... ... hotnews.ge - დაიჯესტი

ჩიპიანი პაციენტი კურსორს აზრის ძალით მართავს

პირველი ადამიანი, რომელსაც კომპანია Neuralink-მა თავის ტვინში ჩიპი ჩაუდგა, ჩანს, სრულად რეაბილიტირდა და ახლა მას შეუძლია, კომპიუტერის „თაგვი“ აზრის ძალით მართოს. ამის შესახებ თავად სტარტაპის დამფუძნებელმა, ილონ მასკმა განაცხადა. „პროგრესი შესანიშნავია, პაციენტმა ოპერაცია კარგად გადაიტანა და სრულად გამოჯანმრთელებულია, ჩვენთვის ცნობილი ნეირონული ეფექტებით. მას შეუძლია, უბრალო ფიქრით, „თაგვის“ კურსორი მართოს ეკრანზე“, - აღნიშნავს მასკი.

ამ ეტაპზე, კომპანიაში დამატებით ინფორმაციას არ იძლევიან. Neuralink-მა პაციენტს, პარალიზებული კიდურებით, თავის ტვინში ჩიპი იანვრის ბოლოს გადაუნერგა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ის სრულფასოვნად შეძლებს „სმარტფონისა“ და კომპიუტერის აზრის ძალით მართვას.

ლეგენდარულ ოთხეულზე ფილმს გადაიღებენ

მსოფლიოში აღიარებული რეჟისორი, „ამერიკული სილამაზის“ ავტორი სემ მენდესი, Sony Pictures Entertainment-თან ერთად, ახალ კინოპროექტს იწყებს ლეგენდარულ ლივერპულელ ოთხეულზე. სურათი ოთხნაწილიანი იქნება. თითოეული ფილმი The Beatles-ის თითოეულ წევრს - ჯონ ლენონს, პოლ მაკარტნის, ჯორჯ ჰარისონსა და რინგო სტარს მიეძღვნება. რეჟისორის თქმით, ამ ჯგუფზე გადაღებულმა სურათმა უნდა შეცვალოს წარმოდგენა იმაზე, თუ რა არის „კინოში წასვლა“. მენდესს უკვე აქვს ეკრანიზაციის უფლებები The Beatles-ის სტუდიისგან Apple Records-ს, პოლისა და რინგოსგან, ასევე ჯონისა და ჯორჯის ოჯახის წევრებისგან. პოპულარული ჯგუფის წევრებზე შექმნილი კინოპროექტის გაქირავებაში გამოსვლა 2027 წლისთვის არის დაგეგმილი.

საკვებ ნარჩენებს ავტომატი ჰყიდის

ამომავალი მზის ქვეყანაში, ქალაქ იოკოჰამაში მდებარე საცხობმა Enmichi Pan-მა საკვები ნარჩენების პრობლემის ინოვაციური გზით გადაჭრა მოიფიქრა - დარჩენილ გასაყიდ პურებს, სავაჭრო ავტომატის მეშვეობით, დაბალ ფასად ჰყიდიან. ასეთმა მეთოდმა არა მხოლოდ შეამცირა თავად საცხობში ნარჩენების პრობლემა, არამედ, მაღალხარისხიანი პური უფრო ხელმისაწვდომიც გახადა. კომპანიამ სავაჭრო ავტომატები ქალაქის ზოგიერთ მეტროსადგურში დადგა, სადაც საცხობის დაკეტვის შემდეგ დარჩენილ პურ-ფუნთუშეულს 30%-იანი ფასდაკლებით ჰყიდიან. ავტომატები პურით იმდენად პოპულარული გახდა, რომ მის წინ რიგები იქამდე დგება, ვიდრე კარადებს პროდუქციით შეავსებენ. საბოლოოდ, ავტომატში გასაყიდი პური აღარ რჩება. საცხობის თანამშრომლებმა დაითვალეს და აღმოაჩინეს, რომ ამ მეთოდით, წელიწადში ორ ტონამდე საკვები ნარჩენი დაიზოგა, რაც სარგებელს აძლევს არა მხოლოდ თავად საცხობს, არამედ, მთლიანად პლანეტასაც. ამ პროექტის წარმატებამ, შესაძლოა, სხვა საწარმოებსაც უბიძგოს მსგავსი ნაბიჯისკენ, თანაც არა მხოლოდ იაპონიაში, არამედ, მთელ მსოფლიოში.

