... ... hotnews.ge - საზოგადოება

წვიმა და ქარი - დღევანდელი დღის ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყანაში დღესაც ნალექიანი ამინდი იქნება. მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ელჭექის დროს ქარის ხანმოკლე გაძლიერება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო

დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო. აღდგომის შემდეგი კვირა მსგეფსია და მორწმუნეებს ოთხშაბათსა და პარასკევს ყველანაირი პროდუქტის მიღება შეუძლიათ.

ბრწყინვალე შვიდეულის ყველა დღეს ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება და მორწმუნეებს ზიარების მიღების შესაძლებლობა აქვთ.

ამასთან, წელს ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს გიორგობის დღესასწაული დაემთხვა.

მართლმადიდებელი ეკლესია 6 მაისს გიორგობას აღნიშნავს

   მართლმადიდებელი ეკლესია 6 მაისს წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს.
   წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და იგი საქართველოში განსაკუთრებით უყვართ. 

   წმინდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, იგი, რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს, მხედართმთავარი გახდა.
   ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. მან მრავალი სატანჯველი მოითმინა, მათ შორის - ბორბალზე გაკვრა. წმინდანს 303 წელს, 30 წლის ასაკში, მოკვეთეს თავი. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი. 

   წმინდა გიორგი კაბადოკიელის კულტი მთელს მსოფლიოშია გავრცელებული. მას არამარტო მართლმადიდებლები, არამედ ყველა მიმართულების ქრისტიანული აღმსარებლობის მორწმუნეები კათოლიკეები, პროტესტანტები, გრიგორიანელები, მონოფიზიტები სცემენ თაყვანს. წმინდანის შესახებ ცნობები მაჰმადიანთა წმინდა წიგნში - ყურანშიც კი მოიპოვება.
   ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ, 6 მაისს - წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს, დღესასწაულობს. 

   წმიდა დიდმოწამე გიორგის მეოხებით ღმერთმა გაძლიეროს სრულიად საქართველო! 

როდის უნდა გავიდეთ საფლავზე - როგორია ეკლესიის პოზიცია

აღ­დგო­მის მე­ო­რე დღე, ორ­შა­ბა­თი, საფ­ლავ­თა კურ­თხე­ვის დღეა. ბრწყინვალე შვიდეულის პირველ დღეს შეღებილი კვერცხით, პასკებითა და სხვა სანოვაგით დატვირთული ადამიანები ოჯახის წევრების და ახლობლების საფლავზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ.

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, ლიტანიობის შემდეგ საფლავზე გასვლა ნებისმიერს შეუძლია, თუმცა სიხარულით და მიცვალებულისთვის აღდგომის მისალოცად. როგორც სასულიერო პირები გვეუბნებიან, მთავარია აღდგომის დღესასწაულზე საფლავზე გლოვით არ მივიდეთ.

ქრისტიანული მრწამსით, გარდაცვალების შემდეგ ადამიანის სული საიქიო სამყაროში გადაინაცვლებს, რაც მასთან კიდევ შეხვედრის შანსია. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული კი, მართლმადიდებლური რწმენის მიხედვით, საყოველთაო აღდგომას, მარადიულ სიცოცხლეს ეძღვნება.

აღდგომას საფლავზე გასვლის ტრადიცია საქართველოში ათწლეულებია დამკვიდრდა და მას საყოველთაო ხასიათი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ხალხი საფლავებზე აღდგომის მეორე დღეს, ორშაბათს გადის, ეკლესია გვეუბნება, რომ ამ ტრადიციას მართლმადიდებლობასთან არაფერი აკავშირებს.

თეოლოგთა აზრი სასულიერო პირებისას ემთხვევა. ორშაბათს საფლავზე გასვლის ტრადიცია ათწლეულების წინ ჩამოყალიბდა და მას თავიდანვე განსხვავებული დატვირთვა ჰქონდა.

საეკლესიო კანონიკის მიხედვით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, ლიტანიობის შემდეგ საფლავზე გასვლა შეგვიძლია, თუმცა მხოლოდ სიხარულით და მიცვალებულისთვის აღდგომის მისალოცად.

