... ... hotnews.ge - პოლიტიკა

მომავალ კვირას, ბრიუსელში, EU-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზეც იმსჯელებენ - გუგულაშვილი

ევროპარლამენტის "მწვანეთა პარტიას" საპარლამენტო მრჩეველი, თამარ გუგულაშვილი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, მომავალ კვირას, სამშაბათს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში საქართველოს შესახებაც იმსჯელებენ. მინისტრებმა ივნისში დაგეგმილი სამიტის დღის წესრიგი უნდა განიხილონ.

გუგულაშვილი ამბობს, რომ 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც საქართველოში იმყოფებოდნენ, ზეპირ მოხსენებას გააკეთებენ, შემდეგ შემუშავდება ერთიანი პოზიცია.

"აუცილებლად იქნება ჩემი ინფორმაციის საქართველოზე მსჯელობა, მომავალ კვირას, როცა 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან ბრიუსელში, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში იყვნენ 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, გააკეთებენ ასე ვთქვათ, ზეპირ მოხსენებას, საკუთარი კოლეგების წინაშე და შემუშავდება უკვე, რა თქმა უნდა, ის პოზიცია, რაც იქნება ლიდერების დონეზე, ქვეყნების დონეზე გაჟღერებული, ანუ ევროკავშირის სახელით უკვე ივნისის 20-ის შემდე", - ამბობს თამარ გუგულაშვილი.

ევროკავშირის ლიდერები სამიტზე 27-28 ივნისს უნდა შეიკრიბონ.

„მიგვაჩნია, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებით გადაწყდება“ - ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოანის განცხადებით, საქართველოში მიმდინარე მოვლენები ქართველი ხალხის ინტერესებით გადაწყდება. ანკარაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე მას დამატებით არ უსაუბრია ე.წ. აგენტების კანონზე, თუმცა აღნიშნა, რომ მიმდინარე მოვლენების შესახებ ირაკლი კობახიძემ გაუზიარა მოსაზრებები.

"დღეს ორი მეგობარი, ორი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ლიდერი შევიკრიბეთ და ძალიან ნაყოფიერი საუბარი შედგა ჩვენ შორის. კიდევ ერთხელ მხარი დავუჭირე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და კეთილდღეობას. ასევე, გამოვთქვი ჩემი უწყვეტი მხარდაჭერა ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის გზაზე. ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, მე ძალიან გამახარა იმ ფაქტმა, რომ თქვენი მოსაზრებები გამაცანით საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. თურქეთში მიგვაჩნია, რომ ეს მოვლენები ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებით გადაწყდება", - თქვა ერდოღანმა.

მანვე აღნიშნა, რომ თურქეთი მზად არის საქართველოში უმსხვილეს პროექტებში მიიღოს მონაწილეობა.

"გასულ წელს ჩვენი სამი მილიარდი დოლარის მაჩვენებელს მივაღწიეთ ორმხრივი ვაჭრობის კონტექსტში, ჩვენ დავუთქვით ერთმანეთს, რომ ახალი სამიზნე ორიენტირი 5 მილიარდი იქნება. მიმაჩნია, რომ გვაქვს იმის პოტენციალი, რომ ძალიან მალე ამ ნიშნულს მივუახლოვდეთ და ჩვენი ბიზნეს შესაძლებლობები ავითვისოთ სრულად... პრემიერ-მინისტრს განვუცხადე, რომ მზად ვართ საქართველოს უმსხვილეს პროექტებში მივიღოთ მონაწილეობა, აეროპორტის, პორტების მშენებლობაში, ენერგეტიკის მიმართულებით, გადამცემი ხაზების მშენებლობაში, უსაფრთხოების თანამშრომლობის კუთხითაც აღვუთქვით ერთმანეთს თანამშრომლობის სურვილი და დაპირება", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით თურქეთში 16 მაისს გაემგზავრა. ვიზიტის დროს თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს მთავრობის მეთაურის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

"აგენტების კანონის" წინააღმდეგ საქართველოში თითქმის ერთი თვეა აქციები იმართება - საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებდნენ, რომ ამ კანონის მიღება და ქვეყნის ევროინტეგრაცია ერთმანეთთან შეუთავსებელია.

