... ... hotnews.ge - დაიჯესტი

ინტელექტუალები „ღამურები“ არიან

დიდი ხანია მიიჩნევა, რომ ენერგია, რომელსად ადამიანები ღამით, მთვარისგან იღებენ, გაცილებით უფრო მეტ ახალ კრეატიულ იდეებს ბადებს, ვიდრე დღის ენერგია, რომელსაც მზისგან ვიღებთ. თუ PsychologyToday-ს სტატისტიკურ მონაცემებს დავუჯერებთ, ადამიანებს, რომლებიც „ღამურები“ არიან, ინტელექტის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი აქვთ. ლონდონელი ფსიქოლოგები ამ მოსაზრებას ადასტურებენ და დღის რეჟიმის ღამეზე შეცვლის სასარგებლოდ არგუმენტები მოჰყავთ. პირველ რიგში, გვიან დაწოლის მოყვარულებს მეტი დრო რჩებათ იმისთვის, რომ იოცნებონ და საკუთარ ფანტაზიებს გასაქანი მისცენ. დღის საზრუნავი კი არ იძლევა საშუალებას, კონცენტრირება საკუთარ ოცნებებსა და სურვილებზე მოახდინოთ; ვისაც არ სძინავს ღამით, გარკვეულწილად, მეამბოხეები არიან. ასეთ ადამიანებს შორის არიან მხატვრები, გამომგონებლები და მეცნიერები. კიდევ, „ღამურები“ ყოვლთვის მზად არიან ყოველნაირი სიახლისთვის, ისინი ხშირად არიან იმ ფსიქოლოგიური და ემოციური განცდების ქვეშ, რასაც ღამის ცხოვრება ჩუქნით. ისინი, რომლებიც გვიან წვებიან დასაძინებლად, ყოველთვის უფრო მეტ ინიციატივას იჩენენ, ვიდრე „ტოროლები“. სწორედ გვიან საათებში მოსდის ადამიანს თავში გადასარევი იდეები. მხოლოდ გვიანობამდე ჯდომით შეძლებთ დიდი ხნის დაგეგმილი ყველა საქმის შესრულებას.

 

ქმარი მტვერსასრუტმა „ჩაუშვა“

დიდ ბრიტანეთში, ქალაქ კროიდონის მცხოვრები, 32 წლის ქალბატონი იძულებული გახდა, მეუღლეს სარემონტო სახელოსნოდან დაბრუნების შემდეგ გაშორებოდა. საქმე ის არის, რომ მელისამ გადაწყვიტა, გაფუჭებული მტვერსასრუტი შეეკეთებინა და ამ მიზნით ის საგარანტიო სახელოსნოში წაიღო. მაგრამ როცა ხელოსანმა ეს საყოფაცხოვრებო ტექნიკა დაშალა და მფლობელს დაზიანების „მიზეზი“ უჩვენა, ქალმა აღარ იცოდა, სირცხვილისგან სად წასულიყო. თანაც, აღმოჩნდა, რომ მტვერსასრუტში ნაპოვნი საცვალი მისი არ იყო. ტექნიკის შეკეთების შემდეგ სახლში დაბრუნებულმა მელისამ სკანდალი ატეხა. მეუღლე თავიდან ბრალდებას უარყოფდა, მაგრამ მოგვიანებით, ცოლს ღალატში გამოუტყდა და იძულებული გახდა, სახლიდან წასულიყო.

პარტნიორად ხელოვნურ ინტელექტს ირჩევენ

არ ითხოვს კერძების მომზადებას და არ ყრის საკუთარ წინდებს აქეთ-იქით, - აცხადებენ ახალგაზრდა ჩინელი მანდილოსნები და სულ უფრო ხშირად მიმართავენ ხელოვნურ ინტელექტს კომპანიონის ძიებისას - ისინი ვირტუალურ ურთიერთობას ამჯობინებენ რეალურს. ასე რომ, ჩატ-ბოტებთან ურთიერთობის შესაძლებლობა მეტად მომხიბვლელი ალტერნატივაა ბევრი მათგანისთვის. არჩევანი კი არც ისე ცოტა აქვთ. უკვე უამრავი აპლიკაციაა შექმნილი, რომელიც სხვადასხვაგვარ სცენარს სთავაზობს მსურველს, როგორც მეგობრული, ისე რომანტიკული ურთიერთობისას. მომხმარებელს შეუძლია, „პარტნიორი“ აირჩიოს ასობით პერსონაჟიდან - ცნობილი პიროვნებებიდან დაწყებული, გამოგონილი გმირების ჩათვლით. ასეთი აპლიკაციები არა მხოლოდ გართობის წყაროა, არამედ, მომხმარებლების ემოციურ და სოციალურ მოთხოვნილებებსაც აკმაყოფილებს.

