... ... hotnews.ge - დაიჯესტი

ბორტგამცილებლებს ჭაღარა აუკრძალეს

ავიაკომპანიამ Air India საკუთარ ბორტგამცილებლებს ჭაღარა თმა და სიმელოტე აუკრძალა. როგორც ბრიტანული მედია წერს, ავიაკომპანიამ ახალი მკაცრი წესების შემოღება გადაწყვიტა - არ შეიძლება, Air India-ს თანამშრომლებს ჰქონდეთ ჭაღარა თმა, იყვნენ მელოტები, არ უნდა ატარონ ყოველდღიური ტანსაცმელი მაშინაც კი, თუ ისინი პერსონალის კი არა, მგზავრების რანგში მიფრინავენ - ამ ახალი მოთხოვნების სიას გამოცემა აქვეყნებს. ამ მოთხოვნების დასაცავად ავიაკომპანია საკუთარ თანამშრომლებს ურჩევს, რეგულარულად შეიღებონ თმა ნატურალურ ფერზე (მოდური ფერები და ინით შეღებვაც იკრძალება). იმ თანამშრომლებს კი, რომლებსაც თმა ნელ-ნელა უთხელდებათ, ხშირ-ხშირად თავის გადაპარსვა მოუწევთ.

 

ანტიბაქტერიული ბამბა შექმნეს

სპეციალისტებმა ანტიბაქტერიული ეფექტის მქონე ბამბა შეიმუშავეს. ამისთვის მათ ქსოვილი დაფარეს ლითონის ოქსიდის ნანონაწილაკებით, რომლებიც თრგუნავენ ბაქტერიებისა და სხვა რესიზისტენტული მიკროორგანიზმების აქტივობას. სწავლულებმა დამატებითი დაცვისთვის ულტრაბგერითი დამუშავების ტექნოლოგია გამოიყენეს, რამაც შესაძლებელი გახადა ლითონის ნაწილაკების თანაბრად განაწილება. მასალის საბოლოო ხარისხი და გარეგნობა საერთოდ არ განსხვავდება ჩვეულებრივი ბამბისგან. მისი დამცავი საფარი სარეცხ მანქანაში, სულ ცოტა, 20 გარეცხვას მაინც უძლებს. სამთვიანი ცდები მკვლევარებმა ვიეტნამში ჩაატარეს, სადაც მაღალი ტენიანობა და ტემპერატურაა. ასეთი გარემო კი ხელს უწყობს პათოგენების გამრავლებას. ცდების შედეგ აღმოაჩინეს, რომ ახალ ქსოვილზე მიკროორგანიზმების რაოდენობა 30-100-ჯერ უფრო ნაკლები იყო, ვიდრე ჩვეულებრივ ბამბაზე.

სად ცხოვრობენ ყველაზე გულუხვები

ინდონეზიის მცხოვრებლები მსოფლიოში ყველაზე გულუხვები არიან, - ასეთი დასკვნა არაკომერციული ორგანიზაცია Charities Aid Foundation-ის სპეციალისტებმა დადეს. კვლევისას, მსოფლიოს 119 ქვეყნის მოსახლეობა ქველმოქმედებაში მონაწილეობის დონით შეაფასეს: დაეხმარნენ თუ არა ისინი ბოლო თვის განმავლობაში უცხოელს, რომელსაც დახმარება სჭირდებოდა, გაიღეს თუ არა თანხა, ყოფილან თუ არა მოხალისეები რომელიმე ორგანიზაციაში და სხვა. რეიტინგის ლიდერი ქვეყნის რესპონდენტთა 84%-მა განაცხადა, რომ გაუღიათ თანხა საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის. ალბათ, ეს იმით იხსნება, რომ ინდონეზიის მოსახლეობა ძალიან რელიგიურია და მორწმუნეებს სიკეთის კეთებისკენ მოუწოდებენ. გულუხვი ქვეყნების სიაში მეორე ადგილზე აღმოჩნდა კენია. მიუხევადად პანდემიითა და ინფლაციით გამოწვეული სიძნელეებისა, კენიელები მზად არიან, გაჭირვებაში ჩავარდნილ ადამიანს დაეხმარონ. ამ შემთხვევაშიც, ძირითადი მიზეზი რელიგიაა. ლიდერთა სამეულშია აშშ, ხოლო მეოთხე-მეხუთე ადგილებზე - ავსტრალია და ახალი ზელანდია.