მეტროში ბიბლიოთეკა გახსნეს

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტის მეტროში, Piaa Unirii-ის სადგურზე მინი-ბიბლიოთეკა გაიხსნა თვითმომსახურებით. ამ გზით მგზავრების მოტივირება სურთ, რომ უფრო მეტი წაიკითხონ. ქვეყანაში ჩატარებულმა სოციალურმა კვლევებმა აჩვენა, რომ დაახლოებით, 11.1 მილიონ რუმინელს, გასულ წელს, ერთი წიგნიც კი არ აქვს წაკითხული. ამის ერთ-ერთი მიზეზი დროის უქონლობაა. მეტროში არსებულ ბიბლიოთეკაში წიგნები შეგიძლიათ ადგილზე გადაიკითხოთ, ან წაიღოთ სახლში იმ პირობით, რომ მას აუცილებლად დააბრუნებთ, ან სხვა წიგნით ჩაანაცვლებთ. თუმცა, ამ შემთხვევაში, სანაცვლო წიგნი არ უნდა იყოს უცხო ენაზე. მეტროსთვის წიგნები გაიღეს დედაქალაქის და რუმინეთის ეროვნულმა ბიბლიოთეკებმა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინ, ბუქარესტის მეტროში ელექტრონული სამკითხველო გახსნეს, თავისი QR-კოდებით. როგორც ჩანს, ამ იდეამ დიდად არ გაამართლა. ამჯერად რუმინელებს წიგნების გადაფურცვლას მეტროთი მგზავრობის დროს სთავაზობენ.

ფეხსაცმელი და ქალის ხასიათი

სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ სუსტი სქესის წარმომადგენლეთა ხასიათის ამოცნობა სულ ადვილად შეიძლება მათივე ფეხსაცმლის მიხედვით. ზოგადად, მაღალქუსლიან ფეხსაცმელს უპიტარესობას ანიჭებენ გოგონები, რომელთაც დაბალი თვითშეფასება აქვთ და მაღალი ქუსლის დახმარებით სურთ, სხვაზე მეტად წარმოჩინდნენ, რათა თავდაჯერებულად იგრძნონ თავი. მაღალი ქუსლი უყვართ მათაც, რომლებსაც ყურადღების ცენტრში ყოფნა უფრო მოსწონთ. ისინი გამომწვევები, სექსუალურები და მომხიბვლელები არიან. წვრილქუსლიან ფეხსაცმელს ის მომხიბვლელი ქალბატონები ირჩევენ, რომელთაც ახალი ნაცნობობა და ფლირტი უყვართ. ისინი ძალიან დახვეწილები არიან და ქალური ნატურით გამოირჩევიან.

ფეხსაცმელს მაღალ პლატფორმაზე უპირატესობას ის ქალები ანიჭებენ, რომლებსაც მტკიცე და პრინციპული ხასიათი აქვთ. მათ არ უყვართ, როცა ეკემათებიან, რადგან დარწმუნებულნი არიან საკუთარ სიმართლეში. ასეთ მანდილოსნებს მეტად არაპროგნოზირებადი ხასიათი აქვთ, ამიტომ ფსიქოლოგები მამაკაცებს ურჩევენ, ასეთ ქალთან სიფრთხილე გამოიჩინონ. დაბალ პლატფორმას რომანტიკული ბუნების, უკონფლიქტო გოგონები ატარებენ. ისინი საკმაოდ მიზანდასახულნი არიან და სწავლასა თუ სამსახურში ყოველთვის წარმატებას აღწევენ.

