... ... hotnews.ge - მსოფლიო

"კარგად ვიცნობ სი ძინპინს და ვლადიმერ პუტინს, ისინი ახლა ერთიანდებიან" - ტრამპი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტები – სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი „ზიანის გამოწვევას“ გეგმავენ.

„კარგად ვიცნობ ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს. ახლა ისინი ერთად მუშაობენ გეგმებზე, სადაც გაერთიანდებიან, რათა ზიანი მოიტანონ. ეს არის ის, რაზეც ისინი ფიქრობენ“, – განაცხადა ტრამპმა ნიუ იორკში ჟურნალისტებთან საუბრისას.

როგორც „ბიბისი“ წერს, ამერიკის პრეზიდენტობის პერიოდში დონალდ ტრამპს სი ძინპინთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. 2017 წელს მან ჩინეთის ლიდერს უმასპინძლა და ისაუბრა მათ „არაჩვეულებრივ ურთიერთობაზე“, თუმცა მომდევნო წლებში ტრამპმა სი ძინპინს „მტერი“ უწოდა.

ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინი ჩინეთში იმყოფება, სადაც ის უკვე შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს, სი ძინპინს.

აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის იარაღის მიწოდების საქმეში მონაწილე პირებს

შეერთებულმა შტატებმა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის იარაღის მიწოდების საქმესთან კავშირში ეჭვმიტანილ რუსეთის ორ მოქალაქესა და სამ რუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ცნობაში, რომელშიც აღნიშნულია სანქციებს ექვემდებარებიან კომპანია Rafort-ის მფლობელი, რაფაელ გაზარიანი და „ტექნოლოგიების“ მფლობელი ალექსეი ბუდნევი. ცალკე სანქციების სიაში აღმოჩნდნენ მათი კუთვნილი კომპანიები და ასევე კომპანია „ტრანს-კაპიტალი“, რომელიც ჩრდილოეთ კორეული იარაღისა და სამხედრო დანიშნულები მასალების იმპორტში მონაწილეობდა.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო ცნობით, გაზარიანი თანამშრომლობდა სლოვაკეთის მოქალაქე აშოტ მკრტიჩევთან, რომელიც გასული წლის მარტში აღმოჩნდა სანქცირებულთა სიაში რუსეთსა და კორეის სახალხო რესპუბლიკას შორის იარაღის მიწოდების გარიგებების ხელშეწყობის მცდელობისთვის. სავარაუდოდ, 2023 წლის განმავლობაში გაზარიანი მუშაობდა მკრტიჩევთან ასეთი გარიგების ორგანიზებისთვის. გარდა ამისა, გაზარიანი იყენებდა კომპანია "ტრანს-კაპიტალს", რათა საავიაციო კომპონენტების გადაზიდვასა და მიწოდების საქმეში დახმარებოდა ჩრდილოეთ კორეელ იარაღის დილერს.

2023 წლის მარტში ბუდნევმა ხელი შეუწყო რუსეთისთვის სამხედრო საკომუნიკაციო აღჭურვილობის მიწოდებას, რომელიც, სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კორეაში იყო დამზადებული.
"დღევანდელი ქმედებები ასახავს ჩვენს სურვილს, ხელი შეუშალოს ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას", - აღნიშნა ბრაიან ნელსონმა, ფინანსური დაზვერვისა და კონტრტერორიზმის დარგში აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მოადგილემ.

აშშ-მა და სამხრეთმა კორეამ ადრე ჩრდილოეთი კორეა დაადანაშაულეს უკრაინის ომის დროს რუსეთისთვის ჭურვებისა და სხვა სამხედრო დახმარების გაგზავნაში. როგორც რუსეთმა, ასევე ჩრდილოეთმა კორეამ უარყვეს ეს ბრალდებები.