გმირთა მოედანზე დაკავებული სამი დემონსტრანტი გაათავისუფლეს

ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ 2 მაისს, საღამოს, გმირთა მოედანზე, „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებული სამი დემონსტრანტი - ირაკლი მილაძე, გივი თუთარიშვილი და გიორგი შუკაკიძე - გაათავისუფლეს.

ტყეშელაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები გმირთა მოედანზე დააკავეს მაშინ, როდესაც „კონსტიტუციის ფარგლებში გამოხატავდნენ თავის სურვილებს, რომ გადაკეტილიყო ტრანსპორტის მოძრაობა. აქ მთავარი ის არის, რომ ადამიანთა რაოდენობა იმდენად ბევრი იყო, რომ თავისთავად გადაიკეტა გზა და ეს ხელოვნური არ ყოფილა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაინც დაიწყო დაკავებები“.

ადვოკატი დაკავებულთა მიმართ ძალადობაზეც გვიყვება. „ერთ-ერთ დაკავებულს, როდესაც შევხვდი, მან აღნიშნა, რომ გოგა მემანიშვილმა [საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე] პირადად დააკავა, იძალადა და აგინა. ეს ადამიანი ძალიან შეურაცხყოფილად გრძნობს თავს. ეს ყველაფერი არის სისხლის სამართლის დანაშაული - არაადამიანური და არაჰუმანური მოპყრობა. ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩადის დანაშაულს მინდა ვუთხრა, რომ მათ დანაშაულს არც ერთი დღე აქვს ხანდაზმულობის ვადა და არც ორი დღე. ყველას მიაკითხავს სამართალი და კანონიერება“, - თქვა ადვოკატმა.

აქციის მონაწილეები სასამართლო პროცესის გამართვის გარეშე გაათავისუფლეს ზაჰესისა და დიღმის დროებითი დაკავების იზოლატორიდან. ლაშა ტყეშელაძე მიუთითებს დემონსტრანტების წინააღმდეგ ამოქმედებულ ახალ „სადამსჯელო მექანიზმზე“.

„[აქციის მონაწილეს] 48 საათის განმავლობაში ამყოფებენ იზოლატორში, მტკიცებულებებს არ მოიპოვებენ, დაკავების დროის (48 საათის) ამოწურვის შემდეგ, სასამართლოშიც კი არ გადაჰყავთ და იზოლატორიდან უშვებენ. ამ შემთხვევაშიც ასე იყო“, - გვითხრა ადვოკატმა.

რაც შეეხება შემთხვევებს, როდესაც სასამართლო პროცესები იმართება, ადვოკატი გვიყვება, რომ ბოლოს გაიმართა აქციაზე დაკავებულების, კახა ფირცხალავასა და კობა ავსაჯანიშვილის სასამართლო სხდომები. ტყეშელაძის თქმით, ისინი მოსამართლემ პოლიციელების ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებების საფუძველზე დააჯარიმა.

„პოლიციელები გამოცხადდნენ სასამართლო სხდომაზე, რომლებმაც ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები მისცეს. სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს არ უნდა ემყარებოდეს. მოსამართლე გადაწყვეტილებას უნდა იღებდეს სხვადასხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, მაგალითად, ვიდეოჩანაწერით, რომელშიც რაიმე სახის ადმინისტრაციული დარღვევა არის დაფიქსირებული. ამ კონკრეტულ პროცესზე სხვა არცერთი მტკიცებულება არ არსებობდა საქმეში. რეალურად, დადგმული სპექტაკლიც კი ვერ ითამაშეს სწორად. მიუხედავად ამისა, სასამართლომ მაინც ცნო აქციის მონაწილეები სამართალდამრღვევად“, - აღნიშნა მან. კახა ფირცხალავა 2000 ლარით, ხოლო, კობა ავსაჯანიშვილი 2300-ით დააჯარიმეს.

ზოგადად, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულ დემონსტრანტებზე საუბრისას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლაშა ტყეშელაძემ, რომელიც დროებითი დაკავების იზოლატორში არაერთ დაკავებულს შეხვდა, გაიხსენა ძალადობის შემთხვევები.