დაბალქუსლიან ფეხსაცმელს მშვენიერი სქესის ის წარმომადგენლები იცვამენ, რომლებსაც რბილი ხასიათი აქვთ, თავშეკავებულები არიან და მუდამ ღრუბლებში დაფრინავენ. ზოგჯერ მათ დეპრესია ეუფლებათ და უმიზეზოდ ტირიან ხოლმე. ასეთ ქალებთან ურთიერთობისას, ადვილია კომპრომისის მიღწევა. სწორძირიანი ფეხსაცმელი მათ უყვართ, რომლებიც ბევრს მუშაობენ და  მუდმივად გადაღლილები არიან. ამავდროულად, ისინი კარგი დიასახლისებიც არიან და საკუთარ მოვალეობას ბრწყინვალედ ართმევენ თავს. სპორტული ფეხსაცმლის მოყვარულები, ზოგადად, ცვალებადი ხასიათით არ გამოირჩევიან, ისინი კონსერვატიულები არიან და უპირატესობას კომფორტს ანიჭებენ. ასეთი მანდილოსნები უცნობ ადამიანებთან ადვილად პოულობენ საერთო ენას, ყოველთვის გულახდილები და გულწრფელები არიან.

 

ალბანეთში სამ არასრულწლოვანს პატიმრობა მიესაჯა - მათ მამა მოკლეს და ცხედარი გადამალეს

ალბანეთში, დურესის სასამართლომ სამ არასრულწლოვანს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა მას შემდეგ, რაც ბავშვებს ბრალი წარუდგინეს მამის მკვლელობასა და ცხედრის გადამალვაში.

ერთ-ერთი ვერსიით, დანაშაულის მოტივი მამის მხრიდან ძალადობა გახდა, თუმცა ექსპერტიზამ ეს გარემოება არ დაადასტურა.

ერთ-ერთმა გოგონამ აღიარა, რომ იარაღიდან მშობელს პირადად მან ესროლა. მიზეზად კი დაასახელა ის ფაქტი, რომ მამა მას ნიშნობას აიძულებდა.

 

სემინარები „ცრემლების სომელიესგან“

უკვე დიდი ხანია ცნობილია სიცილის თერაპიის შესახებ, მაგრამ ამ „მედლის მეორე მხარეც“ თუ არსებობდა, დღემდე არავისთვის იყო ცნობილი. ამომავალი მზის ქვეყანაში, ადამიანები ჯგუფებად იკრიბებიან, რათა ხმამაღლა იყვირონ და იტირონ. ამგვარ სემინარებს ტაკაში სეგოი ატარებს, რომელიც საკუთარ თავს „ცრემლების სომელიეს“ უწოდებს. ის წიგნებს, ფილმებსა და ვიდეომასალებს იყენებს, რათა ადამიანებში ემოციები გამოიწვიოს. იაპონიაში ტირილი პოპულარული არ არის. აქაურებს ურჩევნიათ, უცხო ადამიანების წინაშე ემოციები არ გამოამჟრავნონ, რადგან ეს მათ სისუსტედ ითვლება. ამიტომაც, თვეში ორჯერ, „რიუკაცუ“-სემინარები ეწყობა, სადაც ადამიანები სიხარულისაგან ყვირიან, ან ტირიან და ნეგატიურ ემოციებსაც ხმამაღლა გამოთქვამენ. ეს მათ ცხოვრებისეული სიძნელეების გადალახვაში, დაძაბული ურთიერთობებისა და სხვა დარღვევების აღმოფხვრაში ეხმარება. როგორც პრაქტიკა აჩვენებს, სიცილის ეფექტი მხოლოდ ერთ დღეს გრძელდება, ყვირილისა და ტირილის კი - მთელი ერთი კვირა. აღმოჩნდა, რომ ტირილი გაცილებით სასარგებლოა ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. როცა ადამიანი ტირის, ემოციებისგან ცრემლში ისეთივე ჰორმონები ჩნდება, რასაც სხეული გამოჰყოფს ფიზიკური დატვირთვის დროს. ამიტომაც, სემინარების ორგანიზატორის მთავარი ამოცანაა, არავინ წავიდეს მშრალი თვალებით. სემინარის მონაწილეები ამბობენ, რომ ძალიან კმაყოფილები არიან მეცადინეობების შედეგებით. იტირებენ და სახლებში გადასარევ ხასიათზე ბრუნდებიან. უფრო მეტიც, გრძნობენ, რომ დაძაბულობაც მოეხსნათ.