ფანქრები ძველი გაზეთებიდან

კენიაში, ერთ-ერთმა ადგილობრივმა კომპანიამ, რომელსაც ორი ძმა ხელმძღვანელობს, ძველი გაზეთებისგან ფანქრების წარმოება დაიწყო. საწარმოს თანამშრომლები გაზეთებს საჭირო სიგრძეზე ჭრიან, შიგნით გულებს დებენ და ახვევენ. იმ დროს, როცა მთელ მსოფლიოში ბეჭდური მედიის მკითხველთა რაოდენობა უსწრაფესად მცირდება, ამ აფრიკულ ქვეყანაში, პირიქით ხდება - მათი რაოდენობა იზრდება, რადგან მოსახლეობის 40%-ს არ აქვს წვდომა ინტერნეტსა და ტელევიზიაზე, ამიტომ ახალ ამბებს ისინი გაზეთებიდან იგებენ. ამ მიზეზით იზრდება გაზეთების რაოდენობაც, რომელიც მერე ნაგავსაყრელზე ხვდება. ძმებმა ომარებმა ამ ნაგვის შემცირება გადაწყვიტეს, შემოსავლის წყაროც გაიჩინეს და ქველმოქმედებასაც ეწევიან. გაზეთის ორი გვერდიდან სამი ფანქარი გამოდის, თუმცა საბოლოო სახემდე ის დამუშავების ცხრა ეტაპს გადის. მზა პროდუქციის ყოველი პარტიიდან ფანქრების ნაწილი ბავშვებს ურიგდებათ, ღარიბი რაიონებიდან.

მკვახე ბანანი კიბოსგან იცავს?

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კიბოს განვითარების რისკის შესამცირებლად, დღეში ერთი მწვანე ბაბანის მირთმევაც საკმარისია, - ასეთ დასკვნებს აკეთებენ სწავლულები ნიუკასლისა და ლიდსის უნივერსიტეტებიდან. მკვახე ბანანი, სიმინდისა და შვრიის ფანტელი, მოხარშული ცივი კარტოფილი, მაკარონი, ბრინჯი, ცეხვილი პური, პარკოსნები რეზისტენტულ სახამებელს შეიცავენ. ასეთი სახამებელი არ იწოვება წვრილ ნაწლავში და მსხვილ ნაწლავამდე აღწევს, სადაც სასარგებლო ბაქტერიებისთვის საკვებ ნიადაგად გვევლინება. სახამებლის დამცავი ეფექტი საერთაშორისო კვლევების ფარგლებში გამოვლინდა. 1000 პაციენტზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა, რომლის დროსაც 30 გრამ რეზისტენტული სახამებლის ფხვნილს იყენებდნენ (ერთ მწვანე ბანანში არსებული რაოდენობა). მრავალწლიანი დაკვირვების შემდეგ აღმოჩნდა, რომ სახამებელი 60%-ით ამცირებდა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზედა ნაწლის - საყლაპავის, კუჭის, ნაღვლისგამოყოფი გზების, თორმეგოჯა ნაწლავის ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ეფექტი სახამებლის მიღების შეწყვეტიდან კიდევ ათი წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

ჯანმრთელობისთვის ობობები მოაშენა

ნისლიან ალბიონზე, ქალაქ ბრისტოლში მცხოვრებმა მამაკაცმა საკუთარი ფსიქოთერაპევტის რჩევა გაითვალისწინა და სახლში 300 ობობა-ტარანტული მოაშენა. მედიკოსებმა აარონ ფინიკს ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის რაიმე გასართობის მოძიება ურჩიეს. ამჟამად ბრიტანელის ობობების კოლექცია უკვე 300 ეგზემპლარს ითვლის. აარონს ყველაზე მეტად მექსიკური ტარანტული უყვარს, რომლის ღირებულებაც 160 გირვანქა სტერლინგია. მამაკაცს მათზე საათობით დაკვირვება სიამოვნებას ანიჭებს და საოცარ ეფექტს ახდენს. ის მთელ თავისუფალ დროს მათთან ატარებს.

პრეზერვატივები მოწევის გადასაჩვევად?

შვედმა სწავლულებმა მოწევისგან თავის დასაღწევად საკმაოდ ექსტრავაგანტული მეთოდი მოიფიქრეს. ნიკოტინის პლასტირების, საღეჭი რეზინებისა თუ ელექტრონული სიგარეტის ნაცვლად, ისინი ნიკოტინური პრეზერვატივების გამოყენებას გვთავაზობენ. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ეს არა მხოლოდ უარს გათქმევნებთ მავნე ჩვევაზე, არამედ, დაგიცავთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისა და დაუგეგმავი ორსულობისგან. სიახლის ავტორების თქმით, პრეზერვატივი ორგანიზმს ნიკოტინის გარკვეულ დოზას მიაწვდის. აღსანიშნავია, რომ კომპანია Pharmacia Latexx Aktiebolaget-თვის, რომელმაც სიახლე დაამზადა, ეს ექსპერიმენტი პირველი არ არის - ადრე ისინი პრეზერვატივებს ყავის მოყვარულებისთვისაც უშვებდნენ, კოფეინით.

მგზავრებს ავტობუსებში სიმღერა აუკრძალეს

კანადის ქალაქ ვინიპეგის ხელისუფლება ახალი აქტის მიღებას აპირებს, რომლის მიხედვითაც, ქალაქის მცხოვრებლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას სიმღერა აეკრძალებათ. კანონდამღვევი ფულადი ჯარიმით - 100 დოლარით დაისჯება. ახალი აქტი მგზავრებს უკრძალავს სიმღერას, დაკვრას მუსიკალურ ინსტრუმენტებზე, ან რამე წარმოდგენის შეთავაზებას ნებისმიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ქალაქის მერის თქმით, აკრძალვის ძირითადი მიზანი მგზავრების დაცვაა ზედმეტი ხმაურისგან. ადამიანებს აქვთ უფლება, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სიმშიდესა და სიჩუმეში იმგზავრონ.