„სულ რამდენიმე ადამიანი ვნახე იზოლატორში, რომლებმაც თქვეს, რომ მათზე ნაკლებად იძალადეს. დანარჩენ შემთხვევებში, სრულ უმრავლესობაზე იძალადა პოლიციამ. ეს ძალადობა უტოლდება წამებას. ძალადობა ხდება ორ ეტაპად: ერთი, „რობოკოპები“ „კორდონს ჩაატარებენ“, მეორე, ხუთ ადამიანს მაინც მოუყოლია ჩემთვის რომ უღებენ და ურტყამენ, აყენებენ შეურაცხყოფას. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში შევიტანე საჩივარი და დღემდე რეაგირება არ მომხდარა. პროკურატურასთან ჩავატარე ბრიფინგი, განცხადებაც წარვადგინე და ამ მომენტისთვის რეაგირება არც იქიდან ყოფილა“, - განაცხადა ადვოკატმა.

როგორც რადიო თავისუფლებას შსს-ს პრესცენტრში უთხრეს, 2 მაისის საღამოს და 3 მაისს გამთენიისას, პოლიციამ გმირთა მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, 23 მოქალაქე დააკავა.

ბოლო სამი დღის განმავლობაში პოლიციამ აქციებზე ასამდე ადამიანი დააკავა:

30 აპრილიდან 1 მაისის ღამეს - 63;
1-დან 2 მაისის ღამეს - 5;
2-დან 2 მაისის ღამეს - 23.
3 მაისს, დაახლოებით ღამის 01:00 საათისთვის, ინციდენტი მოხდა გმირთა მოედანზე. თვითმხილველები და მათ შორის დაშავებული ორი მამაკაცი ჰყვებოდნენ, რომ მათ თავს დაესხნენ „პროვოკატორები“, რომლებიც ავტომობილებით შეცვივდნენ გმირთა მოედანზე, გადმოვიდნენ მანქანებიდან და ფიზიკურად გაუსწორდნენ.ბოლო წლებში გამოკვეთილი პრაქტიკის თანახმად, როგორც წესი, საპროტესტო დემონსტრაციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულების წინააღმდეგ სასამართლოში მოწმეები მხოლოდ პოლიციელები არიან, რომლებსაც არ აქვთ სამხრე კამერების ჩანაწერები.

საქმეების მასალებში ჩნდება ხოლმე სამართალდარღვევის ოქმი, დაკავების ოქმი და პოლიციელის ჩვენება - თუმცა არა სამხრე კამერების ჩანაწერები.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ ეს პრაქტიკა პრობლემურია.

უფლებადამცველი ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ხშირად მიუთითებს, რომ „სამხრე კამერების ჩანაწერებს, როგორც ნეიტრალური მტკიცებულებებს, არსებითი მნიშვნელობა აქვს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების დასაცავად და სამართალდამცავთა თვითნებობის პრევენციისთვის“.

გარდა უფლებადამცველებისა, ამ პრობლემაზე საუბრობს სახელმწიფოც.

კერძოდ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშის თანახმად, საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას სამართალდამცავების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე გამოწვევად რჩება სრულყოფილი გამოძიების ჩატარება.

გამოძიების ჩატარებას კი სწორედ „ნეიტრალური მტკიცებულებების“, - კერძოდ, სამხრე კამერების ჩანაწერების - არარსებობა ართულებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური რეკომენდაციითაც გამოვიდა, რომ „საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების მიერ უნდა გაიზარდოს სამხრე კამერების გამოყენების შემთხვევები, რათა მოქალაქის პრეტენზია/საჩივრებთან დაკავშირებით არსებობდეს ობიექტური ნეიტრალური მტკიცებულებები“.

ბოლო ასეთი შემთხვევა „რონდელის ფონდის“ უფროსი მკვლევრის, ბუკა პეტრიაშვილის დაკავება იყო 28 აპრილს.

პეტრიაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „მოწმეები“ - ორი პატრულ-ინსპექტორი - მას შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებდნენ. „მონებს და იდიოტებს გვეძახდაო“, - აღნიშნა მან.

თუმცა, როგორც ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, არცერთ მათგანს უშუალოდ დაკავებაში მონაწილეობა არ მიუღია.1 მაისს საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონი“ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მიიღო.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, დაავალდებულებენ, დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

კანონპროექტის მიღების პარალელურად, საქართველოს ურთიერთობა ტრადიციულ სტრატეგიულ პარტნიორებთან, შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირთან იძაბება.

