... ... hotnews.ge - დაიჯესტი

მონიკა ლევინსკი ბრენდის სახე გახდა

თეთრი სახლის ყოფილი სტაჟიორი, მწერალი და აქტივისტი მონიკა ლევინსკი, რომლის სახელიც ერთ დროს ყველას პირზე ეკერა, დღეს უკვე 50 წლისაა და ის ტანსაცმლის ბრენდის, Reformation-ის სახე გახდა. სარეკლამო კამპანიის ფოტოები თავად ბრენდმა გაავრცელა საკუთარ ინსტაგრამ-გვერდზე. აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, ბილ კლინტონისა და თეთრი სახლის სტაჟიორის, მონიკა ლევინსკის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ 1998 წელს გახდა ცნობილი. „კლინტონ-ლევინსკის“ სახელით ცნობილი სკანდალის შემდეგ, წარმომადგენელთა პალატამ ქვეყნის 42-ე პრეზდენტის იმპიჩმენტის საკითხი დააყენა, თუმცა უშედეგოდ, რადგან კლინტონი თეთრ სახლში ვადის ამოწურვამდე დარჩა. პრეზიდენტთან რომანის შემდეგ მონიკა ზე-პოპულარული გახდა. ის უამრავ პროექტში მონაწილეობდა, მასზე გადაიღეს ფილმები და დაიწერა წიგნები, იყო სარეკლამო კომპანიის წარმომადგენელიც და ტელეწამყვანიც. ჩანთების ხაზის გამოშვებაც მოახერხა საკუთარი სახელით - The Real Monica, Inc. 2000 წლიდან, საკუთარი სურვილით, ლევინსკი საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღარ მოქცეულა - ლონდონში ფსიქოლოგიის მაგისტრის ხარისხის მოპოვება სურდა. 2014 წლიდან, ყურადღების არეალში კვლავ გამოჩნდა, როგორც საზოგადოებრივი აქტივისტი. 

კივებს კლინიკა გაუხსნეს

ახალ ზელანდიაში, ოკლენდის მახლობლად მდებარე კერაიკრიში, პირველი სარეაბილიტაციო ცენტრი გახსნეს ფრინველებისთვის, კერძოდ, კივისთვის. კლინიკის პირველი პაციენტი, სახელად სპლეში გახდა, რომელიც აუზში ჩავარდა და გადაარჩინეს. სპეციალური დაწესებულების გახსნამდე, დაშავებული ფრინველების გადაყვანას ვეტერინართან საათზე მეტი სჭირდებოდა. ამის გამო, ბევრი კივი იღუპებოდა. ახლა კი მათ მშობლიურ რეგიონში - ნორტლენდში მიხედავენ. იქ მათი 10 ათასამდე პოპულაცია ცხოვრობს. მთლიანად ზელანდიაში, 26 ათასამდე კივის ითვლიან და მათ ქვეყნის სიმბოლოდ მიიჩნევენ. მკურნალობის შემდეგ, ვეტერინარები დაშავებულ ფრინველებს კლინიკაში სამი თვის განმავლობაში დააკვირდებიან და მერე ბუნებაში გაუშვებენ.

ცოლზე მიყურადებით მილიონი იშოვა

აშშ-ში, ტეხასის შტატის მცხოვრებმა ტაილერ ლაუდონმა, ცოლის სატელეფონო საუბრების მოსმენით, ბირჟაზე უკანონოდ გამოიმუშავა 1.76 მილიონი დოლარი. ლაუდონმა გაარკვია, რომ ნავთობისა და გაზის კომპანია BP გეგმავს კომპანია Travel Centers of ოფ America-ს „გადაყლაპვას“ და მათი 45 ათასი აქცია იყიდა. როცა BP-ში შიდა გამოძიების დაწყების შესახებ გაიგო, სადაც ლაუდონის ცოლი მენეჯერად მუშაობდა, ტაილერმა მას საკუთარი ქმედებები გაუმჟღავნა. ქალი კომპანიიდან გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ის ქმარს გაეყარა. ლაუდონს კი ახლა მსხვილი ჯარიმა ელის და კომპანიებში გარკვეული თანამდებობების დაკავებაც აეკრძალა.