კბილის პასტები უსარგებლოა?

კბილის ყველა პასტა პრაქტიკულად ერთნაირია და არ შეუძლია კბილები დაიცვას მაღალი მგრძნობელობის ან დაშლისგან, - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ სპეციალისტები შვეიცარიისა და ბრაზილიის უნივერსიტეტებიდან. სწავლულთა საერთაშორისო ჯგუფმა გამოსაკვლევად აიღო - საკონტროლოდ ერთი „ჩვეულებრივი“ და რამდენიმე სხვადასხვა სახეობის პასტა, რომლებიც ეროზიისგან და კბილების მგრძნობელობისგან დაცვას გვპირდებიან. ექსპერიმენტებისას, წმენდის ხუთი ციკლი ჩატარდა ყველაზე უფრო პოპულარული კბილის პასტებით ბრაზილიასა და ევროპაში. აღმოჩნდა, რომ მათგან არცერთი არ იცავს კბილებს კარიესისგან და არ შეუძლიათშეაჩერონ კბილის ემალის დაკარგვა. სპეციალისტები გვირჩევენ, სამი ძირითადი წესი დავიცვათ, ემალის გაცვეთა და სხვა პრობლემები რომ თავიდან ავირიდოთ -  ეს არის კვების სწორი რეჟიმი, პირის ღრუს კარგი ჰიგიენა და სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტი.

ავტომობილი ნაგავზე მუშაობს

იტალიური ფირმა Bertoneე-ის ინჟინრებმა ჰიპერკარი შექმნეს, რომელიც ნარჩენებზე მუშაობს. ავტომობილისთვის საწვავი პლასტმასის ნარჩენებისგან მზადდება. მანქანას 380 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია. ახალ ჰიპერკარში გამოიყენება Select Fuel - პლასტმასის ნაგვის თხევად საწვავად გადაქცევის დაპატენტებული მეთოდი. კომპანიის წარმომადგენლები აცადებენ, რომ ახალი ავტო ერთგვარი ხელოვნების ნიმუშია, რომელიც არაერთი მოდიფიკაციის საშუალებას იძლევა, მფლობელის უნიკალური გემოვნების შესაბამისად. დასაწყისისთვის, Bertone სულ 33 ასეთი ავტომობილის გამოშვებას გეგმავს. მყიდველები მას სულ მალე, გაზაფხულზე მიიღებენ. ჰიპერკარის ფასი კი ჯერჯერობით უცნობია. 

ატესტატი 106 წლის ასაკში აიღო

აშშ-ში, სამხრეთ კაროლინას შტატში მცხოვრებმა 106 წლის ალენ სმოლსმა წარმატებით დაასრულა საშუალო სკოლა და შესაბამისი ატესტატი აიღო. ცერემონიაზე მას ჯორჯთაუნის სკოლის საპატიო დიპლომიც გადასცეს. სმოლსი 1918 წელს დაიბადა ჯორჯთაუნში. მერვე კლასის შემდეგ, მას სწავლის მიტოვება და ვაშინგტონში გადასვლა მოუხდა, ოჯახს რომ მიხმარებოდა. უამრავი წელი გავიდა და აი, ახლა, მისმა შვილიშვილმა ბირდელამ გადაწყვიტა, ბაბუას სწავლის გაგრძელებაში დახმარებოდა და მისი საოცნებო ატესტატი აეღო. შვილიშვილის დამსახურებაა ის საზეიმო ღონისძიებაც, რომელშიც ჯორჯთაუნის მერმაც მიიღო მონაწილეობა. ბირდელა სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებდა სმოლსის ვიდეოებსაც და ბაბუა ინტერნეტ-ვარსკვლავადაც აქცია. 

ვაკანსია ტეილორ სვიფტის ფანებისთვის

ვიქტორიასა და ალბერტას ბრიტანული მუზეუმი ტეილორ სვიფტის თაყვანისმცემლებს ეძებს კონლულტანტის თანამდებობაზე. მუზეუმში განაცხადეს, რომ სურთ ელაპარაკონ ბრიტანელებს Swifties-ზე (ასე უწოდებენ მომღერლის ფანებს) მისი ევროპული ტურის წინ, რათა მათაც ბევრი რამ შეიტყონ, როგორც ტეილორზე, ისე მისი თაყვანიმცემლების რიტუალებზე, სამაჯურების გაცვლის ტრადიციაზე და სხვა. ცნობილია, რომ მომღერლის ფანები მის კონცერტებზე ერთმანეთთან „მეგობრობის სამაჯურებს“ და სხვა სამახსოვრო ნივთებს ცვლიან. ვაკანსიაზე შერჩეული კანდიდატები მუზეუმის კურატორებს შეხვდებიან და საკუთარ ცოდნას გაუზიარებენ.