ორ წელში, დუბაიში, ტაქსები იფრენენ

არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, დუბაიში, მგზავრებს არა მხოლოდ ავტომობილები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაიყვანს. მათ რიცხვს 2026 წლიდან, მფრინავი ტაქსებიც მიემატება. ფრენები Joby-ის ტიპის მცირე თვითმფრინავებით შესრულდება, რომელიც ოთხ მგზავრს იტევს. ამ ტრანსპორტს 320 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია. ტრანსპორტი ეკოლოგიურად სუფთა - ელექტრო იქნება, ახალი რეისის წინ, დასამუხტადმათ სულ 10 წუთი დასჭირდებათ. თვითმფრინავების მწარმოებელმა კომპანია Joby Aviation-მა უკვე დადო ხელშეკრულება დუბაის ტრანსპორტის სამმართველოსთან „მფრინავი ტაქსის“ სერვისის 2026 წლიდან ამოქმედების შესახებ.

კორეელებს ღალატის უფლება მისცეს

სამხრეთ კორეის უმაღლესმა სასამართლომ გადაწყვიტა, გააუქმოს სისხლის სამართლის სასჯელი მეუღლის ღალატისთვის, რომელიც 1953 წელსაა მიღებული. მოსამართლეებმა საკუთარი გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს მოქალაქეების პირად ცხოვერბაში. მარტო 2008 წლიდან დღემდე, ქვეყანაში ღალატისთვის 5.5 ათასი ადამიანია გასამართლებული - სასჯელი ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. კანონი, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ მიიღეს, „ტრადიცული ოჯახური ღირებულებების“ დაცვისკენ მოუწოდებდა, თანაც კანონს ქალების უფლებები უნდა დაეცვა, რომელთაც მამაკაცებთან შედარებით, უფრო სუსტი სოციალური პოზიციები ეჭირათ.

მობილურების გამოყენებას აკრძალავენ

საფრანგეთში, პარაეა კომუნა სენა-პორტის მცხოვრებლებმა ხმა მისცეს სმარტფონების გამოყენების აკრძალვას საზოგადოებრივ ადგილებში. რეკომენდებულია მხოლოდ დარეკვა და ზარზე პასუხი, მაგრამ არა სოცქსელების „სქროლვა“. აკრძალვა იმოქმედებს ქუჩაში სიარულისას, პარკში სკამზე დასვენებისას, მაღაზიებში, კაფე-რესტორნებში, ასევე იმ მშობლებისთვის, რომლებიც შვილებს სკოლის კარებთან ელოდებიან. გარდა ამისა, მშობლებს შეუძლიათ, ხელი მოწერონ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, 15 წლამდე, ბავშვს არ ექნება საკუთარი ტელეფონი, მერია კი არასრულწლოვნებს დაურიგებს მობილურებს, რომელთაც მხოლოდ ზარის ფუნქცია ექნება. ამ აკრძალვებს მხარი 277-მა ადამიანმა დაუჭირა - ეს ამომრჩველთა, დაახლოებით, 20%-ია. სულ კომუნაში 2 000-მდე ადამიანი ცხოვრობს. ადმინისტრაცია უკვე ამზადებს განკარგულებას „სმარტფონების“ გამოყენების თაობაზე.  ამ ყველაფრის მიუხედავად, აკრძალვას მაინც რეკომენდაციის ხასიათი ექნება, რადგან პოლიცია „კანონდამრღვევებს“ ვერ გააჩერებს და ვერც დააჯარიმებს - ეს შეუძლებელია ეროვნული კანონმდებლობით. 