 

„შარლ მიშელთან პირველივე ზარის დროს დავაფიქსირე მზაობა კონსულტაციებისთვის, კანონთან დაკავშირებით სამართლებრივი შენიშვნები თუ იქნება, ყველა თემაზე გვექნება დისკუსია“-პრემიერი

შარლ მიშელთან პირველივე ზარის დროს დავაფიქსირე მზაობა კონსულტაციებისთვის, კანონთან დაკავშირებით სამართლებრივი შენიშვნები თუ იქნება, ყველა თემაზე გვექნება დისკუსია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ანკარაში განუცხადა.

პრემიერის თქმით, ნებისმიერი ტიპის კონსულტაციებისთვის მზად არიან.

„შარლ მიშელთან პირველივე ზარის დროს დავაფიქსირე ჩვენი მზაობა კონსულტაციებთან დაკავშირებით. მეორე ზარის დროს იგივე გავიმეორე. აბსოლუტურად ღია ვართ ნებისმიერი ტიპის კონსულტაციებისთვის, რაც ამ კანონს უკავშირდება. კანონთან დაკავშირებით ოღონდ ვინმემ რამე სამართლებრივი შენიშვნა მოგვაწოდოს და მზად ვართ მყისიერად განხილვისთვის. სამართლებრივი შენიშვნები თუ იქნება წარმოდგენილი, რაც დღემდე არ მიგვიღია, დისკუსია გვექნება ყველა თემაზე“, – განაცხადა პრემიერმა.

აქციები მთლიანად ორგანიზებულია კონკრეტული პარტიების და მათთან დაკავშირებული „ენჯეოების“ მიერ-ირაკლი კობახიძე

ეს აქციები მთლიანად ორგანიზებულია კონკრეტული პარტიების და მათთან დაკავშირებული „ენჯეოების“ მიერ, რაც ყველამ  ძალიან კარგად იცის, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არ გამორიცხავს, რომ ამ აქციებში მონაწილეობენ პარტიებისგან გამიჯნული პირებიც.

„ორგანიზებას რაც შეეხება, ეს აქციები არის თავიდან ბოლომდე ორგანიზებული, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რადიკალური ოპოზიციური პარტიების და მათთან დაკავშირებული NGO-ების მიერ. აქედან, რა თქმა უნდა, საზოგადოებამ თავისი დასკვნები უნდა გამოიტანოს“, –  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

განსაკუთრებული პატივია, ვსტუმრობდე პრეზიდენტ ერდოღანს, რესპუბლიკის ნამდვილ ლიდერს, რომელიც მტკიცედ იცავს თურქეთისა და თურქი ხალხის ეროვნულ ინტერესებს-პრემიერი

განვიხილეთ საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტიური დღის წესრიგი, გავცვალეთ მოსაზრებები მნიშვნელოვან რეგიონულ საკითხებზე, დავსახეთ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად გამართული ერთობლივი ბრიფინგის დროს განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საუბარი ასევე შეეხო უმაღლესი და მაღალი დონის შეხვედრების დინამიკის შენარჩუნებას.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, პრემიერ-მინისტრის რანგში ოფიციალური ვიზიტით პირველად ვსტუმრობდე მეგობარ ქვეყანას, თურქეთის რესპუბლიკას, რომელთანაც საქართველოს აკავშირებს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობა და რა თქმა უნდა, ამ პარტნიორობას ყველა ძალიან ვუფრთხილდებით. ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, ვსტუმრობდე პრეზიდენტ ერდოღანს, რომელიც არის, არა მხოლოდ პრეზიდენტი, არამედ რესპუბლიკის ნამდვილი ლიდერი, რომელიც მტკიცედ იცავს თურქეთის და თურქი ხალხის  ეროვნულ ინტერესებს. თქვენი ლიდერობა არის სამაგალითო თითოეული ჩვენგანისთვის.