ჯორჯ მაიკლის გამოსახულებით მონეტა მოჭრეს

დიდი ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანამ საკოლექციო მონეტა გამოუშვა, რომელიც მომღერალს, პოეტსა და კომპოზიტორს, ჯორჯ მაიკლს ეძღვნება. გამოსახულებაზე ის საფირმო მზის სათვალითაა წარმოდგენილი. მონეტის ერთ მხარეს მაიკლის პორტრეტია, მეორეზე - დიდი ბრიტანეთის მეფის, კარლ III-ის. საკოლექციოდ მოიჭრა ოქროს, ვერცხლისა და ჩვეულებრივი მონეტები. აღსანიშნავია, რომ ოქრო 999 სინჯისაა. მონეტები ოთხი ვარიანტადაა წარდგენილი: 200, 100, 25 გირვანქა სტერლინგის და 50 პენსის ნომინალისა. ვერცხლის მონეტებიც 999 სინჯისაა და 10, 5 და 2 გირვანქა სტერლინგის ნომინალით მოჭრეს, ხოლო ჩვეულებრივი - 5 გირვანქა სტერლინგის ნომინალით. მონეტაზე ყოველი დეტალი მომღერლის „ხატოვანი გამოსახულებაა“, - წერს The Independent-ი.

ავტომობილი მოზარდებისთვის

შვეიცარიულმა კომპანია Micro Mobility Systems-მა ელექტრომობილ Mirolino Lite-ის სერიული ვერსია წარადგინა, რომელიც 14 წლიდან მოზარდებისთვის არის განკუთვნილი. საკმარისია, მძღოლებს მოპედის მართვის მოწმობა ჰქონდეთ. მანქანა 45კმ/სთ სიჩქარეს ანვითარებს, ძრავის სიმძლავრე - 12 ცხენის ძალაა. საბაზო აკუმულატორი, ერთი დამუხტვით, 100 კილომეტრის გავლის საშუალებას იძლევა. ელექტრომობილი, დაახლოებით, 600 კილოგრამს იწონის, მისი სიგანე 1.5 მეტრია, სიგრძე - 2.5 მეტრი. Microlino Lite, წონის წყალობით, ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე სტანდარტული მანქანა. მისი ყიდვა ლიზინგით 4 წლით იქნება შესაძლებელი, თვეში - 156 ევროდ, გარბენის შეზღუდვით.

ყველაზე მდიდარი ბავშვი პრინცესა შარლოტაა

დიდი ბრიტანეთის პრინცესა, რვა წლის შარლოტა, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ბავშვია, - ნათქვამია Outdoor Toys-ის კვლევაში. ნისლიანი ალბიონის მომავალი მეფის ქალიშვილის ქონება ამჟამად 3.9 მილიარდ გირვანქადაა შეფასებული. გოგონამ მის უფროს ძმას, პრინც ჯორჯსაც კი აჯობა, რომელიც ბრიტანეთის სამეფო ტახტის რიგით მეორე მეკვიდრეა, მამის შემდეგ. 10 წლის ჯორჯის ქონება 2.8 მილიარდი გირვანქაა. კვლევაში უელსელმა პრინცესამ და პრინცმა პირველი და მეორე ადგილები გაიყვეს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სწორედ ქეით მიდლტონმა გაზარდა საკუთარი ქალიშვილის კაპიტალი, რადგან „სამეფო ოჯახის მოდური არჩევანი გავლენას ახდენს მთლიანად მოდის ტენდენციებზე“.
პრინც უილიამის მეუღლეს სამეფო ოჯახიდან „მოდის ყველაზე გავლენიან მიმდევრად“ მიიჩნევენ. უელსელი პრინცესა ქეითის ჩაცმულობა კი აშშ-ში, 38%-ით უფრო პოპულარულია. დედის კვალზე მიდის შარლოტაც. სამეფო წყვილის უმცროსი ვაჟი, ხუთი წლის ლუი რეიტინგში მეცხრე ადგილზეა - 98 მილიონი გირვანქა სტერლინგით. ტახტის მემკვიდრეების შემდეგ, სიაში მესამე ადგილს იკავებს რიანასა და A$AP Rocky-ის ერთი წლის შვილი, რიზა მაიერსი - 943.5-მილიონიანი ქონებით. მას მოჰყვება ბიონსეს ქალიშვილი, ბლუ აივი კარტერი. რეიტინგში მეხუთეა კაილი ჯენერისა და ტრევის სკოტის ქალიშვილი, სტორმი უებტერი, მეექვსეზეა მისი ნათესავი, კიმ კარდაშიანისა და კანიე უესტის ქალიშვილი, ნორთ უესტი.

როგორ აპირებს ილონ მასკი მარსის კოლონიზაციას?