თებერვალში The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა, საბრძოლო მასალის სანაცვლოდ, ჩრდილოეთ კორეას მისცა გლობალურ ფინანსურ სისტემაზე წვდომის საშუალება და ასევე განბლოკა ჩრდილოეთ კორეის ზოგიერთი აქტივი, რომლებიც გაეროს სანქციებს ექვემდებარებოდა.

პუტინმა და სი ძინპინმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომელიც აშშ-ს და უკრაინასაც ეხება

რუსეთი დადებითად აფასებს ჩინეთის „ობიექტურ და მიუკერძოებელ პოზიციას უკრაინის საკითხში და იზიარებს მიდგომას, რომლის თანახმად, კონფლიქტები უნდა გადაწყდეს გაეროს წესდების საფუძველზე მისი მთელი სისრულით და ერთობლიობით”. ამის შესახებ, როგორც რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებები წერენ, საუბარია რუსეთის და ჩინეთის პრეზიდენტების, ვლადიმირ პუტინის და სი ძინპინის მიერ პეკინში დღეს, 16 მაისს, ხელმოწერილ განცხადებაში.

კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, „დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 75-ე წლისთავის კონტექსტში” ხელმოწერილი ერთობლივი განცხადება ეხება „ყოვლისმომცველი პარტნიორობის და სტრატეგიული ურთიერთქმედების გაღრმავებას”, რომელიც „ახალ ეპოქაში“ შედის.

უკრაინის შესახებ განცხადებაში წერია, რომ მხარეები აუცილებლად მიიჩნევენ შეწყვეტას ნებისმიერი ნაბიჯების, რომლებიც ხელს უწყობს საბრძოლო მოქმედებების გაჭიანურებას და კონფლიქტის შემდგომ ესკალაციას. მოსკოვის და პეკინის მოწოდებაა, რომ უნდა აღიკვეთოს კონფლიქტის გადასვლა „უკონტროლო ფაზაში“.

პუტინი და სი ძინპინი ხაზს უსვამენ დიალოგის, როგორც „უკრაინის კრიზისის გადაწყვეტის ოპტიმალური ფორმის“ მნიშვნელობას. მხარეთა პოზიციაა, რომ „უკრაინის კრიზისის მდგრადი მოგვარებისთვის საჭიროა მისი პირველმიზეზის მოცილება და უსაფრთხოების განუყოფლობის პრინციპის დაცვა და უსაფრთხოების სფეროში ყველა ქვეყნის კანონიერი ინტერესების და შეშფოთების გათვალისწინება".

სააგენტო „ტასს“ მოჰყავს კიდევ რამდენიმე პუნქტი პუტინის და სი ძინპინის მიერ ხელმოწერილი განცხადებიდან, რომელიც სხვადასხვა სფეროში ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხების გარდა, ეხება მათ პოზიციასაც ამერიკის შეერთებული შტატებისადმი.

რუსეთი და ჩინეთი შეერთებული შტატებისგან მოითხოვენ სამხედრო-ბიოლოგიური საქმიანობის შეწყვეტას და მიიჩნევენ, რომ ამერიკის და ნატოს სტრატეგიები უარყოფით გავლენას ახდენენ სიტუაციაზე აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში. მოსკოვი და პეკინი გმობენ ინიციატივებს უცხო სახელმწიფოების აქტივების და ქონების კონფისკაციის შესახებ. ეწინააღმდეგებიან ცალკეული ქვეყნების მცდელობებს, კოსმოსური სივრცე გამოიყენონ შეიარაღებული კონფრონტაციის მიზნებისთვის. ეწინააღმდეგებიან აშშ-ის „ჰეგემონურ მცდელობებს", შეცვალოს ძალთა ბალანსი ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში და სერიოზულად აშფოთებთ აშშ-ის მცდელობები „დაარღვიოს სტრატეგიული ბალანსი".

პუტინის და სი ძინპინის განცხადების მიხედვით, რუსეთი და ჩინეთი ეწინააღმდეგებიან „სამხედრო სფეროში“ აშშ-ის და მისი მოკავშირეების „დაშინების აქციებს“, რომლებიც ახდენენ ჩინეთთან „შემდგომი კონფრონტაციის პროვოცირებას".