საქართველოში ნალექიანი ამინდი 6 მაისამდე შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში უამინდობა 6 მაისამდე შენარჩუნდება. მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ელჭექის დროს ქარის ხანმოკლე გაძლიერება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

როგორ უნდა მიესალმოთ მორწმუნეები ერთმანეთს 40 დღის განმავლობაში და რა ლოცვა იკითხება აღდგომიდან ამაღლებამდე

აღდგომის ბრწყინვალე შვიდეული გვირგვინდება კვირიაკით, რომელსაც ეწოდება კვირაცხოვლობა, ანუ ახალი კვირა, ანუ აღდგომის განახლება. ამ დღიდან მოყოლებული, ყოველი კვირა დღე აღდგომის დღესასწაულია.

დღეიდან, აღდგომის მეორე დღეს მორწმუნეებისთვის ბრწყინვალე შვიდეული, ანუ მსგეფსი დაიწყო. მისი თითოეული დღე განსაკუთრებული მადლითაა აღსავსე.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს საფლავთა კურთხევას აღნიშნავს.

ამ დღეს მორწმუნეები მიცვალებულთა საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. ტრადიციის მიხედვით, მათ თან პასკა და წითელი კვერცხები მიაქვთ.

ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ დღეს ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება და მორწმუნეებს ზიარების მიღების შესაძლებლობა აქვთ.

ბრწყინვალე შვიდეულში ყველა საეკლესიო წესს განსაკუთრებული ელფერი აქვს.

წირვა-ლოცვა მხოლოდ ამ კვირისთვის დამახასიათებელი რიგით სრულდება, განსხვავებულია მიცვალებულის წესის აგება, ცვლილებაა ყოველდღიურ ლოცვებშიც.

ბრწყინვალე შვიდეულში არ იკითხება ფსალმუნები, პარაკლისები, დაუჯდომელი ლოცვები, ხოლო დილა-საღამოს ლოცვების ნაცვლად იკითხება პასექის ჟამნი.

ამ კვირაში ზიარებისათვის მომზადებაც შემსუბუქებულია: მარხვის დაცვა არაა საჭირო, ხორცის მიღება თვით ზიარების წინ დღესაც კი შეიძლება.

იცვლება მისალმების წესიც: აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტიანები შეხვედრისას „გამარჯობის“ ნაცვლად ერთმანეთს ახარებენ: „ქრისტე აღდგა“ — „ჭეშმარიტად!“ „ჭეშმარიტად აღდგა!“ „ჭეშმარიტად აღსდგა ქრისტე!“

აღდგომის ბრწყინვალე შვიდეული გვირგვინდება კვირიაკით, რომელსაც ეწოდება კვირაცხოვლობა, ანუ ახალი კვირა, ანუ აღდგომის განახლება. ამ დღიდან მოყოლებული, ყოველი კვირა დღე აღდგომის დღესასწაულია.

კვირაცხოვლობას ტაძრებში დაჭრილი არტოსი – საგანგებოდ გამომცხვარი პური რიგდება, რომელიც აღდგომის დღიდან მთელი ბრწყინვალე შვიდეულის მანძილზე ეკლესიებში კანკელის წინ პატარა მაგიდაზე დევს და დიდი მადლით იმოსება. მორწმუნეები მას განსაცდელისას, სულიერი და ხორციელი უძლურების დროს იღებენ.

წყარო: პრაიმ ტაიმი 

არსებული დაპირისპირებისა და რთული ვითარების მიუხედავად, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული - ილია II

ბოლო პერიოდშიც და, სამწუხაროდ, წელსაც პოლიტიკურმა პროცესებმა ხალხში ისეთი დაძაბულობა შემოიტანა, რომ, როგორც მძიმე მარხვის განცდა, ისე სააღდგომო სიხარულის განწყობა, ბევრში განელდა, – ამის შესახებ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი. 

როგორც ეპისტოლეშია აღნიშნული, მიუხედავად ქვეყანაში არსებული დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, ჩვენ უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და, განსხვავებული აზრების მიუხედავად, შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება.

„წინასააღდგომო მარხვას ეკლესია როგორც შემოქმედის, ასევე მოყვასის მიმართ სინანულისა და შენდობის მოწოდებით იმიტომ იწყებს, რომ ქრისტიანული ცხოვრება წესად გვექცეს, სულიერი წყლულები მოვიშუშოთ და ნაკლოვანებანი აღმოვფხრათ, რათა ჩვენში და ჩვენს გარშემო არსებულ გარემოში მოხდეს საღვთო წიაღისკენ მიბრუნება, – ურთიერთსიყვარულში დაბრუნება.

