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას საჩუქრად საკოლექციო ჭადრაკიდან მეფის ფიგურას გადასცემს

მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდამ, ნონა გაფრინდაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა, თუ რა საჩუქარი აქვს მომზადებული ხვიჩა კვარაცხელიასთვის.

იგი ხვიჩა კვარაცხელიას საჩუქრად საკოლექციო ჭადრაკიდან მეფის ფიგურას გადასცემს, რასაც სიმბოლური დატვირთვა ექნება.

„როდესაც ხვიჩას დაბადების დღე იყო, მაშინ მე ვიდეომიმართვა ჩავწერე და აზრი მომივიდა.

აგერ, ჩემს წინ არის ჭადრაკი, რომელიც ქართულ ცეკვას წარმოადგენს. ეს ჭადრაკი საკოლექციოა, რომელიც ჩვენმა ოჯახმა გამოუშვა. მე უფრო ვუწოდებ „აცეკვებულ ფიგურებს“, რადგან ნებისმიერი ფიგურა, რომელიც ჭადრაკის დაფაზეა, ცეკვის ილეთს წარმოადგენს, ქართული ცეკვის შესაბამისი სამოსით. სავსებით უნიკალურია.

როდესაც ვიდეო მიმართვა ჩავწერე, ასეთი აზრი მომივიდა, რომ მსურდა, ბარემ საჩუქარი გამეკეთებინა, რადგანაც ეს ჭადრაკი მაქვს. რამდენიმე სასაჩუქრე ფიგურა მქონდა და მეფე ავიღე. რატომ მეფე? ამას სიმბოლური დატვირთვა მივეცი. იმდენად ბრწყინვალე თამაში უჩვენა მთელი სეზონი და ახლაც მშვენიერ ფორმაშია და იმავეს აგრძელებს. მომავალშიც მისგან დიდ წარმატებებს ველით.

ჭადრაკის დაფაზე მეფე ძირითადი ფიგურაა და მინდა, ასეთი ძირითადი ფიგურა ყოფილიყოს ყოველთვის, როცა ის მოედანზე გამოვა. ასეთი სიმბოლური დატვირთვა აქვს“, - განაცხადა გაფრინდაშვილმა.

პირადობის მოწმობაში შეცდომა გაქვთ? - ახალი კანონი გამოასწორებს

ვისაც პირადობისა და დაბადების მოწმობებში სხვადასხვა თარიღი უწერია, 1 აპრილიდან შეუძლია ახალ პირადობის მოწმობაში პირდაპირ ის ჩააწერინოს, რაც ძველშია მითითებული.

თამარი 1949 წლის 13 დეკემბერს დაიბადა, შეიძლება 14-შიც, ღამის 12 საათის მერე გაჩნდა თუ მანამდე, ოჯახში კარგად არც ახსოვთ. ბავშვისთვის დაბადების მოწმობა რომ აიღეს, დედამ იანვარი ჩააეწერინა. პირადობის მოწმობაში შეცდომის გამო, იანვარი თებერვლად იქცა. ამის შემდეგ მის ერთ დოკუმენტში დაბადების ერთი თარიღი იყო მითითებული, მეორეში - მეორე.

„თურქეთში მინდა წავიდე სამოგზაუროდ და ბიომეტრიული პირადობის აღება დამჭირდა. დოკუმენტებში თარიღები რომ გასასწორებებლი იყო, ეს ისედაც ვიცოდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სახელშიც შეცდომაა, სოფლის საბჭოს ჟურნალში სხვა მიწერია (თამარა), პირადობაში - სხვა (თამარი). ესეც გასასწორებელი გახდა“, - ამბობს თამარი, რომელიც ახალი პირადობის მოწმობის მიხედვით უკვე 13 იანვარს დაბადებული თამარაა.

ახალი სახელის მიხედვით გაასწორეს სხვა დოკუმენტებიც, უძრავი ქონების მფლობელობის დამადასტურებელი საბუთები. ამ ყველაფერს იუსტიციის სახლში განცხადების დაწერა და ორკვირიანი პროცედურა დასჭირდა. ფული - არა, თუ არ გავითვალისწინებთ უშუალოდ ახალი პირადობის მოწმობის საფასურს, რომლის ღირებულებაც იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფად სურს ადამიანს მისი მიღება. გააგრძელეთ კითხვა

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

25 მარტს ქუთაისში +18 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8. ბათუმში დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღეა ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. +16 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში თოვლიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +5 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ჭიათურაშიც წვიმს. დღე +13 გრადუსი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია ნალექი.

ბორჯომშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +13 იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -6 გრადუსი დაფიქსირდება. მოთოვს.

გორში დღისით +14 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +13 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გუდაურში მოთოვს, დღე +3 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -7 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +5, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი.

ლაგოდეხში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით წვიმიანი ამინდი და +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით +13 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

რუსთავში დღისით +13 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +14 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.

რა უნდა ვიცოდეთ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის ADHD- ის შესახებ

ADHD, ანუ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი გვხვდება ბავშვებში, თინეიჯერებში და ხანდახან მოზრდილებში.

ეს არის აბრევიატურა და იგი  ქართულად ასე ითარგმნება ითარგმნება: ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი, რომელიც ნეირობიოლოგიურ და ქცევით, ანუ ბიჰევიორალურ დარღვევას წარმოადგენს. მისი გამომწვები მიზეზები დაუზუსტებელია, თუმცა დიდი მნიშვნელობა ენიჭება გენეტიკას, პერინატალურ რისკ-ფაქტორებს და ნაყოფის მცირე წონას დაბადებისას. ADHD_სთვის დამახასიათებელია: 

1. ყურადღების კონცენტრაციის დეფიციტს (უყურადღებობა, გონებაგაფანტულობა);
2. იმპულსურობას (უნებლიე ქცევის შეჩერებისა და გაკონტროლების სირთულე)
3. ჰიპერაქტივობას (მოტორული მოუსვენრობა, ჭარბი მოძრაობები). მას ხშირად ერთვის ემოციური მოუმწიფებლობა, აგრესიულობა და დაბალი აკადემიური მოსწრება.

არ არის აუცილებელი ჩამოთვლილ სიმპთომთაგან ყველა იყოს მოცემული. შესაძლოა, გვქონდეს მხოლოდ პირველი სიმპტომი.

ADHD_ში გაერთიანებულია ინდივიდთა 2 ჯგუფი: პირველი – ყურადღების დეფიციტით, იმპულსურობისა და ჰიპერაქტიურობის გარეშე, ხოლო მეორე – ყუარდღების დეფიცითით, იმპულსურობითა და ჰიპერაქტიურობით. და მისდამი უფრო მეტად მამაკაცები არიან მოწყვლადნი და მათი შეფარდება გოგონებთან შემდეგ ნაირია: მამაკაცების 9% ხოლო ქალების 4% აკმაყოფილებს ADHD_ის შეფასების კრიტერიუმებს. ხოლო მისი გავრცელების სიხშირე 3-5%_ია მთელს მოსახლეობაზე.

მოუსვენრობა და უყურადღებობა ყოველი ბავშვისთვის დამახასიათებელია, თუმცა თუკი ეს ქცევები მისი ასაკობრივი განვითარებისთვის არაშესაბამისია და ბავშვს ხელს სერიოზულად უშლის სასწავლო პროცესში ჩართვაში და  თანატოლებთან ურთიერთობაში, შეგვიძლია საფუძვლიანი ეჭვი მივიტანოთ ADHD_ზე. 

ADHD იყოფა გამოვლინებათა სირთულეების მიხედვით

  1. სუსტი – ამ შემთხვევაში უმნიშვნელოდ არის გამოხატული სიმპტომები, ან მხოლოდ მინიმალური ჩამორჩენა სასკოლო და საზოგადოებრივ საქმიანობაში.
  2. საშუალო – ამ სირთულეზე გამოხატულია სიმპტომები „სუსტსა“ და „მძიმეს“ შორის.
  3. მძიმე – სიმპტომებთან ერთად ვლინდება სხვა დარღვევებიც, სერიოზული ჩამორჩენაა საშინაო და სასკოლო საქმიანობაში, ამასთან ერთად პრობლემები გვხვდება თანატოლებთან ურთიერთობაშიც.