ქორწილში მისვლისთვის ფულს ითხოვდა

შემთხვევა კანადაში მოხდა. პატარძალმა უარი თქვა ცერემონიის ჩატარებაზე და საქმროსაც დაშორდა, რადგან დაპატიჟებულმა სტუმრებმა არ ისურვეს მათთვის 1.5 ათასი კანადური დოლარის ჩუქება. გოგონამ, სახელად სიუზანმა განაცხადა, რომ დაუჯერა ადგილობრივ ექსტრასენსს და შეყვარებულთან ერთად გადაწყვიტა, მდიდრული ქორწილი გადაეხადა. წყვილის გეგმებში, დაახლოებით, 60 ათასი კანადური დოლარის დახარჯვა იყო, თუმცა ხარჯების ასანაზღაურებლად, პატარძალმა სტუმრებისგან, საქორწინო ღონისძიებაზე დასასწრებად, 1 500 დოლარის გადახდა მოითხოვა. როგორც ადგილობრივ მედიაში დაწერეს, წყვილის ახლობლებისა და მეგობრების უმრავლესობამ უარი განაცხადა ასეთი თხოვნის (თუ მოთხოვნის) დაკმაყოფილებაზე. სტუმრების ასეთმა რეაქციამ პატარძალი გააცოფა, შედეგად, შეყვარებულებმა არა მხოლოდ ქორწილი ჩაშალეს, ერთმანეთს დაშორდნენ კიდეც.

 

ხორცისა და ბრინჯის ჰიბრიდი შექმნეს

სამხრეთ კორეელმა სწავლულებმა ახალი ტიპის საკვები შექმნეს, რომელიც ბრინჯისა და ხორცის ჰიბრიდს წარმოადგენს. BBC-ის ინფორმაციით, ასეთი ექსპერიმენტი სეულის იონსეის უნივერსიტეტში ჩატარდა. მკვლევარებმა ბრინჯს ლაბორატორიაში გამოზრდილი საქონლის კუნთებისა და ცხიმის უჯრედები დაუმატეს, რის შემდეგაც ბრინჯი თევზის ჟელატინში მოათავსეს და 11 დღე დააყოვნეს. ექსპერიმენტის შედეგად, კორეელმა სწავლულებმა უფრო მყარი ბრინჯი მიიღეს, რომელიც ჩვეულებრივზე 8%-ით მეტ პროტეინსა და 7%-ით მეტ ცხიმს შეიცავს. თანაც, ასეთი ბრინჯის წარმოება ეკოლოგიურად უფრო სუფთაა, ვიდრე საქონლის ხორცის. მკვლევარები იმედოვნებენ, რომ მათი ექსპერიმენტის შედეგები პლანეტაზე შიმშილის პრობლემის მოგვარებაში წაადგებათ.

კივი ფსიქიკურ ჯანმრთელობას აუმჯობესებს

ადამიანის ორგანიზმში სეროტონინის დონის ამაღლებას შოკოლადი და ინტენსიური ფიზიკური ვარჯიშები სულაც არ სჭირდება. საკმარისია, მიირთვათ კივი, რომ სეროტონინიც მოიმატებს და მორალური მდგომარეობაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. ამას ახალზელანდიელი სწავლულები გვიმტკიცებენ, ოტაგოს უნივერსიტეტიდან. ასე რომ, თუ ზამთრის მოჟამული დღეების განწყობა ჯერ კიდევ თან გდევთ, მის გასაუმჯობესებლად თამამად დაამატეთ თქვენს რაციონში კივი. ცნობილია, რომ ჩვენს განწყობაზე გავლენას ახდენს ცე-ვიტამინი - ის აქტიურად მონაწილეობს სეროტონინის სინთეზში, ამიტომ მისი ნაკლებობა იწვევს ისეთ სიმპტომებს, როგორებიცაა დაღლილობა და ცუდი განწყობა. როგორ ვიხსნათ ადამიანი აპათიისგან და დავმუხტოთ ემოცებით, სწორედ ამის გარკვევას შეეცადნენ ზელანდიელი მკვლევარები. ექსპერიმენტის მონაწილეთა სამ ჯგუფს, ორი თვის განმავლობაში, ისინი ყოველღიურად პლაცებოს, ან 250 გრამ ცე-ვიტამინს, ან ორ ცალ კივს აძლევდნენ, რადგან ამ ხილში უფრო მეტი ცე-ვიტამინია, ვიდრე ლიმონსა და ფორთოხალში. შედეგად აღმოჩნდა, რომ ყველაზე უკეთ თავს იმ ჯგუფის წევრები გრძნობდნენ, რომლებიც ყოველდღიურად, ორ ცალ კივს მიირთმევდნენ. ამასთან, მათ გაზრდილი თვითშეფასებაც აღნიშნეს.