კბილების უსუფთაობა იმპოტენციას იწვევს?

კბილებსა და პოტენციას შორის კავშირი თურქმა სწავლულებმა აღმოაჩინეს, ინიონიოს ინსტიტუტიდან. მათი დასკვნებით, მამაკაცებს, რომლებიც რეგულარულად არ იხეხავენ კბილებს, ხშირად აქვთ ერექციასთან დაკავშირებული პრობლემები. ამის მიზეზი ბაქტერიაა, რომელიც ქრონიკული პაროდონტოზისას, ღრძილების ანთებას იწვევს. ბოლო გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ეს ბაქტერია იწვევს გულის იშემიურ დაავადებასაც. ეს კი, თავის მხრივ, გავლენას ახდენს პოტენციაზე. აქედან გამომდინარე, ვინც კბილებს რეგულარულად არ ისუფთავებს, არა მხოლოდ ჯანმრთელი კბილების, არამედ, ხარისხიანი სექსის დაკარვის რისკის წინაშეც დგას. უნდა აღინიშნოს, რომ ერექციის პრობლემებსა და ქრონიკულ პაროდონტოზს ერთნაირი ფაქტორები იწვევს, როგორიცაა ასაკი, მოწევა, დიაბეტი და გულის პრობლემები, - აღნიშნავენ სპეციალისტები.

კვერცხი მეხსიერებასაც აუმჯობესებს

სწავლულების ბოლოდროინდელი გამოკვლევები ცხადჰყოფს, რომ კვერცხი მხოლოდ ადვილად მოსამზადებელი, მაგრამ სასარგებლო და ნოყიერი საუზმე არ არის. კვერცხს უამრავი დადებითი თვისება აქვს - შეიცავს სხვადასხვა ჯგუფის ვიტამინებს, მინერალურ ნივთიერებებს, არეგულირებს ფოსფორის დონეს ორგანიზმში. ყველამ იცის, რომ ნაჭუჭი მდიდარია კალცით, ამაგრებს ძვლებსა და კბილებს. კვერცხი სასარგებლოა  გულისა და მხედველობისთვის, იცავს ონკოლოგირი დაავადებებისგან. ცოტა ხნის წინ კი მისი ახალი თვისება აღმოაჩინეს - ტაფტსის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ამ პროდუქტის რეგულარული მოხმარება მეხსიერებას აუმჯობესებს, აფერხებს ტვინის დაბერების პროცესს და იცავს ასაკობრივი ჭკუასუსტობისგან. სწავლულთა ექსპერიმენტი ნახევარი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. მოხალისეების ნახევარი ყოველდღე მიირთმევდა ქათმის ორ კვერცხს, დანარჩენების მენიუ კი კვერცხის გარეშე იყო. კვლევების დაწყებამდე და დასრულების შემდეგ, ექსპერიმენტის მონაწილეებმა ტესტი ჩააბარეს. აღმოჩნდა, რომ კვერცხის მჭამელები ყველა მაჩვენებლით უსწრებდნენ დანარჩენებს. კვერცხის სასიკეთო გავლენას თავის ტვინზე, მეცნიერები მასში შემავალი ანტიოქსიდანტებით - ლუტეინითა და ზეაკსანტინით ხსნიან. ეს ნივთიერებები პოზიტიურ გავლენას ახდენენ ადამიანის ინტლექტსა და მეხსიერებაზე.