ბავშვების ინდივიდუალურობიდან გამომდინარე, ყოველი მათგანი სხვადასხვა ტემპით ვითარდება, და ამ დროს სასარგებლო იქნება ექსპერტთა (ბავშვთა ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის, პედიატრის) მოსაზრების გათვალისწინება მათი შვილის  ქცევასთან დაკავშირებით, ანუ რამდენად შეესაბამება ბავშვის ქცევა მის ასაკს. თუმცა ADHD_ის დიაგნოსტიკა უმეტეს შემთხვევაში მაშინ ხდება, როდესაც იგი სასკოლო გარემოში ხვდება, და შესაბამისად სწორედ მასწავლებლები არიან ის ადამიანები, რომლებიც პირველად ამჩნევენ ADHD_ის სიმპტომებს. სიმპტომების შემჩნევის შემდეგ, ADHD_ის დიაგნოსტირება უნდა განხორციელდეს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: ბავშვთა ნევროპათოლოგი, პედიატრი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი.

მშობლებსა და მასწავლებლებს ხშირად ყურადღების მიღმა რჩებათ ყურადღების დეფიციტის მქონე ბავშვების პრობლემები, რადგან ისინი წყნარად სხედან და ტოვებენ შთაბეჭდილებას, რომ თითქოს მეცადინეობენ. სინამდვილეში, ისინი შესაძლოა იყვენენ გაფანტულები და არ ფიქრობდნენ თავიანთ დავალებაზე.
ADHD სინდრომის ბავშვები არიან მგრძნობიარენი წარუმატებლობის მიმართ ორ ყველაზე მნიშვნელოვან სფეროში- სწავლასა და ურთიერთობებში. ყურადსაღებია ისიც, თუ რა სიტუაციაში აღმოჩნდება ბავშვი.

 ხშირად ამბობენ, რომ ასაკთან ერთად ADHD თავისთავად ქრება. თუმცა ხშირია შემთხვევები როდესაც იგი ზრდასრულობაშიც გვხვდება. რიგ შემთხვევებში სიმპტომთა გაუმჯობესება ქცევის მართვის უნარ-ჩვევების გამომუშავების ხარჯზე ხდება. ჰიპერაქტიურობა იკლებს გვიანი მოზარდობის პერიოდში, თუმცა მოზარდისთვის დამახასიათებელია ადვილი გაღიზიანებადობა, ხასიათის სწრაფი ცვლილება და სიფიცხე. ბავშვები რომლებიც შესაბამის დახმარებას იღებენ მასწავლებლის, მშობლებისა და ექიმებისგან, გაცილებით მარტივად ეგუებიან სასკოლო გარემოს, და ძლევენ პრობლემებს.

ვაშლიჯვარში წყალმა ამოხეთქა - GWP-ის განცხადება

საბურთალოს რაიონში, გოძიაშვილის ქუჩა N31-ის მიმდებარედ, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წყალსადენის მაგისტრალური ქსელი ავარიულად დაზიანდა.

კომპანიის თქმით, ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და წყლის დინების შესაჩერებლად დაიკეტა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები.

"ქსელის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები მაგისტრალური ქსელი წყლისგან დაცლისთანავე დაიწყება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 24 მარტს, 15:30 საათიდან 25 მარტის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული ექნება ვაშლიჯვრის დასახლებაში: მაჭავარიანის, სარაჯიშვილის, კვანტალიანის, გოძიაშვილის, ფარჯიანის, გელოვანის, იასამნის, ემუხვარის, თოფურიას და მაჭავარიანის ქუჩებს. ვაშლიჯვრის დასახლების მე-2ა, მე-3 ა, მე-4 და მე-4ბ ზონებს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge," - ნათქვამია განცხადებაში.

'ჩემს გვერდით ირაკლი კოსტავა, ირაკლი ჩარკვიანი, კახა თოლორდავა" - რას წერს კონსტანტინე გამსახურდია

კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ფოტოს გვიზიარებს.

"ახლახანს გამომიგზავნეს. ჩემს გვერდით ირაკლი კოსტავა, ირაკლი ჩარკვიანი, კახა თოლორდავა. იქნება 1980 წელი.(“…. ვით ნამსხვრევები ძვირფას ზოდების, ხსოვნაში უცებ ამოტივტივდნენ ცხოვრების ჩემის ეპიზოდები”).