რა თქმა უნდა, ვგმობთ თავდასხმას პრემიერ-მინისტრ ფიცოზე და სლოვაკეთის პრემიერს ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას. თქვენო აღმატებულებავ, მსურს, მადლობა გადაგიხადოთ გამორჩეული მასპინძლობისთვის. დღეს, როგორც პირისპირ, ისე გაფართოებული შემადგენლობით შეხვედრისას, განვიხილეთ საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტიური დღის წესრიგი, გავცვალეთ მოსაზრებები მნიშვნელოვან რეგიონულ საკითხებზე, დავსახეთ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

ჩვენ გვქონდა საუბარი უმაღლესი და მაღალი დონის შეხვედრების დინამიკის შენარჩუნებაზე. პირადად ვთხოვე  პრეზიდენტ ერდოღანს საქართველოში ჩამობრძანება. იმედი მაქვს, რომ ეს ოფიციალური ვიზიტი საქართველოში მალე შედგება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, საქართველო ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანაცხოვრების ფორმულას და ყოველთვის გამოთქვამს მზადყოფნას, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობის პროცესში.

„საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და ფასეულია თურქეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ხაზგასმით მინდა, აქაც განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო პირადად პრეზიდენტს, მისი მხარდაჭერისათვის საქართველოსა და მისი ეროვნული ინტერესების მიმართ. მის აღმატებულებას გავუზიარე ინფორმაცია საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან და შესაბამის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.

ჩვენ ასევე საუბარი გვქონდა რეგიონში არსებულ ვითარებაზე და ჩვენს ერთობლივ ძალისხმევაზე ამ გამოწვევებთან გამკლავების კუთხით. არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო, რომ საქართველო ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანაცხოვრების ფორმულას და ყოველთვის გამოთქვამს მზადყოფნას, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობის პროცესში.

ჩვენ მივესალმეთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, დაწყებულია სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესი, რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ ორ სახელმწიფოს შორის საბოლოოდ გაფორმდეს სამშვიდობო შეთანხმება. თავის მხრივ, საქართველო მზად არის, გააგრძელოს წვლილის შეტანა რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობაში.

უსაფრთხოების გამოწვევების კონტექსტში, გვქონდა საუბარი უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე, ომზე, რომელიც წარიმართება უკრაინაში, რაც საფრთხეს უქმნის ევროპისა და შავი ზღვის ფუნდამენტური უსაფრთხოების არქიტექტურას. აქვე, ჩვენ აღვნიშნეთ თურქეთის დაუღალავი ძალისხმევა, წვლილი შეიტანოს დაპირისპირებულ მხარეებს შორის დიალოგის შესაძლებლობის პოვნაში, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოსა და თურქეთს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტი, რომელსაც თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მოეწერა ხელი, ხელს შეუწყობს საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული პარტნიორობის გაძლიერებასა და გაღრმავებას.

მემორანდუმი ორ ქვეყანას მისცემს საშუალებას, ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა და გამოცდილება ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: განახლებადი ენერგიები, ენერგოეფექტურობა, ინფრასტრუქტურის გაციფრულება, ნახშირბადის ემისიების შემცირება და ა.შ.

ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ალფარსლან ბაირაქთარმა მოაწერეს ხელი.

ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დაესწრნენ.

„თურქეთი საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია, პრეზიდენტ ერდოღანთან ვიმსჯელეთ, როგორ შეიძლება, მეტად გაღრმავდეს ჩვენი პარტნიორობა“-ირაკლი ღარიბაშვილი

თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. ჩვენ ვიმსჯელეთ იმასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება, კიდევ მეტად გაღრმავდეს ჩვენი პარტნიორობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ხედავს დიდ პოტენციალს ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების კუთხით.

