... ... hotnews.ge - სპორტი

კვარაცხელიას სანაცვლოდ, „პსჟ“ ნებისმიერ თანხას იხდის

ყველას კარგად მოეხსენება, რომ სეზონის ბოლოს, საფრანგეთის ნაკრებისა და „პარი სენ ჟერმენის“ ლიდერი კილიან მბაპე გუნდს დატოვებს და კარიერას მადრიდის „რეალში“ გააგრძელებს. ოფიციალური განცხადება თავად ფეხბურთელმაც გააკეთა და მეტიც, მან მადრიდში სახლი უკვე შეარჩია. ჰოდა, კილიანის შემცვლელად, „პსჟ“-ს ბოსებს ხვიჩა კვარაცხელია სურთ. ვაღიაროთ, რომ იტალიის ჩემპიონატი ბევრად მაღალი დონისაა, ვიდრე საფრანგეთის პირველობა, მაგრამ ამ ეტაპზე, კვარასთვის გუნდის გამოცვლა კარგი იქნება არა მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მოუწევს თამაში (რასაც „ნაპოლიში“ გაისად ვეღარ მოახერხებს), არამედ იმ მხრივაც, რომ ქართველი შემტევი არასტაბილური გუნდიდან, სტაბილურ კლუბში გადავა.

კვარას აგენტი მამუკა ჯუღელი უკვე ნეაპოლშია და როგორც იტალიური მედია იუწყება, კლუბის პრეზიდენტთან, აურელიო დე ლაურენტისთან მოლაპარაკებებიც გამართა. სენიორ აურელიო თანახმააა, კვარაცხელიას წლიური ხელფასი 1.2 მილიონი ევროდან, 6 მილიონ ევრომდე გაზარდოს, კონტრაქტი, რომელიც 2027 წლამდე მოქმედებს, 2029 წლამდე გაარძელოს, თუმცა დე ლაურენტისს სურს, რომ ქართველის გამოსასყიდ თანხად 150 მილიონი ევრო მიუთითოს. ამ ეტაპზე, ხვიჩა ფასი 80 მილიონია და ფრანგები მზად არიან, ეს თანხა გადაიხადონ, თუმცა იტალიური მედია ირწმუნება, ფრანგულ კლუბს იმდენად სურს კვარაცხელიას გადაბირება, რომ მის სანაცვლოდ, ბევრად მეტსაც გადაიხდისო. მოგეხსენებათ, ფრანგულ გრანდს არაბი შეიხები ფლობენ და ფულის გადახდა ნაამდვილად არ გაუჭირდებათ.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე

ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

აბუ დაბიში 19 მაისს სტარტს აიღებს მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში. ტურნირზე ინდივიდუალური ასპარეზობები 23 მაისს დასრულდება, 24-ში კი გუნდური შეჯიბრება გაიმართება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

კაცები

60კგ – გიორგი სარდალაშვილი

66კგ – ვაჟა მარგველაშვილი

73კგ – ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი

81კგ – ტატო გრიგალაშვილი, დიმიტრი გოჩილაიძე

90კგ – გიორგი ჯაბნიაშვილი

+100კგ – გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი

ქალები

57კგ – ნინო ლოლაძე

63კგ – ეთერ ასკილაშვილი

+78კგ – სოფიო სომხიშვილი

„ნაპოლი“ ზაფხულში ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვას არ გეგმავს - იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო:

გავლენიანი იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ნაპოლი“ ზაფხულში ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვას არ გეგმავს.

„პრემიერლიგისა კლუბებისა და პსჟ-ს მხრიდან ინტერესის მიუხედავად, „ნაპოლის“ სურს, შეინარჩუნოს კვარაცხელია, ვინაიდან კლუბს სავარაუდოდ ვიქტორ ოსიმენი დატოვებს, რომლის გარშემო სიტუაციასაც ასევე პსჟ აკვირდება.

„ნაპოლი“ შეეცდება, რაც შეიძლება მალე კვარაცხელიას კონტრაქტი გაახანგრძლივოს. კლუბი გეგმავს, ახალი კონტრაქტის გარშემო მოლაპარაკებებში წინ წაიწიოს უკვე უახლოეს კვირეებში, რათა თვიდან აიცილოს უცხოეთიდან ნებისმიერი შეთავაზება. დე ლაურენტისს სურს, რომ კვარაცხელია ზაფხულში „ნაპოლიში“ დარჩეს“, - წერს ფაბრიციო რომანო.

გიორგი მიქუატაძეს მადრიდის „ატლეტიკო“ იწვევს

მადრიდის „ატლეტიკო“ ახალ სეზონში გიორგი მიქაუტაძის დამატებას გეგმავს – საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელზე ინფორმაციას Transfersdot-ი ავრცელებს.