კოსმოსის დაპყრობის და მარსის კოლონიზაციის მიმართულებით ილონ მასკის მიერ დაფუძნებული SpaceX უდავო გლობალური ლიდერია. მილიარდერის ხელმძღვანელობით, SpaceX-მა წარმოუდგენელი რამ შეძლო და მრავალჯერადი გამოყენების რაკეტები შექმნა, რომელთა დახმარებით კოსმოსური ოდისეა ოცნებიდან რეალობად იქცა.

მარსის კოლონიზაცია SpaceX-ის მთავარი მიზანია და ამ ამბიციურ ამოცანასთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ, ილონ მასკმა პრეზენტაცია ჩაატარა, სადაც მან სამომავლო ნაბიჯებზე ისაუბრა.

მისი განმარტებით, მარსის კოლონიზაცია პირდაპირაა დამოკიდებული SpaceX-ის ყველაზე ამბიციური პროექტის, Starship-ის განვითარების ტემპზე. ეს არის კაცობრიობის ისტორიაში შექმნილი ყველაზე დიდი ზომის და სიმძლავრის კოსმოსური ხომალდი, რომელიც მრავალჯერადი დანიშნულებისაა და მან დაახლოებით 100 ადამიანის ტრანსპორტირება უნდა უზრუნველყოს.

Starship-ის პროექტი ამჟამად გამოცდის ფაზაშია. მასკის განმარტებით, 2024 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი სატესტო აფრენდა და დაშვება განხორციელდება, რის შემდეგაც მარსამდე სულ ერთი ნაბიჯი იქნება დარჩენილი.

გარდა იმისა, რომ Starship-ის გამოყენება არაერთხელ იქნება შესაძლებელი და ის სადგურებს შორის რეგულარულად შეასრულებს ფრენებს. მას კიდევ ერთი თვისება გამოარჩევს და ეს მისი ფასია, როგორც მასკი ამბობს, მომავალში Starship 3-ის ღირებულება 2-3 მილიონი დოლარის ფარგლებში იქნება, რაც წარმოუდგენლად იაფია. ეს იმას ნიშნავს, რომ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი რაკეტა Bugatti-ს თუ Pagani-ს ავტომობილებზე უფრო ხელმისაწვდომი იქნება.

სიიაფე და მრავალჯერადობა - სწორედ ესაა ის თვისებები, რომელთა დახმარებით SpaceX-ის გუნდი მარსის კოლონიზაციას შეძლებს.

ცხადია, მასკი პირველ კოლონიაზეც საუბრობს. სავარაუდოდ, პირველი რამდენიმე ნაკადი, რომელიც მარსზე ჩავა, უკან ვერ დაბრუნდება, რადგან ამისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა ჯერ წითელ პლანეტაზე არ არსებობს და ტექნოლოგიის განვითარებამდე ისინი სიბერის ასაკს მიაღწევენ, შესაბამისად, პირველი კოლონიზატორები სწორედ წითელ მიწას მიებარებიან.

უბედურება მარტო არ მოდის - ქეით მიდლტონის პრობლემას მისი მშობლების ამბავიც დაერთო

ქეით მიდლტონის მშობლების შესახებ გავრცელებული უსიამოვნო ამბის შემდეგ, ბევრი სტატია დაიწყო ამ ფრაზით: „უბედურება არასდროს მოდის მარტო“.

მარტის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ უელსის პრინცესას კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. სახიფათო დიაგნოზი საშვილოსნოს ამოკვეთის ოპერაციის დროს დაისვა. ექიმების დასკვნა დიდი განსაცდელი აღმოჩნდა - ქეითი დეპრესიაშია, უილიამი უკიდურეს სტრესს განიცდის, რადგან ცოლის გარდა, სიმსივნეს მამამისიც ებრძვის. წყვილს სამი შვილის მოვლაში ქეითის მშობლები ეხმარებიან, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მათაც დიდი პრობლემები აქვთ. The Times-ის თანახმად, კეროლი და მიქაელა მიდლტონები გაკოტრდნენ, ვალებში არიან ჩაფლულნი და მათი ოდესღაც წარმატებული კომპანია Party Pieces ზარალს ზარალზე განიცდის. საქმე იმდენად ცუდადაა, რომ ცოლ-ქმარს გაკოტრების კომპანიისთვის გადასახდელი თანხაც არ აქვს.