ჩინეთში პუტინის ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტი 16 მაისს დაიწყო. დილით პეკინში გაიმართა სი ძინპინის და ვლადიმირ პუტინის მოლაპარაკებები - ჯერ ვიწრო, შემდეგ კი გაფართოებული შემადგენლობით. რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებების ცნობით, შეხვედრა საერთო ჯამში 2,5 საათს გაგრძელდა.

რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ ჩინეთის ოფიციალური პოზიცია ნეიტრალურია. ამასთან, პეკინმა დასავლეთის მიერ სანქცირებულ რუსეთთან ვაჭრობა გაზარდა და აწვდის ისეთ საქონელსაც, რომელსაც რუსეთი სამხედრო მრეწველობაში იყენებს.

დასავლეთის სახელმწიფოებმა ჩინეთი არაერთხელ გააფრთხილეს, რამდენად სარისკოა უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მხარდაჭერა.

2023 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის წლისთავზე, ჩინეთმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელსაც უკრაინაში კონფლიქტის პოლიტიკური გზებით მოგვარების საფუძვლად მიიჩნევს. უკრაინამ და მისმა დასავლელმა მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ პეკინის გეგმა არ მოიცავს რეალურ წინადადებებს მშვიდობის დასამყარებლად.

ვლადიმერ პუტინი ჩინეთს ეწვია

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთს ეწვია. როგორც მედია აღნიშნავს, ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინ პინმა პუტინს გრანდიოზული დახვედრის ცერმონია მოუწყო, რის შემდეგაც ლიდერებმა შეხვედრა გამართეს.

ამ წუთებში სი ძინ პინისა და ვლადიმერ პუტინის პრესკონფერენცია იწყება.

პუტინი ჩინეთში ორ დღეს დარჩება, სადაც სი ძინ პინთან ერთად განიხილავს ორი ქვეყნის პარტნიორობას, სტრატეგიულ თანამშრომლობას და აქტუალურ საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებს. მედიის ინფორმაციით, ლიდერები ასევე ხელს მოაწერენ რამდენიმე ერთობლივ დოკუმენტს.

ჩინეთში ვიზიტამდე პუტინმა ჩინურ მედიასთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კრემლი მზად იყო უკრაინაში მიმდინარე ომზე მოლაპარაკებებისთვის.

„ჩვენ ღია ვართ უკრაინის შესახბ დიალოგისთვის, მაგრამ მსგავსი მოლაპარაკებები უნდა ითვალისწინებდეს კონფლიქტში ჩართული ყველა ქვეყნის ინტერესებს, მათ შორის, ჩვენსას“, – თქვა პუტინმა.

როგორც რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, მათ არასდროს უთქვამთ უარი მოლაპარაკებებზე და შეაქო ჩინეთის სამშვიდობო გეგმა, რომელიც მოსკოვს თავისი ტერიტორიული მიღწევების განტმკიცების საშუალებას მისცემს.

„ჩინეთი გვთავაზობს პრაქტიკულ და კონსტრუქციულ ნაბჯებს მშვიდობის მისაღწევად, სადაც თავს იკავებენ საკუთარი ინტერესებისა და დაძაბულობის ესკალაციისგან, ასევე მინიმუმამდე დაჰყავთ კონფლიქტის ნეგატიური გავლენა მსოფლიო ეკონომიკზე“, – განაცხადა პუტინმა.

რობერტ ფიცოს მდგომარეობა მძიმეა - სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი

სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა, რობერტ კალინაკმა განაცხადა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

„ამ დროისთვის სასიხარულო ამბავი არ გვაქვს და ჩვენი იმედი საავადმყოფოს ექიმების ხელშია“, - აღნიშნა რობერტ კალინაკმა.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს ცეცხლი გაუხსნეს, ის ჰოსპიტალში არის გადაყვანილი. ინციდენტი ბრატისლავიდან 180 კილომეტრში, ქალაქ ჰანდლოვაში, სამთავრობო შეხვედრის შემდეგ მოხდა. თავდამსხმელი დაკავებულია.