„ამსტერდამის „აიაქსის“ თავდამსხმელს, გიორგი მიქაუტაძეს, რომელიც იჯარით ფრანგულ „მეცში“ თამაშობს, მადრიდის „ატლეტიკო“ იწვევს. ქართველ თავდამსხმელს ამსტერდამულ კლუბში თამაშის შესაძლებლობა არ მიეცა, მაგრამ მას შემდეგ, რაც იანვარში იჯარით „მეცში“ დაბრუნდა, თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესოა“, – წერს Transfersdot-ის რედაქტორი, რობინ ბერნერი.

“ნაპოლი” მზადაა, ხვიჩა კვარაცხელია 130 მილიონ ევროდ გაყიდოს

იტალიური მედიის ცნობით ქართველი შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ევროპული ტოპ კლუბების ინტერესები არ წყდება. “ბარსელონას” შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას დამატებით “პარის სენ-ჟერმენიც” არის დაინტერესებული, რომელიც თავის მთავარ ვარსკვლავთან, კილიან მბაპესთან დასამშვიდობებლად და შემდგომი პერიოდის დაგეგმვისთვის ემზადება.

"პარის სენ-ჟერმენი” მბაპეს შემცვლელად ხვიჩა კვარაცხელიასაც განიხილავს, რომლის დამატებაც ძალიან რთული ორი მიზეზის გამო იქნება. პირველი ეს არის ღირებულება, ხოლო მეორე ის, რომ “ნაპოლი” ამ დროისთვის ფეხბურთელის ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე მუშაობს.

"ნაპოლი" ქართველს დაახლოებით 130 მილიონ ევროდ აფასებს, რაც პარიზული კლუბის კატარელი მმართველებისთვის ხელმიუწვდომელი თანხა არ უნდა იყოს.

არსებობს ინტერესი “ბარსელონას” მხრიდანაც, რომელიც მზადაა კვარაცხელიას ტრანსფერში თავისი ორი ფეხბურთელი ფერმინ ლოპესი და ფერან ტორესი ჩართოს, ვინაიდან კატალონიელებს ეკონომიკურ-ფინანსური სიტუაცია არ აძლევს იმის საშუალებას, ბაზარზე დიდი ფული დახარჯოს.

პრობლემას ის ქმნის, რომ სამხრეთ იტალიური გუნდის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს კვარაცხელიას გაყიდვის იდეა და სურვილი არ აქვს.

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, განახლებული ხელშეკრულებით, რომელიც 2028 წლის 30 ივნისამდე იქნება გათვლილი, ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი სეზონში 4 მილიონ ევრომდე გაიზრდება, მისი ტრანსფერის გამოსყიდვა კი 120-130 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.

რამაზ ზოიძე პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს

სტამბოლში ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირი მიმდინარეობს. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რამაზ ზოიძემ (67 კგ) გადამწყვეტ შეხვედრაში ჩინელი ლეი ლი ანგარიშით 10:0 დაამარცხა და ოლიმპიადაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

შეგახსენებთ, 2024 წლის ოლიმპიადის ლიცენზია აქვს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რობერტ კობლიაშვილს (97 კგ), რომელმაც პარიზში ასპარეზობის უფლება ბაქოში გამართულ ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირზე მოიპოვა.

სამართლიანობა აღდგენილია - გიორგი მიქაუტაძეს ფრანგმა დისციპლინარებმა წითელი ბარათი გაუუქმეს

რამდენიმედღიანი კამათის შემდეგ ოფიციალურად გადაწყდა და „მეცის“ ქართველ თავდამსხმელს, გიორგი მიქაუტაძეს „რენთან“ ბოლო ტურში ნაჩვენები წითელი ბარათი გაუუქმეს, – ინფორმაციას Onefootball-ი ავრცელებს.

„საფრანგეთის პროფესიული ლიგის დისციპლინურმა კომიტეტმა გააუქმა რუდი ბუკეს გადაწყვეტილება და მიქაუტაძის წითელი ბარათი გააბათილა. გადაწყვეტილება არ არის გასაკვირი მას შემდეგ, რაც გაზეთ L’Equipe-ში გუშინ გამოქვეყნდა, რომ რუდი ბუკემ წერილი გაუგზავნა საფრანგეთის პროფესიული ლიგის სადისციპლინო კომიტეტს მიქაუტაძის წითელი ბარათის გაუქმების მოთხოვნით. ახლა ოფიციალურად ცნობილია, რომ ქართველი თავდამსხმელი კვირას „სტრასბურგის“ წინააღმდეგ თამაშს შეძლებს. მიქაუტაძეს წითელი ბარათი გააუქმეს და ყვითელი ბარათით შეუცვალეს.