 

ვაშლი და პომიდორი ერთად

შვეიცარიელმა მებაღე მარკუს კობერტმა სელექციაში დიდ წარმატებას მიაღწია - მან ვაშლისა და პომიდვრის შეჯვარება მოახერხა. შედეგად, გამოიყვანა ვაშლის ახალი ჯიში, რომელსაც წითელი და წვნიანი რბილობი აქვს. ფერითა და ფაქტურით, ახალი ხილ-ბაღჩეული უფრო პომიდორს ჰგავს, მაგრამ ის ჩვეულებრივ, ვაშლის ხეზე იზრდება.  როგორც მისი დამგემოვნებლები აღნიშნავენ, ნაყოფს სასიამოვნო გემო აქვს, ტყის კენკროვნების მსუბუქი არომატით. გარდა ამისა, თერმული დამუშავების დროსაც კი, ის არ კარგავს წითელ ფერს, დაჭრილი არ იცვლის ფერს, არ შავდება და მას სალათებში წარმატებით გამოიყენებენ. ის ასევე გამოირჩევა ანტიდამჟანგავი  ნივთიერებების მაღალი შემცველობით. აღსანიშნავია, რომ სელექციონერი ამ ჯიშის გამოყვანაზე ბოლო 20 წელია მუშაობდა. ახალი ჯიშის პირველი ნერგები, რომელსაც Redlove უწოდეს, უკვე იყიდება ნისლიან ალბიონზე და მასზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა.

ტემპერამენტს წელიწადის დრო განსაზღვრავს

წელიწადის დრო, როდესაც დაიბადა ადამიანი, გავლენას ახდენს მის განწყობასა და აფექტის მდგომარეობის განვითარების რისკზე, - ასეთ დასკვნებს აკეთებენ უნგრელი სწავლულები. მათი განცხადებით, ბიოქომიური კვლევები ამას ადასტურებს. საქმე ის არის, რომ მონოამინური ნეიროგადამცემების, დოფამინისა და სეროტონინის დონე მკვეთრად მერყეობს წლის განმავლობაში. ადამიანებს, რომლებიც ზაფხულში არიან დაბადებულნი, უფრო ხშირად ციკლოტიმიური ტემპერამენტი (ხასიათის მკვეთრი ცვლილებები) აქვთ, ვიდრე ზამთარში დაბადებულებს. ასევე, გაზაფხულზე ან ზაფხულში გაჩენა ადამინებს ყველაზე ხშირად ზედმეტ პოზიტიურობას უქადის. „შემოდგომის ადამიანებს“ უფრო იშვიათად აწუხებთ დეპრესია, ვიდრე „ზამთრისებს“. უნდა აღინიშნოს, რომ ეს განსაკუთრებულობა არ მიეკუთვნება გადახრებს, მაგრამ შეუძლიათ, გარკვეულ პირობებში, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების წარმოშობას შეუწყონ ხელი.

მარწყვი ატმის გემოთი

იაპონელი სპეციალისტები დაუღალავად მუშაობენ იმაზე, რომ საკუთარი ნახელავით მსოფლიო კიდევ ერთხელ გააოცონ. ამჯერად, ამომავალი მზის ქვეყანაში ახალი მარწყვი გამოიყვანეს, რომელსაც ატმის გემო აქვს. გარეგნულად ეს ხილი უფრო ღია ფერისაა, ვიდრე ჩვეულებრივი, შიგნიდან კი ის პრაქტიკულად თეთრია. როგორ მიიღწევა უცხო გემოს ეფექტი,  უცნობია, აი, მისი ღირებულება კი შთამბეჭდავია - ერთი ცალი ასეთი მარწყვის ფასი 11 დოლარს შეადგენს.  იაპონური ბაზრის კიდევ ერთი სიახლე კვერცხია, რომელსაც იპონური ლიმნის - იუძუს არომატი აქვს. აქ დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ არავითარ ქიმიას ადგილი არ აქვს. საიდუმლო ქათმების რაციონშია, რომელშიც ეს ლიმონიც შედის. 10 ცალი ასეთი კვერცხი 4 დოლარზე ცოტა მეტი ღირს.