პირი, რომელმაც რობერტ ფიცოს ესროლა, მწერალი და ერთ-ერთი ლიბერალური პარტიის აქტივისტი, იურაი ჩინტულაა - სლოვაკური მედია

სლოვაკური მედია იუწყება, რომ პირი, რომელმაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს ესროლა, 71 წლის მწერალი და ერთ-ერთი ლიბერალური პარტიის აქტივისტი, იურაი ჩინტულაა.

ადგილობრივი მედია აღნიშნავს, რომ რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი ლიბერალური პარტია „პროგრესული სლოვაკეთის“ აქტივისტია, მას ჰქონდა ოფიციალურად რეგისტრირებული იარაღი.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს ცეცხლი გაუხსნეს, ის ჰოსპიტალში არის გადაყვანილი. ინციდენტი ბრატისლავიდან 180 კილომეტრში, ქალაქ ჰანდლოვაში, სამთავრობო შეხვედრის შემდეგ მოხდა. თავდამსხმელი დაკავებულია.

სალომე ზურაბიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა

როგორც საქართველოს პრეზიდენტი, X-ზე წერს, საუბარი ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან:

"მადლობა გადავუხადე პრეზიდენტს სოლიდარობისა და ქართველი ხალხის ურყევი მხარდაჭერისთვის.

ჩვენი ერთობლივი მომავალი ევროპაშია!" წერს სალომე ზურაბიშვილი. 

აშშ და უკრაინა უსაფრთხოების შეთანხმებას 10 წლის ვადით გააფორმებენ

შეერთებული შტატები უკრაინასთან უსაფრთხოების შეთანხმებას 10 წლის ვადით გააფორმებს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კიევის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გამოსვლისას განაცხადა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, შეთანხმება ითვალისწინებს შეერთებული შტატების მხარდაჭერას უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის რიგ სფეროებში - „ავიაციიდან დაწყებული საჰაერო თავდაცვით დამთავრებული და დრონებიდან დაწყებული ნაღმების გაწმენდით დამთავრებული“.

ბლინკენის განმარტებით, ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების შეთანხმება ხელს შეუწყობს უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარების დაჩქარებას და საშუალებას მისცემს უკრაინას მომავალში აწარმოოს საკუთარი საბრძოლო მასალა და არტილერია.

შეგახსენებთ, 2023 წლის ივლისში „დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა უკრაინასთან ერთად მიიღეს დეკლარაცია, რომელიც უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმებების გაფორმებისთვის საფუძველი გახდა. ამ შეთანხმებებმა უნდა უზრუნველყონ უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერა ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებამდე. უკრაინამ უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას ხელი უკვე ცხრა ქვეყანასთან მოაწერა, მათგან ბოლოს - ლატვიასთან.

ენტონი ბლინკენმა კიევის ერთ-ერთ მიწისქვეშა ბარში იმღერა

ენტონი ბლინკენმა კიევის ერთ-ერთ მიწისქვეშა ბარში იმღერა. „ბარმენ დიქტატში“ მან ცნობილი როკ-ჰიტი Rockin' In The Free World შეასრულა.

აღნიშნული სიმღერა კანადელი მუსიკოსის, ნილ იანგის პოლიტიკური ჰიტია, რომელიც მან პირველად სიეტლში 1989 წლის თებერვალში იმღერა. სიმღერის ტექსტში უფროსი ჯორჯ ბუში და მისი პოლიტიკაა გაკრიტიკებული.

"გაზპრომის" სუფთა წაგება ბოლო ერთ წელში 7 მილიარდია

პირველად, 1999 წლის შემდეგ, კრემლის მფლობელობაში მყოფი ენერგოკომპანია "გაზპრომი" სერიოზული წაგების წინაშე აღმოჩნდა. ექსპერტები არ გამორიცხავენ, ეს რუსეთის სამთავრობო კომპანიის ისტორიაში წარუმატებლობის ხანგრძლივი პერიოდის დასაწყისი იყოს.