გიორგი მიქაუტაძე სადისციპლინო კომიტეტმა შეიწყალა, რაც „მეცისთვის“ მთავარი უპირატესობაა ლიგა 1-ში დარჩენისთვის ბრძოლაში. გუნდი ამჟამად სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა, რაც პლეი ოფში თამაშის უფლებას იძლევა. თუ „მეცს“ ელიტაში დარჩენა სურს, „ლორიანმა“ და „კლერმონმა“ ბოლო ტურებში უნდა წააგონ.

ამდენად, მიქაუტაძის დისკვალიფიკაციის გაბათილება „მეცისთვის“ შანსია, რადგან ბოლო კვირებში გუნდის მიერ მოპოვებულ ქულებში ქართველი თავდამსხმელის წვლილი უზარმაზარი იყო. მიქაუტაძემ ბოლო ხუთ მატჩში შვიდი გოლი გაიტანა და, უდავოდ, „მეცის“ წარმატებების დიდი არქიტექტორი გახდა. შეიძლება, მისი ყოფნა ბოლო ორ მატჩში და პლეი ოფის შესაძლო დაპირისპირებაში გადამწვეტი გამოდგეს“, – წერს Onefootball-ი.

მიქაუტაძე მპაბესთან ერთად თვის საუკეთესო გოლის ნომინანტია

საფრანგეთის ლიგა 1-ის ვებგვერდმა დაიწყო გამოკითხვა აპრილის თვის საუკეთესო გოლის ასარჩევად, ნომინანტებს შორის კი გიორგი მიქაუტაძეა.

აპრილის საუკეთესო გოლისთვის, საქართველოს ნაკრების და „მეცის“ თავდამსხმელის გარდა, დასახელებულია კილიან მბაპეს (პსჟ), კრისტიან კასერესის (ტულუზა), ფარის მუმბანიას (ოლიმპიკი მარსელი) და პჟემისლავ ფრანკოვსკის (ლანსი) გოლები.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ამ პრესტიჟულ განაცხადში საფრანგეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში „ლანსის“ წინააღმდეგ „სენ-სიმფორიენის სტადიონზე“ გატანილი გოლის წყალობით მოხვდა.

ფეხბურთის მოყვარულებს შეუძლიათ, საპატიო ჯილდოს გამარჯვებულის გამოსავლენად ხმა ამ ბმულზე მისცენ. ცხადია, „მეცის“ ქართველი თავდამსხმელის მხარდამჭერებმა იციან, რა უნდა გააკეთონ.

აპრილის საუკეთესო გოლის ნომინანტმა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა და „მეცის“ ლიდერმა გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში 18 მატჩი ჩაატარა. მას უკვე 12 გოლი და 4 საგოლე პასი დაუგროვდა.

ფოდენი ინგლისში წლის ფეხბურთელი გახდა

ინგლისის ჟურნალისტთა ასოციაციის (FWA) ვერსიით, „მანჩესტერ სიტის“ გარემარბი ფილ ფოდენი წლის ფეხბურთელად დასახელდა.

FWA-ს თითქმის 900 წევრის გამოკითხვის შემდეგ ფოდენმა ხმების 42 პროცენტი მიიღო. პირველ სამეულში მოხვდნენ „არსენალის“ ნახევარმცველი დეკლან რაისი და „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი როდრი.

2023-24 წლების სეზონში ფოდენმა 48 მატჩი ჩაატარა, 24 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

FWA-ის ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი პრემიერლიგაში სამი ძირითადი ჯილდოდან ერთ-ერთია. სეზონის შედეგების მიხედვით ასევე საუკეთესოებს ასახელებენ პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაცია (PFA) და თავად ინგლისური ლიგა. გასულ სეზონში FWA-ის ვერსიით საუკეთესო გახდა „მანჩესტერ სიტის” ფორვარდი ერლინგ ჰალანდი.

„რეალი“ 36-ედ გახდა ესპანეთის ჩემპიონი

ლა ლიგის 34-ე ტურში ჩემპიონი გაირკვა – ტურნირის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე.

შაბათს „რეალმა“ შინ 3:0 დაამარცხა „კადისი“, მისმა უახლოესმა მდევარმა „ბარსელონამ“ კი სტუმრად 2:4 დათმო შეხვედრა „ჟირონასთან“. შესაბამისად, კატალონელებმა დაკარგეს „რეალის“ დაწევის შანსი.