ნერწყვით გულის დაავადებებს დაადგენენ

კანადელმა სწავლულებმა, მაუნთ-როიალის უნივერსიტეტიდან, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ნერწყვით გამოვლენის მეთოდი შექმნეს. მათმა კვლევამ აჩვენა, რომ პირის ღრუში ლეიკოციტების რაოდენობა შეიძლება უკავშირდებოდეს სისხლის მიმოქცევის დაქვეითებას, რაც არტერიების ცუდი მდგომარეობის ადრეული ინდიკატორია. ადრე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა კავშირი პაროდინტიტსა და გულის დაავადებებს შორის. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ანთებითი პროცესი სისხლის მიმოქცევაში შეიძლება გავრცელდეს ღრძილების მეშვეობით და დააზიანოს სისხლძარღვთა სისტემა. ამ მონაცემების საფუძველზე, სწავლულებმა დიაგნოსტიკური სისტემის შემუშავება გადაწყვიტეს. ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად დადგინდა, რომ შესაძლოა, ლეიკოციტების მაღალი დონე არტერიების არასაკმარის გაფართოებაზე და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მომატებულ რისკზე მიუთითებდეს. 

ახალი სოციალური ქსელი მოხმარებლებს იწვევს

ახალი სოციალური ქსელი Bluesky, რომელიც Twitter-ის დამფუძნებელმა, ჯეკ დორსიმ შეიმუშავა, უკვე ღიაა ნებისმიერი მსურველის რეგისტრაციისთვის, პერსონალური მიწვევის გარეშე. ბევრი პარამეტრით ის Twitter-ს ჰგავს, რომელიც ილონ მასკმა 44 მილიარდ დოლარად შეიძინა და ის ახლა X-ის სახელითაა ცნობილი. „ბლუსქაი“ მომხმრებლებს ჯერჯერობით არ სთავაზობს პირდაპირ შეტყობინებებს, თუმცა მას ინდივიდუალური პარამეტრებისთვის მეტი შესაძლებლობები აქვს. როგორც ახალი ქსელის შემქმნელები ამტკიცებენ, Bluesky ისწრაფვის, გახდეს „უკანასკნელი „ექაუნთი“ სოციალურ ქსელში, რომლის შექმნაც ოდესმე დაგჭირდებათ“. თუმცა, პრაქტიკაში, ეს ალბათ, ასე მარტივი არ იქნება.

ჯანმრთელობას საყურე გაგიკონტროლებთ

ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეიმუშავეს Thermal Earring - უსადენო „ჭკვიანი“ საყურის წყვილი, რომელსაც მომხმარებლის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პარამეტრების მონიტორინგი შეუძლია. ზომითა და წონით, ეს მოწყობილობა ქაღალდის მცირე სამაგრს - სკრეპს ჰგავს და დამუხტვის გარეშე, 28 დღე მუშაობს. ერთი გადამცემი, მაგნიტური დამჭერით, მომხმარებლის ყურის ბიბილოზე მაგრდება, მეორე კი ქვემოთაა ჩამოკონწიალებული. ჩამონტაჟებული ანტენისა და Bluetooth-ის მოდულის წყალობით, საყურე მონაცემებს აგზავნის „სმარტფონზე“ დღის განმავლობაში, გარკვეულ პერიოდებში. მკვლევარებმა ახალი მოწყობილობა მოხალისეებზე გამოსცადეს და აღმოაჩინეს, რომ ის „ჭკვიან“ საათსაც კი სჯობს სხეულის ტემპერატურის გაზომვაში, საყურე აფიქსირებს სტრესისა და ოვულაციის მაჩვენებლებსაც კი. ჯერჯერობით, მოწყობილობა კომერციული გაყიდვებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. ავტორებს სურთ, საყურე კიდევ უფრო დახვეწონ და მასში გულის რიტმისა და აქტივობის მონიტორინგიც ჩართონ.