თავად რუსული კომპანიის მიერ ახლახან გაკეთებული განცხადების მიხედვით, "გაზპრომის" სუფთა წაგებამ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 7 მილიარდი დოლარი შეადგინა. "გაზპრომმა" ძალზე იზარალა ევროპასთან ვაჭრობის მკვეთრი კლების გამო, რაც კრემლის მიერ უკრაინასთან ომის დაყწების და რუსეთზე დაწესებული სანქციების პირდაპირი შედეგი შეიძლება იყოს.

2022 წლამდე, ვიდრე რუსეთი მეზობელ სუვერენულ უკრაინაში კიდევ ერთხელ შეიჭრებოდა და იქ სრულმასშტაბიან ომს გააჩაღებდა, კომპანიის მოგების მთავარ წყაროს ევროპაში ექსპორტირებული გაზით მიღებული შემოსავალი შეადგენდა. ანალიტიკოსების აზრით, აშკარად იკვეთება, რომ ამ ეტაპზე ვერც რუსეთის შიდა ბაზარი და ვერც ჩინეთის თუ სხვა ქვეყნების ახალი ბაზრები, ევროპაში რუსული გაზის იმპორტირების შეზღუდვით მიყენებულ ზარალს ვერ აკომპენსირებს.

კომპანია "გაზპრომის" მონაცემებითა და საინფორმაციო სააგენტო "როიტერის" ექსპერტთა გათვლებით, 2022 წელს, რუსეთმა ევროპას სხვადასხვა მარშრუტებით, დაახლოებით 63.8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდა. ამ უკვე შემცირებული მონაცემების ფონზე, გასულ წელს, ევროპაში ექსპორტის მოცულობამ 28.3 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, რაც ექსპორტის თითქმის განახევრებაზე, 55,6%-ით შემცირებაზე მიუთითებს.

"გაზპრომისთვის" 21-ე საუკუნის მეორე ათწლეული ერთგვარი "ოქროს ხანა" იყო. რუსული გაზის მოგებამ პიკს 2018 წელს მიაღწია, როცა "გაზპრომმა" ევროკავშირში და თურქეთში 200.8 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზი გაიტანა.

 

"ამერიკის ხმა"

ენტონი ბლინკენი კიევში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კიევში ჩავიდა.

„მე დავბრუნდი კიევში, რათა გამოვხატო ჩვენი ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რადგან ისინი იცავენ თავიანთ თავისუფლებას რუსული აგრესიისგან“, – წერს ბლინკენი სოციალურ ქსელში.

გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავს მოლაპარაკებებს.

 

ლიეტუვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ლიეტუვაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურში მოქმედი პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა ლიდერობს, თუმცა ქვეყანაში არჩევნების მეორე ტური იქნება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ნაუსედამ ხმათა 44 პროცენტი მიიღო, მისმა კონკურენტმა, პრემიერ-მინისტრმა, ინგრიდა შიმონიტემ კი 19 პროცენტი. ცესკო-ს ცნობით, არჩევნებზე მოსახლეობის აქტიურობა 59.4 პროცენტი იყო.

„დიახ, პირველ ტურში მინდოდა გამარჯვება, მაგრამ, როგორც ჩანს, მეორე რაუნდი იქნება, მზად ვარ, მტკიცედ ვიბრძოლო გამარჯვებისთვის და ვფიქრობ, ამას შევძლებ“,- განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

თავის მხრივ, შიმონიტემ აღნიშნა, რომ მისი მთავარი მიზანი მეორე ტურში გადასვლა იყო.

„მივიჩნევ, რომ ეს მიზანი მიღწეულია“, – აცხადებს შიმონიტე.

ლიეტუვას საპრეზიდენტო არჩევნებში რვა კანდიდატი მონაწილეობდა.