„რეალის“ ჩემპიონობისა და ისტორიის მთავარი ციფრები:

* „რეალი“ 36-ედ გახდა ჩემპიონი. დანარჩენები ძალიან ჩამორჩენილები არიან: 27 – „ბარსელონა“, 11 – „ატლეტიკო“, სხვებს 10-ზე ნაკლები აქვთ. ბოლო 12 სეზონში „რეალმა“ ოთხჯერ მოიგო ჩემპიონობა, მაგრამ ზედიზედ ორჯერ ტიტული 2008 წლის შემდეგ არ მოუგია.

* „რეალმა“ ჩემპიონატში მხოლოდ ერთი მატჩი წააგო – „ატლეტიკოსთან“ (1:3) გასული წლის სექტემბერში. ბოლოს „რეალმა“ ერთი წაგებით სეზონი 1989 წელს დაასრულა – წააგო მხოლოდ „სელტასთან“.

* „რეალი“ შესანიშნავად თამაშობს შინ – ერთადერთია წაგების გარეშე საკუთარ მოედანზე და მხოლოდ ორ მატჩში დაკარგა ქულები (0:0 „რაიო ვალეკანოსთან“ და 1:1 „ატლეტიკოსთან“).

* სამმა ფეხბურთელმა გაიტანა სეზონში, მინიმუმ, 10 გოლი: 18 აქვს ჯუდ ბელინგემს, 13 – ვინისიუსს და 10 – როდრიგოს. „გოლი+პასი“ სისტემით ლიდერობს ბელინგემი – მას 18+4 აქვს.

* ლუკა მოდრიჩმა 25-ე ტიტული მოიგო „რეალთან“ ერთად, დანი კარვახალმა და ნაჩო ფერნანდესმა – 24-ე, ტონი კროოსმა – 21-ე.

* კარლო ანჩელოტიმ სამწვრთნელო კარიერაში 27-ე ტიტული მოიგო.

გიორგი მიქაუტაძე „მეცში“ აპრილის თვის საუკეთესო მოთამაშეა

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე „მეცის“ გულშემატკივრებმა აპრილის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„გიორგი მიქაუტაძე, რომელიც „მეცის“ ვებგვერდის მომხმარებლებმა ორჯერ უკვე აღიარეს გუნდში თვის ფეხბურთელად, ახალ ჯილდოს იღებს – Flitbix-ის მიერ წარდგენილ გამოკითხვაში ის აპრილის საუკეთესო მოთამაშედაც აირჩიეს.

მიქაუტაძე ასწრებს მატიე უდოლს, პაპა ამადუ დიალოს და ალექსანდრე ოკიჯას. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ნაკრების ბრწყინვალე ფეხბურთელმა ლიგა 1-ში ექვსი გოლი გაიტანა. გილოცავთ, გიორგი!“ – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

აღსანიშნავია, რომ გიორგი მიმდინარე სეზონში ფრანგულ კლუბში მხოლოდ 5 თვეა თამაშობს და საუკეთესო ფეხბურთელად მესამედ (აგვისტოში, თებერვალსა და აპრილში) დაასახელეს. აპრილში „მეცმა“ სულ 7 გოლი გაიტანა, მათგან 6 ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზეა.

“არა ყველაფერს, რაც გვაპირისპირებს! - ხვიჩა კვარაცხელია პოსტს აქვეყნებს

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, სოციალურ ქსელში ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ეხმაურება :

"მე ყოველთვის იქ ვდგავარ და მუდამ ვიდგები სადაც ჩემი საქართველოა

ძალიან განვიცდი იმას რაც დღეს ჩემს ქვეყანაში ხდება, მიჭირს ამ ყველაფრის ყურება. მინდა მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი აზრი და ვთქვა რომ ჩვენ ვიმსახურებთ ვიყოთ ევროპის ნაწილი და ამაში ხელი არაფერმა უნდა შეგვიშალოს. მინდა ყველა ისეთი ერთიანი და ბედნიერი ვიყოთ როგორც 26 მარტს! არმინდა ჩემი სიტყვები ვინმემ სასიკეთოთ გამოიყენოს, მითუმეტეს იმ ხალხმა ვინც ჩემს ყოველ ნაბიჭს აკრიტიკებდა და დამცინავად უყურებდა! მე მიყვარს თითოეული ქართველი, მე მიყვარს ჩემი საქართველო და მთელი ჩემი საქმიანობა და მიღწევებიც ჩემს ქვეყნისთვისაა, მისი წარმატებისთვის და ევროპული მომავლისთვის და ჩემი სიცოცხლის ბოლომდე ასე იქნება მწყდება გული რო დღეს სიტყვებით უფრო ვაფასებთ ადამიანის პატრიოტიზმს, ვიდრე საქციელით. არა ყველაფერს, რაც გვაპირისპირებს! კი საქართველოს წინსვლას და გამარჯვებას! მე ვარ საქართველო" - წერს კვარაცხელია.