... ... hotnews.ge - ხავი დარჩა და კვარაცხელიას ითხოვს

ხავი დარჩა და კვარაცხელიას ითხოვს

კატალონიური „ბარსელონა“ წელს ტიტულის გარეშე დარჩა. გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდა, ესპანეთის ჩემპიონატში კი, საუკეთესო შემთხვევაში, მეორე ადგილზე თუ გავა, რადგან პირველადგილოსან მადრიდის „რეალთან“ სხვაობა ძალიან დიდია. ორიოდე თვის წინ, „ბარსას“ ლეგენდამ და ამჟამად მთავარმა მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა განაცხადა, სეზონის დასრულების შემდეგ, გუნდიდან მივდივარო, მაგრამ ისე ჩანს, მას გადადგომა კლუბის პრეზიდენტმა, ხუან ლაპორტამ გადააფიქრებინა და დაპირდა, რომ მომავალი სეზონისთვის, გუნდი საკმარისად გაძლიერდება.

ჰოდა, ესპანური მედია წერს, ხავის მთავარი სამიზნე ხვიჩა კვარაცხელიაა და მის დასამატებლად, ლაპორტა ყველაფერს გააკეთებსო. ოფიციალურად, კვარას ამჟამინდელი ფასი 80 მილიონი ევროა, რაც ერთი შეხედვით, ძვირი არ არის, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ უკვე მერამდენე წელია, კატალონიელებს სერიოზული ფუნანსური კრიზისი უდგათ და ქართველის ყიდვის შემთხვევაში, ვინმეს გაყიდვა მოუწევთ.

ისე, ინგლისური პრემიერლიგის გასულ ტურში, გუნდის ლიდერ მოჰამედ სალაჰსა და მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს შორის შელაპარაკება მოხდა, რაც სერიოზული განხილვის საგანი გახდა. სეზონის ბოლოს, კლოპი „ლივერპულიდან“ მიდის და დიდი შანსია, გუნდი სალაჰმაც დატოვოს. შესაბამისად, როცა სალაჰის წასვლა ახსენეს, ჟურნალისტებმა მიანიშნეს, რომ ეგვიპტელის ადგილზე, იდეალური კანდიდატურა... ხვიჩა კვარაცხელია იქნებოდა.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე

YOU MAY LIKE