ბოლო პერიოდშიც და, სამწუხაროდ, წელსაც პოლიტიკურმა პროცესებმა ხალხში ისეთი დაძაბულობა შემოიტანა, რომ, როგორც მძიმე მარხვის განცდა, ისე სააღდგომო სიხარულის განწყობა, ბევრში განელდა.

მიუხედავად ქვეყანაში არსებული დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, ჩვენ უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და, განსხვავებული აზრების მიუხედავად, შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება.

ყველას მოგიწოდებთ, დღეს, შესაძლებლობისამებრ, ავმაღლდეთ სულიერად, მივეცეთ აღდგომის დღესასწაულის სიხარულს და საგალობლებით შევეგებოთ მაცხოვარს; გავერთიანდეთ ქრისტეში და ერთად შევთხოვოთ მას კეთილდღეობა და მშვიდობა როგორც საქართველოსთვის, ისე უკრაინის, ახლო აღმოსავლეთისა და მთელი მსოფლიოსათვის.

უფალი თავისკენ უხმობს მწუხარეთ, სიმართლის მწყურვალთ, მოწყალეთ, მშვიდობისმყოფელთ, გულით წმინდანთ და რწმენაში მტკიცეთ; მათ, რომელნიც არ ბრკოლდებიან ცილისწამებით, უსამართლო დევნითა და დამცირებით და სჯერათ, რომ, როგორც განვლო სინანულისა და მარხვის დღეებმა, ასე გაივლის წუთისოფლის განსაცდელებიც და სიმართლე აუცილებლად იზეიმებს, ვითარცა იზეიმა ქრისტეს აღდგომამ“, – ნათქვამია ეპისტოლეში.

ეპისტოლე სრულად იხილეთ აქ: 

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

სააღდგომო ეპისტოლე ✨

⛪ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის


🔸 საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
📖 „თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს, იცოცხლებს“ (ინ.11.25).
აღსრულდა უფლის განკაცების დიადი საიდუმლოს მთავარი მიზანი, - ქრისტე აღდგა!
ენით გამოუთქმელი და მიუწვდომელი ეს სასწაული თითოეული ადამიანის გულამდე აღწევს და საყოველთაო სიხარულით აღვსილნი ვხმობთ:
ქრისტე აღდგა!
ჭეშმარიტად აღდგა!

საღვთო და ადამიანური ბუნების მქონე ძე ღვთისა და ძე კაცისა, მაცხოვარი სოფლისა და განმაახლებელი სამყაროსი, იშვა რჩეული ერის, ისრაელის, წიაღში.
ადამიანური ბუნებით იგი მოიცავდა მთელ კაცობრიობას, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ არ ჰქონდა ცოდვა ისევე, როგორც ადამს ცოდვით დაცემამდე.

მას მეორე ადამადაც სახელდებენ, რადგან არც ადამს ჰყავდა ხორციელი მამა და არც იესოს; პირველი ადამი მიწისგან შეიქმნა და შემოქმედისგან სული შთაებერა, მეორე, - წმინდა ქალწულ მარიამისგან სულიწმინდით მოევლინა ქვეყანას. პირველი ადამის შეცოდებით სამოთხე დავაკარგეთ და სიკვდილსა და ხრწნილებას დაედო სათავე, ხოლო მეორე ადამმა - ქრისტემ, ცოდვისა და სულიერი სიკვდილისაგან გვიხსნა, მარადიული სიცოცხლე მოგვანიჭა და სამოთხის კარი კვლავ განგვიღო.