„ბატონ პრეზიდენტს მივაწოდე ინფორმაცია იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც წარიმართება ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა თვალსაზრისით. ჩვენ ასევე განვიხილეთ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები. აღინიშნა, რომ საქართველო ემხრობა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების აუცილებლობის იდეას, რაც შესაძლებელია მიღწეულ იქნეს მოლაპარაკებების საშუალებით საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით. თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ რეგიონული, სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო-ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. ამ კონტექსტში განსაკუთრებით აღინიშნა სატრანზიტო ფუნქციის, დაკავშირებადობის მნიშვნელობა. თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია და ჩვენ ვიმსჯელეთ იმასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ჩვენი პარტნიორობა. რა თქმა უნდა, ვხედავთ ძალიან დიდ პოტენციალს ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების კუთხით. ასევე, ჩვენ გვქონდა საუბარი საქართველოდან ექსპორტის და, ზოგადად, ორმხრივი ვაჭრობის მნიშვნელობაზე“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და გამოითქვა მზადყოფნა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.

„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რეგიონული, სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო-ენერგეტიკული თანამშრომლობის განვითარებასა და სატრანზიტო ფუნქციაზე, დაკავშირებადობის მნიშვნელობაზე. შეხვედრისას აღინიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. მხარეებმა იმსჯელეს ორმხრივი ვაჭრობის კიდევ უფრო განვითარების კუთხით არსებულ პოტენციალზე. ყურადღება დაეთმო თანამშრომლობას განათლების, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში.

მხარეებმა ასევე განიხილეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები. აღინიშნა, რომ საქართველო ემხრობა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების აუცილებლობის იდეას, რაც შესაძლებელია მიღწეულ იქნას მოლაპარაკებების საშუალებით საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით. ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანაცხოვრების ფორმულას და მზადაა რეგიონში მშვიდობის და კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის.

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, აგრეთვე ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი მხარდაჭერა დაადასტურა. პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ“, – აღნიშნულია ოფიციალურ ინფორმაციაში.

თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ირაკლი კობახიძეს, დელეგაციასთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უმასპინძლა. 
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შედგება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც, ორი ქვეყნის ლიდერები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

პრემიერ-მინისტრმა მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო.

საქართველოს მთავრობის მეთაური ათათურქის მავზოლეუმში დელეგაციის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

პრემიერ-მინისტრმა პატივი მიაგო თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის ხსოვნას და ათათურქის მუზეუმში ხსოვნის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

 

განიხილება საკითხები, რომელიც აერთიანებს ორი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს - დარჩიაშვილი პრემიერის ანკარაში ვიზიტზე

მთავრობის მეთაურს ექნება შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, სადაც იქნება ისეთი საკითხები განხილული, რომელიც აერთიანებს ჩვენი, ორი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ანკარაში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება.

 

მინისტრის თქმით, თურქეთი არის სტრატეგიული პარტნიორი საქართველოსთვის და მთავრობის მეთაურის ვიზიტი ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს ძლიერ იმპულსს შესძენს.

 

„თურქეთის რესპუბლიკა არის ჩვენი განსაკუთრებული მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა საქართველოსთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი, მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობები, როგორც ხელისუფლებებს, მთავრობებს შორის, ასევე ჩვენი ხალხთაშორისი ურთიერთობები განსაკუთრებულობით გამოირჩევა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პირველად, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ანკარაში. მთავრობის მეთაურს ექნება შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, სადაც იქნება ისეთი საკითხები განხილული, რომელიც აერთიანებს ჩვენი, ორი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი აუცილებლად მოიტანს ძალიან ძლიერ და მყარ იმპულსს,“- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო. 

ანკარას ესენბოღას საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს თურქეთის რესპუბლიკის ტრასპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
აბდულქადირ ურალოღლუ და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.

დღეს თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ირაკლი კობახიძეს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უმასპინძლებს. 

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.