... ... hotnews.ge - საზოგადოება

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ქაშვეთის ტაძრის ეზოში მოქალაქეები იკრიბებიან

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ქაშვეთის ტაძრის ეზოში მოქალაქეები იკრიბებიან. ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, 13:00-ზე ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღევლინება, რომლის დასრულების შემდეგ სამების ტაძრის მიმართულებით მსვლელობა დაიწყება.

მცირე პარაკლისს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), სამღვდელოებასთან ერთად აღასრულებს, მსვლელობის დასასრულს კი, სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სამადლობელი პარაკლისი შესრულდება.

ამასთან, როგორც ცნობილია, დღეს, 13:00-ზე, პარაკლისი ასევე აღევლინება საქართველოს სხვადასხვა ეპარქიაში.

ინფორმაციისთვის, ბოლო ათი წელია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით, 17 მაისს ქვეყანაში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება.

საქართველოს საპატრიარქო დღეს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს აღნიშნავს

საქართველოს საპატრიარქო დღეს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით, ლოცვითა და გალობით, სასულიერო პირები მრევლთან ერთად, ყველა დიდ ქალაქსა და მუნიციპალიტეტში მსვლელობებს მოაწყობენ.

მთავრობის დადგენილებით, 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა. აღნიშნულ დღეს ქვეყნის მეთაური გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძის თქმით, 17 მაისის მთავარი გზავნილია, რომ ქვეყანა მაქსიმალურად უნდა გაუფრთხილდეს ფასეულობებს, ღირებულებებსა და ტრადიციებს, რომლის გარეშეც საქართველოს განვითარების გზა ვერ იქნება წარმატებული და ევროპული.

„ქვეყანაში არსებული დაძაბული ვითარების მიუხედავად, 17 მაისს გავერთიანდეთ და ერთად აღვნიშნოთ ოჯახის სიწმინდის დღე“ - საპატრიარქო

17 მაისს გავერთიანდეთ და ერთად აღვნიშნოთ ოჯახის სიწმინდის დღე, - აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

"ოჯახი ნებისმიერი სახელმწიფოს ფუნდამენტია და მისი სიმტკიცის დაცვა ყველა ქვეყნისთვის არსებითია, მცირერიცხოვანი ერისთვის კი, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ამიტომაც ჩვენს ახალგაზრდებს, მორწმუნე საზოგადოებას, საქართველოს მოსახლეობას, - განურჩევლად ეროვნებისა, რწმენისა, პოლიტიკური პოზიციისა და ასაკისა, ყველას მოგიწოდებთ, ქვეყანაში არსებული დაძაბული ვითარების მიუხედავად, 17 მაისს გავერთიანდეთ და ერთად აღვნიშნოთ ოჯახის სიწმინდის დღე.

ჩვენ ყოველთვის ვგმობთ და ვემიჯნებით ძალადობას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი. გვსურს, ხვალ მშვიდობიანი შეკრებით წარმოვაჩინოთ, რომ ჩვენი ისტორიის, ტრადიციების, სულიერი და კულტურული ღირებულებების დაცვა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია და ეს ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა დგას.

ეკლესია ყოველთვის იყო ქვეყნის გამაერთიანებელი ძალა და ეს კვლავაც ასე უნდა იყოს; ამისთვის ზრუნვა ყველას, პირველ რიგში კი, სასულიერო პირებს გვმართებს.

17 მაისს, ღვთის სადიდებლად სამშობლოს სიყვარულით გავერთიანდეთ და ვილოცოთ ჩვენი ოჯახებისთვის, ვილოცოთ მშვიდობიანი საქართველოსთვის," - ნათქვამია განცხადებაში.

POSTV-ზე ჩემი გადაცემა დროებით შეჩერდა, არ არის ახლა ამის დრო - ირმა სოხაძე

ირმა სოხაძის თქმით, "საერთო გადაწყვეტილებით" პროპაგანდისტულ არხ POSTV-ზე მისი გადაცემა დროებით შეჩერდა, რადგან მომღერალი ამბობს, რომ მიმდინარე მოვლენების გამო ახლა ამის დრო არ არის.