განკაცებულმა უფალმა განაახლა ჩვენი დაცემული ბუნება და აღგვიდგინა ცოდვით შებღალული თავდაპირველი ხატება ღვთისა. ამასთან, მან გვიჩვენა მაგალითი იმისა, თუ როგორი ურთიერთობა უნდა გვქონდეს ერთმანეთთან და ღმერთთან, რათა დასაბამისეული განგებულება ყოვლადწმინდისა სამებისა ჩვენში გაცოცხლდეს და აღორძინდეს.
* * *
სულ რაღაც სამწელნახევრის მანძილზე იესო ქრისტემ თავისი ქადაგებებით მრავალი მიმდევარი შეიძინა, თუმცა მისი მაცხოვნებელი სწავლება ყველამ სიხარულით როდი მიიღო. ზოგი ეჭვით უყურებდა, ზოგიც გმობდა. თავად უფალი კი, განგებულების შესაბამისად, გარკვეულ ჟამამდე განერიდებოდა ხოლმე მათ და განკურნებულებს, მკვდრეთით აღდგინებულებს, აგრეთვე, ფერისცვალების სასწაულის მხილველ მოწაფეებს და თვით ბოროტ სულებსაც უკრძალავდა, გარკვეულ დრომდე, მესიად საჯაროდ ეღიარებინათ; სიტყვანი და საქმენი მისნი კი მაინც თავისთავად მოწმობდა, ვინ იყო იგი.

უფალთან ურთიერთობისას ადამიანები გრძნობდნენ, რომ არამიწიერთან და, ამავე დროს, მშობლიურთან, ჰქონდათ შეხება და მუდამ არჩევანის წინაშე დგებოდნენ, - მიეტოვებინათ ძველი ცხოვრების წესი, ეზრუნათ სულიერ განწმენდაზე, როგორც ამას მაცხოვარი ქადაგებდა, თუ დარჩენილიყვნენ ცოდვაში და ძველებური ყოფა გაეგრძელებინათ.

იერუსალიმში დიდებით შესვლამდე უარყოფითად განწყობილნიც კი, მართალია, ზოგჯერ დრტვინვით, მაგრამ უფრო ხშირად ინტერესით, უსმენდნენ მაცხოვარს; თუმცა ოთხი დღის მკვდარი ლაზარეს აღდგინების შემდეგ, როცა მთელმა ერმა პატივი მიაგო მას, როგორც მესიასა და მაცხოვარს და ჩვილებმაც კი სასწაულებრივად იგალობეს მხსნელის სადიდებელი: „ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს უფლის სახელით მომავალი მეფე ისრაელისა“ (ინ. 12.13) - , ვითარება რადიკალურად შეიცვალა; უფალი უკვე ყველას შეეხო და როგორც საერონი, ისე, განსაკუთრებით, სასულიერო დასი არჩევანის წინაშე დადგა, - ან უნდა მიეღოთ იგი მესიად, ან უარეყოთ.
დაპირისპირებულმა ძალამ მისი სიკვდილით დასჯა განიზრახა.
მოვლენები უსწრაფესად განვითარდა.

ქრისტე შეიპყრეს ხუთშაბათს, ღამით, როდესაც მოსახლეობა პასექის ზეიმისთვის ემზადებოდა. პარასკევს, გამთენიისას, გაასამართლეს, განაჩენი გამოუტანეს და იმავე დღეს ჯვარს აცვეს.
პასექის დღესასწაულთან დაკავშირებით, დამკვიდრებული ჩვეულებისამებრ, პილატეს სასამართლომდე ერთი ბრალდებულის შეწყალება იყო შესაძლებელი. მღვდელმთავრებისა და უხუცესების მიერ წაქეზებულმა ხალხმაც იესო ქრისტეს ბარაბა ამჯობინა...
* * *
იმ დროისათვის იუდეა რომის იმპერიას ექვემდებარებოდა, რის გამოც მაცხოვრის მთავარ ბრალმდებლებს, სინედრიონის წევრებს, იგი რომაელ პროკურატორთან, პილატესთან, უნდა მიეყვანათ, რადგან, რომის ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე, ჩამორთმეული ჰქონდათ სიკვდილის განაჩენის გამოტანის უფლება; ამასთან, უფლის უკიდურესი შეურაცხყოფის მიზნით, მისი სიცოცხლის ხელყოფა ჯვარცმით, - დასჯის ყველაზე დასაძრახი რომაული წესით, ჰქონდათ განზრახული.

გარდა პილატესი, იგი მეოთხედმთავარსაც, იუდეის მეფე ჰეროდესაც მიჰგვარეს. ასე რომ, უმოკლეს დროში მოხდა იესო ქრისტეს წარდგენა სამ მმართველ ძალასთან:
იუდეველმა მღვდელმთავარმა კაიაფამ ბრალად დასდო მოსეს რჯულის დარღვევა და ღვთის თანასწორად თავის მიჩნევა.