კეროლმა და მაიკლმა თავიანთი კომპანია ჯერ კიდევ 1980-იან წლებში შექმნეს. ამ ბიზნესის იდეა მათ ქეითის დაბადების შემდეგ გაუჩნდათ, რომლის გახარებაც ლამაზი საშინაო წვეულებებით სურდათ. საქმე ისე წარიმართა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ წყვილი მილიონერი გახდა და თავიანთი ქალიშვილების სწავლის დაფინანსება საუკეთესო უნივერსიტეტებში მოახერხეს. სწორედ, ერთ-ერთ მათგანში შეხვდა ქეითი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეს.

მიუხედავად ყველა პრობლემისა, კეროლი და მაიკლ მიდლტონები არც კი ფიქრობენ, რომ ფინანსური დახმარება თავიანთი უფროს ქალიშვილს ან მის პრინც მეუღლეს სთხოვონ. პირიქით, ისინი ცდილობენ, ამ რთულ პერიოდში ახალგაზრდა მშობლები ზედმეტი საზრუნავისგან დაიცვან. უელსების სახლში ისინი კომპანიის საქმეებზე არ საუბრობენ - კეროლი და მაიკლი ახლა დიდ დროს ატარებენ იქ და ქეითს და უილიამს ეხმარებიან. ერთ თვეში პრინცესა შარლოტას დაბადების დღეს მოდის - გოგონა 9 წლის ხდება. ასე რომ, ბებია და ბაბუა დაკავებულები არიან ოჯახური დღესასწაულისთვის მზადებით - ხმაურიანი წვეულებების განწყობა ახლა არავის აქვს.

Tesla-მ ხელმისაწვდომი ელექტრომობილის წარმოება შეაჩერა - Reuters

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულმა ავტომწარმოებელმა, Tesla-მ, დიდი ხნის წინ დაანონსებული იაფიანი ელექტრომობილების წარმოება შეაჩერა - ინფორმაციას Reuters-ს სამი სხვადასხვა წყარო უდასტურებს.

ინვესტორთა პროგნოზი, რომ ხელმისაწვდომი ელექტრომობილები Tesla-ს ფართო მოხმარების ავტომწარმოებლად აქცევდა, აღარ შესრულდება. წყაროს ინფორმაციით, ამის ნაცვლად, კომპანია “რობოტი ტაქსების” დახვეწაში ჩადებს რესურსს.

აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიის დამფუძნებლის, ილონ მასკის, იმ გეგმიდან გადახვევაა, რომელიც მილიარდერმა ბიზნესმენმა ჯერ კიდევ 2006 წელს გააჟღერა. მაშინ Tesla-ს დამფუძნებელი აღნიშნავდა, რომ კომპანია ძვირად ღირებული, “ლაქშერი” მოდელების წარმოებას დაიწყებდა, საიდანაც შემოსავალი კი იაფიანი ელექტრომობილების წარმოებას მოხმარდებოდა.

მას შემდეგ ილონ მასკი მომხმარებლებსა და ინვესტორებს არაერთხელ დაჰპირდა, რომ ხელმისაწვდომი მოდელების წარმოებას კვლავ აპირებდა. მიმდინარე წლის იანვარში კი წარმოების დაწყების თარიღად 2025 წლის მეორე ნახევარი გამოაცხადა.

ამჟამად, Tesla-ს ყველაზე დაბალ ფასიანი მოდელი Model 3-ია და ამერიკის შეერთებულ შტატებში, მინიმუმ, $39 000-დაა შეფასებული, ხელმისაწვდომი ელექტრომობილის ფასები კი, სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, $25 000-დან უნდა დაწყებულიყო.

თავად ილონ მასკი Reuters-ით გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. X პლატფორმაზე ბიზნესმენმა ბრიტანულ გამოცემას “ტვიტიც” მიუძღვნა: “Reuters-ი იტყუება(ისევ)”.

ჭკვიანი საათების გაყიდვის შეზღუდვის გამო, Apple-მა აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს მიმართა

Apple-მა ამერიკის შეერთებული შტატების სააპელაციო სასამართლოს მოუწოდა, ჭკვიანი საათების: Apple Watch Ultra 2-ისა და Apple Watch Series 9-ის - იმპორტის აკრძალვის თაობაზე ქვეყნის საერთაშორისო სავაჭრო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაუქმდეს.

გასული წლის ბოლოს შტატებში Apple-ის უახლესი თაობის სმარტ-საათების წინააღმდეგ სავაჭრო კომისია ეყრდნობა ბრალდებას, რომლის თანახმადაც აღნიშნულ მოწყობილობებში, სავარაუდოდ, სამედიცინო-ტექნოლოგიური კომპანია Masimo-ს ინტელექტუალური საკუთრება, კერძოდ სისხლში ჟანგბადის შემცველობის დამდგენი სენსორი, იყო გამოყენებული.