"გადაცემა გაჩერდა, იმიტომ რომ მეც მიმაჩნია... პირველ რიგში მე ვთქვი, რომ არ არის ახლა ამის დრო და ყველა დამეთანხმა. ისეთი გადაცემაა, ძალიან მხიარული, სულ სხვაგან არის... რასაკვირველია [უკავშირდება] მიმდინარე მოვლენებს და ყველაფერს, რაც ქვეყანაში ხდება, ეს გადაცემა არის სრულიად ამოვარდნილი და საერთო გადაწყვეტილებით დროებით გაჩერდა, შეიძლება დავხუროთ, შეიძლება გავაგრძელოთ, არ ვიცი შემოდგომაზე რა იქნება". - გვითხრა სოხაძემ ტაბულას.

13 მაისს, ირმა სოხაძემ რუსულ კანონთან დაკავშირებით კვირის პალიტრასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ "უნდა შეველიოთ ამ კანონპროექტს და მშვიდად გავაგრძელოთ ცხოვრება".

მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო.

პროგრამის მიზანს ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს.

სააგენტო დაბრუნებულ მიგრანტებს შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, პროექტებს დაუფინანსებს. გრანტის ოდენობას კომისია, წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად, 6 000 ლარის ფარგლებში განსაზღვრავს.

საკუთარი საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის საჭირო ინვენტარს, ტექნიკასა თუ ხელსაწყოებს დაბრუნებული მიგრანტები, არსებული ჩამონათვალის გათვალისწინებით, თავად შეარჩევენ.

პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეებს (ან მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლებით) შეუძლიათ, რომლებიც საზღვარგარეთ ერთ წელზე მეტ ხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ, ან ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით და სამშობლოში ბოლო 12 თვის განმავლობაში დაბრუნდნენ.
საშემოსავლო პროექტების მიღება სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში 5 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება:

ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ.N15ა;
ქ. გორი, სამების ქ.N1;
ქ. რუსთავი, ი. ცურტაველის ქ.N5ა;
ქ. ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ.N106;
ქ. ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. N27.
დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის სხვა კომპონენტების ფარგლებში განაცხადები მუდმივ რეჟიმში მიიღება:

სამედიცინო დახმარება და/ან მედიკამენტების დაფინანსება;
დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა;
პროფესიული მომზადება-გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;
ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით თანხის გაცემა;
დაბრუნებული მიგრანტი ბავშვებისთვის სპორტული/შემოქმედებითი/შემეცნებითი კურსების დაფინანსება.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სააგენტოს ვებგვერდზე

თბილისში, სულიკო ჟღენტის ქუჩაზე ხანძარი იყო - დაშავდა ასაკოვანი ქალი

თბილისში, სულიკო ჟღენტის ქუჩაზე, იტალიურ ეზოში ხანძარი იყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "მთავარი არხის" ვებგვერდს განუცხადეს, რომ ცეცხლი ლიკვიდირებულია. 

დაშავებულია ერთი ასაკოვანი ქალი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.

ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება მოზარდებში - როგორ უნდა ესაუბრონ მშობლები შვილებს

მოზარდ შვილთან ან ახალგაზრდა ზრდასრულთან საუბარი, შესაძლოა, რთული ამოცანა იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე რაიმე დამოკიდებულებას ეხება. ღირებული საუბრის გამართვა ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის შესახებ არის ამოსავალი წერტილი ბავშვების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვისას.

გიზიარებთ, „ალტერნატივა ჯორჯიას“ შემუშავებულ 5 რჩევას, თუ როგორ ესაუბროთ თქვენს შვილებს (გოგოს ან ბიჭს), ხელი შეუწყოთ ორმხრივ გაგებას, გადალახოთ კომუნიკაციის ბარიერები იმგვარად, რომ უფრო მეტად გრძნობდეთ კავშირს ერთმანეთთან.

 

შეარჩიეთ კარგი დრო და ადგილი


დაელოდეთ დროით ინტერვალებს სასაუბროდ. შესაძლოა კარგად იმუშაოს საუბრებმა სადილის შემდეგ, დაძინების წინ, სკოლაში წასვლამდე ან სკოლისკენ/კლასგარეშე აქტივობებზე მიმავალ ან უკანა გზაზე.
წადით სასეირნოდ ერთად ფეხით ან მანქანით. ნაკლები თვალით კონტაქტით, თქვენი ბავშვი არ იგრძნობს თავს ისე, თითქოს მიკროსკოპით აკვირდებით.
 