 

 

საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩის გამო პირველი რესპუბლიკის მოედანზე საგზაო მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე საპარკინგე ზოლი გათავისუფლდება და ტრანსპორტის გადაადგილება ორმხრივად შეიზღუდება.

აღნიშნულ ტერიტორიაზე 26 მარტს თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაიმართება და ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის დიდი ეკრანი განთავსდება. საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალურ მატჩს სწორედ 26 მარტს, საბერძნეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება, ხოლო პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილ ზონაში მისვლა გულშემატკივარს 19:00 საათიდან შეეძლება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 25 მარტის 08:00-დან 27 მარტის 12:00 საათამდე იმოქმედებს.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავასა ქუჩების მიმართულებით. ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით იმოძრავებენ, კოსტავას ქუჩიდან კი გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N359 ავტობუსი ვაკის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, შემდეგ კი იმოძრავებს დადგენილი სქემით.

N457 მიკროავტობუსი ბესიკის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან რევაზ თაბუკაშვილის ქუჩისკენ იმოძრავებს, რევაზ ლაღიძის ქუჩით დაუკავშირდება რუსთაველის გამზირს და შემდეგ სვლას დადგენილი სქემით გააგრძელებს.

დღეს და ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

24 და 25 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს.

ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია ანტიოქიის ეკლესიისაგან 457 წელს მიიღო. რუსეთის იმპერიამ კი ის 1811 წელს გააუქმა. რუსეთის სინოდი ქართულ ეკლესიას ეგზარქოსების მეშვეობით ხელმძღვანელობდა.

ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს აღიდგინა. მისი დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ცნო, თუმცა, ეს წერილობით დადასტურებული არ ყოფილა. რუსეთის ეკლესიამ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია მხოლოდ 1943 წელს აღიარა. ილია მეორის უშუალო ჩართულობით კი, მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წლის 4 მარტს ცნო.

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხეა - აიკრძალა ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უკრაინაში ქართველი მებრძოლი, თენგიზ ჭანია დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, თენგიზ ჭანია დაიღუპა. ჭანია აფხაზეთიდან დევნილია, იყო აფხაზეთისა და  2008 წლის აგვისტოს ომების მონაწილე. იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტისა და შსს განსაკუთრებულ დავალებათა მეორე სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი. უკრაინაში იბრძოდა ომის დაწყების პირველივე დღიდან და ამ პერიოდის განმავლობაში ორჯერ დაიჭრა, თუმცა გამოჯანმრთელების შემდეგ, ორივეჯერ ბრძოლის წინა ხაზზე დაბრუნდა. 

ჭანია ავდეევკა-მარინკას მიმართულებაზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების "აზოვის" მესამე მოიერიშე ბრიგადის შემადგენლობაში იბრძოდა. შემთხვევა გუშინ მოხდა, როდესაც პერიმეტრზე რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს.

არსებული ინფორმაციით, შეტაკებების გამო, ამ დრომდე ვერ ხერხდება ბრძოლის ველიდან ცხედრის გამოტანა.

რუსეთის სრულმასშტაბიან ომს, 2022 წლის შემდეგ, 62 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

 

ორთოპედია-ტრავმატოლოგიის ცენტრის მედიკოსები კლინიკის დახურვას აპროტესტებენ და დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ

ორთოპედია-ტრავმატოლოგიის ცენტრის მედიკოსები, კლინიკის დახურვას აპროტესტებენ და სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ. ექიმები დღეს კლინიკის ეზოში შეიკრიბნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. 

მათი  მოთხოვნა ხელფასები, სამსახურის გაგრძელება და კლინიკის აღნიშნულ შენობაში ფუნქციონირებაა.

"არავინ არ გვეკონტაქტება, ნუ სამსახური დავკარგეთ. ზოგის ერთი წლის, ზოგის რვა თვის...ჩვენს უკან ოჯახები დგას და ალბათ ხვდებით, რა მდგომარეობაში ვართ...ვითხოვდით შეხვედრას, თუმცა ალბათ არ  ჩათვალეს საჭიროდ, რომ შეგვხვედროდნენ და ასეთ გაურკვევლობაში ვართ დღემდე"  - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ექიმი.

 

რა ვითარებაა გზებზე - დეპარტამენტის ინფორმაცია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო ლიპყინულის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

 გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით

 აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.