Apple-ის სააპელაციო მიმართვაში ნათქვამია, რომ სავაჭრო კომისიამ აღნიშნული გადაწყვეტილება “პატენტის არსებითად დეფექტური განჩინებებზე” დაყრდნობით მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ Masimo-მ ვერ წარადგინა მტკიცებულება, რომლის თანახმადაც კომპანიამ, აშშ-ის ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი პროდუქტის შექმნაში, ინვესტიცია განახორციელა. შესაბამისად, Apple-ის პროდუქტების გაყიდვის აკრძალვა, მათი აზრით, გამართლებული არ არის.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც Masimo-მ Apple-ს ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებაში დაადანაშაულა, Apple-მა საათებში აღნიშნული ფუნქცია, პროგრამული განახლების შემდეგ, საერთოდ გააუქმა და, ვიდრე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს, Apple Watch-ების რეალიზაციას აგრძელებს.

სააპელაციო სასამართლოში Apple-ს მთავარი არგუმენტი ისაა, რომ ტექნოლოგია, რომლის პატენტიც Masimo-მ 2021 წელს დაარეგისტრირა, მხოლოდ “ჰიპოთეტური” იყო, რის გამოც Apple-ის საათები პატენტის გამოყენების წესს არ არღვევდნენ.

ტვინის სიმსივნეს ახალი მეთოდით უმკურნალებენ

იტალიელმა სწავლულებმა, ტრიესტის უნივერსიტეტიდან, ტვინის სიმსივნის გენური თერაპიის ახალი მეთოდი გამოიგონეს. მათ მიერ ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ ახალი მიდგომა შეიძლება საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდეს, რადგან ტვინის სიმსივნის შემთხვევაში, ხშირად, ქირურგიული ჩარევა შეუძლებელია. როგორც მკვლევარებმა დაადგინეს, Emx2-ის გენი, ადამიანის ემბრიონის განვითარების გარკვეულ სტადიებზე ძალზე აქტიურია და ტვინში ნეირონების ფორმირებას უწყობს ხელს, ხოლო მომავალში ის „ითიშება“. ამის შემდეგ, ნეორონების ფორმირების პროცესი ნელდება და იწყება ასტროციტების ფორმირება, რომელთა მეშვეობითაც იკვებებიან უკვე არსებული ნეორონები. სწავლულთა თქმით, ამ გენის ხელოვნურად აქტივაციის შემთხვევაში, ის არა მარტო ასტროციტების ფორმირებას შეაჩერებს, არამედ, მისი მსგავსი სიმსივნური უჯრედების განვითარებასაც შეაფერხებს. გენეტიკოსებმა დაადგინეს დნმ-ის არეალი, რომელიც მხოლოდ დაავადებულ უჯრედებში მისი გააქტიურების საშუალებას იძლევა, ჯანმრთელი უჯრედები კი დაუზიანებელი რჩება.

 

 

სექსი მეხსიერებას აქვეითებს?

ყველაფრის მკვლევარმა ბრიტანელმა სწავლულებმა დადგინეს, რომ ინტიმური კავშირი გავლენას ახდენს ადამიანის მეხსიერებაზე. ამის მაგალითად მათ 54 წლის ამერიკელი ქალის ისტორია მოჰყავთ, რომელიც კლინიკაში პანიკურ მდგომარეობაში მიიყვანეს. გაირკვა, რომ მას საერთოდ არაფერი ახსოვდა, რა ხდებოდა მის თავს, ბოლო 24 საათის განმავლობაში. ეს კი ქმართან სექსის შემდეგ დაემარტა. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ქალი, ეგრეთ წოდებული, გლობალური ამნეზიით დაავადდა, რომელიც დროებითი ხასიათისაა, მაგრამ მისი გამოვლენის სიმწვავის გამო, ძლიერ გავლენას ახდენს ადამიანზე. მედიკოსები ამბობენ, რომ ეს სრულიად არ ვნებს ტვინს, რაც ქალის ტვინზე ჩატარებულმა სკანირებამაც დაადასტურა. სტატისტიკის თანახმად, წელიწადში ყოველ 100 ათას ადამიანზე 5-მდე ასეთი ამნეზიის შემთხვევა მოდის. ჩვეულებრივ, მეხსიერება რამდენიმე საათის შემდეგ აღდგება. ყველაზე ხშირად კი გარდამავალი გლობალური ამნეზია 50-60 წლის ადამიანებს ემართებათ.