წარმართეთ საუბარი ღიაობით, აქტიური მოსმენითა და „მე“ წინადადებებით


შეინარჩუნეთ ღიაობა. თუ გსურთ, გქონდეთ, პროდუქტული საუბარი მოზარდებთან, ეცადეთ, შეინარჩუნოთ ღიაობა, ცნობისმოყვარეობა და სიმშვიდე. ამ გზით, მეტად მოსალოდნელია, რომ თქვენი შვილი აითვისებს იმას, რაც უნდა უთხრათ.
დაუსვით ღია კითხვები. უფრო გახსნილი საუბრისთვის, თქვენ გჭირდებათ მიიღოთ იმაზე მეტი თქვენი შვილისგან, ვიდრე „კი“ ან „არა“ პასუხებია.
მიმართეთ აქტიურ მოსმენას. გააგებინეთ თქვენს შვილს, რომ მისი გესმით, იმის ასახვით, თუ რაც მოისმინეთ მისგან - სიტყვიერად ან მხოლოდ განწყობით. ეს მუშაობს შემდეგნაირად: თქვენ უსმენთ ბავშვს შეწყვეტინების გარეშე (არა აქვს მნიშვნელობა, რას ისმენთ), შემდეგ აჯამებთ იმას, რაც გაიგონეთ, რომ მისცეთ ბავშვს საშუალება, დაადასტუროს. სცადეთ შემდეგი ფრაზების გამოყენება:

ვრცლად სტატია იხილეთ აქ.

ქართული დელეგაცია საინგილოში

წელს აღდგომისა და გიორგობის დღესასწაულებზე საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს საპატრიარქოს, პარლამენტის, მთავრობის წარმომადგენლები და მომლოცველთა მცირე ჯგუფი კახის რაიონში იმყოფებოდა. დელეგაციის ნაწილი მოგვიანებით ბელაქნის რაიონის ქართულ სოფელ ითითალასაც ეწვია და იქ მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს შეხვდა.

 დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრები: სოზარ სუბარი და გურამ მაჭარაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კარლო ჯამბურია, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და მუნიციპალიტეტების საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, სამართლებრივი სამსახურის უფროსი დავით დავითაშვილი, იურისტი ალექსანდრე შეყილაძე, სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის ანალიტიკოსი გიორგი პატაშური.

კახ-ინგილოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) სადღესასწაულო წირვა აღავლინა სამღვდელოებასთან ერთად.

წირვის დასრულების შემდგომ, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ მრევლს საჩუქრად ქართულ ენაზე გამოცემული ბიბლიისა და ახალი აღთქმის წიგნები გადასცა. მამა პეტრეს ასევე გადაეცა 2 ფანდური, დაირა და 2 სალამური, რათა ადგილობრივმა ბავშვებმა უფრო უკეთ შეისწავლონ ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები.

 

საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ადგილობრივ ქართველებს დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ უკვე მერვედ იმყოფება საინგილოში. “ვარ ბედნიერი, რომ მაქვს კავშირი თქვენთან. მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრ ჩვენს მეგობარს, ქართველს (რომელთა მოკითხვასაც გადმოგცემთ), აქვს სურვილი, რომ ჩამობრძანდეთ აქ და თქვენთან ჰქონდეთ ურთიერთობა. ასევე მინდა პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მოკითხვა გადმოგცეთ თითოეულ თქვენთაგანს, მეუფეს, მამებს” - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

“ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ დღეს, თქვენთან, ამ ბრწყინვალე ტაძარში… ბოლოს ვიყავი ქურმუხობაზე 15 წლის წინ, როდესაც ვიყავი საქართველოს სახალხო დამცველი და საოცრად არის შეცვლილი მას შემდეგ ბევრი რამე. თუმცა მაშინაც საოცარი შთაბეჭდილება იყო, როცა ქურმუხის ტაძართან სხვადასხვა ეროვნების, სხვადასხვა სარწმუნოების ადამიანები ერთად აღნიშნავდნენ დღესასწაულს, ერთად იზიარებდნენ ამ სიხარულს. ჩემთან ერთად ბაქოდან იყო ჩამოსული ჩემი კოლეგა, ქ-ნი ელმირა სულეიმანოვა, ძალიან კარგი და ავტორიტეტული ადამიანი და ეს არ იყო უბრალოდ მხოლოდ დღესასწაულის აღნიშვნა. რამდენჯერმე ვარ მასთან ერთად აქ ნამყოფი, ვხვდებოდით ადამიანებს და ყოველთვის ის საკითხები, რომელსაც ისინი აყენებდნენ წყდებოდა ხოლმე მისი გულისხმიერების შედეგად. როცა ის ჩამოდიოდა ჩვენთან, საქართველოში და ჩავდიოდით ქვემო ქართლში, ასევე ვხვდებოდით ჩვენს აზერბაიჯანელ მოქალაქეებს და ერთობლივად ვწყვეტდით მათ საკითხებს და ეს ურთიერთობა ჩვენს 2 მეგობარ სახელმწიფოს შორის გაგრძელდება” - განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა სოზარ სუბარმა.

“ძალიან მნიშვნელოვანი და გულში ჩამწვდომი დღე არის ჩემთვის, იმიტომ, რომ დღეს პირველად მომიწია თოთოეულ თქვენთაგანთან შეხვედრა. ძალიან აღმაფრთოვანებელი და ემოციურია ეს ჩემთვის. ჩვენ ვართ მომიჯნავე რეგიონები, მომიჯნავე რაიონები და მინდა დაგიდასტუროთ ჩემი დიდი პატივისცემა, დიდი სიყვარული” - განაცხადა კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა.

იმავე დღეს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ სამღვდელოებასთან ერთად ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო პარაკლისი აღავლინა. პარაკლისს მრევლთან ერთად ქართული დელეგაციაც ესწრებოდა.

გიორგობის დღესასწაულზე კახ-ინგილოს წმინდა გიორგის ტაძართან სადღესასწაულო ტრაპეზიც გაიმართა, რომელსაც ქართულ დელეგაციასთან და მეუფე თეოდორესთან ერთად აზერბაიჯანის რელიგიის სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელი რამინ მამადოვი, კახის რაიონის ხელმძღვანელი მუსა შექილიევი, სოფელ კახ-ინგილოს გამგებელი თენგიზ ოთარაშვილი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

მოგვიანებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე და საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარიძე ბელაქნის რაიონის სოფელ ითითალაში გაემგზავრნენ და ამ სოფლის კულტურის ცენტრში შეხვდნენ იქ მცხოვრებ ქართულ დიასპორას.

სპეციალურად ამ შეხვედრისთვის ითითალაში საქართველოდან ჩავიდნენ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს დასავლეთ საქართველოს მუფთი, ადამ შანთაძე, აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი, ეტიბარ ემინოვი და შეიხი, ფაიგ ნაბიევი.

ინგილო ქართველებმა გულთბილი დახვედრა მოუწყვეს საქართველოდან ჩასულ დელეგაციას და ქართული ფოლკლორული ცეკვები და სიმღერები შეასრულეს.

ქართული დელეგაციის წევრები გაესაუბრნენ ითითალაში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს, დაინტერესდნენ მათი პრობლემებით და ქართულ ენაზე გამოცემული ყურანის წიგნები და ქართული ხალხური საკრავები გადასცეს. ითითალაში მცხოვრებ ქრისტიანებს ქართულ ენაზე გამოცემული ბიბლიისა და ახალი აღთქმის წიგნებიც გადაეცათ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაიგეგმა ქართულ დიასპორასთან ურთიერთობისა და მომავალი თანამშრომლობის საკითხები.

 

P.S. მომდევნო დღეებში მე პირადად ჩავედი ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადსა და სოფელ მოსულში, სადაც ათიათასობით ჩვენი თანამემულე ცხოვრობს. 8-9 მაისს ალიაბადსა და მოსულში მცხოვრებ მუსლიმ ქართველებს საქართველოს რელიგიის სააგენტოს სახელით მცირე რაოდენობით ქართულ ენაზე გამოცემული ყურანის წიგნები გადავეცი, ხოლო ალიაბადსა და მოსულში მცხოვრებ მართლმადიდებელ ქრისტიანებს კი - ბიბლიისა და ახალი აღთქმის წიგნები. ქართულ ენაზე გამოცემული ბიბლიისა და ახალი აღთქმის წიგნები 7 მაისს ასევე გადავეცი ქალაქ კახში და კახის რაიონის სოფელ ალათემურში მცხოვრებ მართლმადიდებელ ქართველებსაც. კახის რაიონის სოფელ ყორაღანში მხოლოდ 5 ქართული ოჯახი ცხოვრობს და 7 მაისს ყორაღანელ ქართველებს ასევე პირადად ჩავუტანე ქართულ ენაზე გამოცემული ბიბლიის წიგნები, რამაც მათი დიდი სიხარული გამოიწვია.

ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადსა და სოფელ მოსულში მცხოვრებ ინგილო ქართველ მოსწავლეებს ასევე გადავეცი რვეულები აზერბაიჯანისა და საქართველოს სტიკერებით, წიგნები ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე და სხვა დამხმარე ლიტერატურა. სამწუხაროდ, ალიაბადსა და მოსულში ქართული სასკოლო სახელმძღანელოების მწვავე დეფიციტია და ხშირად ინგილო მოსწავლეები წლების წინ გამოცემული, ძველი, ნახევრად დახეული სახელმძღვანელოებით სწავლობენ. ყველაზე მძიმე მდგომარეობა ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადშია, სადაც 4 სკოლიდან მხოლოდ 1 სკოლაშია დარჩენილი ქართული სექტორი და ისიც დახურვის პირასაა. ჩემთან საუბრისას ალიაბადსა და მოსულში მცხოვრებმა ჩვენებურებმა კმაყოფილება გამოთქვეს ქართული დელეგაციის ითითალაში ორჯერ სტუმრობის გამო, თუმცა მოითხოვეს, რომ მომდევნო ვიზიტების დროს ქართული დელეგაცია ზაქათალის რაიონის ქართულ სოფლებსაც ეწვიოს და იქ მცხოვრები ათიათასობით ინგილო ქართველის პრობლემებითაც დაინტერესდეს.

ავტორი: სერგო კერესელიძე, საინგილოს მკვლევარი, ჟურნალისტი

 

 

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის ცალკეულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის ცალკეულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის მე-12 კმ-ზე ინტენსიური წვიმის შედეგად ჩამოსული კლდოვანი მასის გაწმენდითი სამუშაოების წარმოების გამო იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

16 მაისს ქუთაისში +20 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმს. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10. ბათუმში დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

ფოთში დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს. ნალექიანი დღეა ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი. +18 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს

მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +9 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ჭიათურაშიც წვიმს. დღე +16 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +5 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია ნალექი.

ბორჯომშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +15 იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 0 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გორში დღისით +19 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გუდაურში იწვიმებს, დღე +7 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +9, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ლაგოდეხში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით წვიმიანი ამინდი და +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

რუსთავში დღისით +19 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.

ლაზარე გრიგორიადისს აღენიშნება ნაკაწრები, შეშუპება და სიწითლე - ომბუდსმენი

სახალხო დამცველის რწმუნებულები 15 მაისის აქციაზე დაკავებულ 16 პირს შეხვდნენ, რომელთაგან 3 პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე/არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს.

აპარატის ცნობით, არასათანოდო მობყრობის ფაქტზე მიუთითებს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისიც, რომელსაც ვიზუალურად აღენიშნება ნაკაწრები, შეშუპება, სიწითლე.

"სახალხო დამცველის რწმუნებულები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ თბილისის სამ იზოლატორში და შეხვდნენ 15 მაისის აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ 16 პირს.

სამი მათგანი მიუთითებს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე/არასათანადო მოპყრობაზე, რის თაობაზეც სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ აცნობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ეფექტიანი გამოძიების ჩატარების მიზნით.

მათ შორის, არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს ლაზარე გრიგორიადისი,  რომელსაც  ვიზუალურად აღენიშნება ნაკაწრები, შეშუპება, სიწითლე.
სახალხო დამცველის აპარატი განახორციელებს გამოძიების მონიტორინგს.

აპარატი აგრძელებს სხვა დაკავებულების ადგილსამყოფელის დადგენას, მათი მონახულებისა და უფლებების დარღვევის ფაქტების იდენტიფიცირების მიზნით" - წერია განცხადებაში.

გოდერძის უღელტეხილზე თოვს - აიკრძალა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა

თოვლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ123 (გოდერძის უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.