წარმოშობით იდუმიელმა მეფე ჰეროდემ, რომელიც არ იყო დავითის შთამომავალი და ტახტის დაკარგვის შიში მუდამ ჰქონდა, იუდეველთათვის აღთქმულ ცრუ მეფედ მიიჩნია იგი და, დამცირების მიზნით, თავის მოსასხამმოცმული საბოლოო მსჯავრისთვის პილატეს გაუგზავნა.
პროკურატორ პილატეს არ სურდა ქრისტეს დასჯა, მაგრამ მაინც ანგარიში გაუწია სინედრიონის, ჰეროდესა და მასთან წარმოდგენილი ხალხის პოზიციას და იმის შიშით, რომ არ დაეწამებინათ უძლეველი რომის კეისრის ძალაუფლების შემცილებლის დაცვა (ეუბნებოდენ, იესო თავს ამქვეყნიურ მეფედ აცხადებსო), აღარ შეეწინააღმდეგა მოთხოვნას - ჯვარს ეცვათ იგი.
სამწუხაროდ, ვერცერთმა ხელისუფალმა ვერ შეიცნო მასში ზეციური მეუფე, სიბრძნე და ჭეშმარიტება, ნათელი და სიცოცხლე, სიყვარული და უმწვერვალესი თავმდაბლობა, რადგან მიწიერ გულისთქმებს შედგომილნი არ ესწრაფოდნენ ღვთის სამართლს და საკუთარ სიმართლეს მინდობილნი, უფლის სიმართლეს არ დაემორჩილნენ (შდრ. რომ. 10.3). „ამაონი იქმნენ თავიანთი ზრახვით, და დაბნელდა მათი უგონო გული; ბრძენკაცებად მოჰქონდათ თავი, და შლეგებად იქცნენ“ (რომ. 1.21-22), უსამართლო ბრალი დასდეს მაცხოვარს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს თავად სიმართლეს, სიცოცხლესა და ჭეშმარიტებას.

ერთი შეხედვით, მიწიერმა სამართალმა გაიმარჯვა და, ადამიანური ლოგიკით, ჯვარცმის შემდეგ იესოსადმი რწმენა უნდა განელებულიყო, მაგრამ სინამდვილე საპირისპირო აღმოჩნდა.
მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირება სიმართლესა და უსამართლობას, ზეციურ და მიწიერ აზროვნებას შორის დღემდე გრძელდება და ხალხის არჩევანიც მაცხოვრისა და ბარაბას მიმართ კვლავ სასწორზე დევს, სიმართლით შენიღბული სიცრუე და ბოროტება ვერ ფარავს ქრისტეს სახარების ჭეშმარიტებას და იგი, ღვთის მადლითა და ძალით, მთელს მსოფლიოში კვლავაც ვრცელდება და იქადაგება.
* * *
მეტად მნიშვნელოვანია ზემოთქმულის სულიერი მხარე:
როგორც ვიცით, შემოქმედი სასჯელით გვსჯიდა, როცა ხედავდა როგორ ვეფლობოდით ცოდვაში და ვიღუპებოდით. ეს იყო მიზეზი იმისა, რომ წარღვნით აღხოცა კაცთა შორის გამრავლებული ბოროტება, ცეცხლით დაწვა სოდომი და გომორი, ბაბილონის გოდლის მშენებლობით გამოვლენილი ამპარტავნებისათვის ბოროტად შეთქმული ადამიანები ენათა შერევით განაცალკევა...
ამიტომაც არის აზრი იმის შესახებაც, რომ დაცემულ ანგელოზებს ეგონათ, თუ უფალი კაცთაგან სასიკვდილოდ გაიწირებოდა, ღმერთი ადამის მოდგმას სამუდამოდ მოაკლებდა წყალობას, მისი რისხვა იქნებოდა შეუქცევადი და კაცობრიობა მთლიანად და საბოლოოდ ჯოჯოხეთის წილხვედრი გახდებოდა.

თუმცა მოვლენები რეალურად როგორ განვითარდებოდა, არა თუ მათ, თვით ღვთის ანგელოზებმაც არ იცოდნენ.

ქმნილ სამყაროს არ შეეძლო წარმოედგინა, რომ ღმერთი თავის ჯვარცმას ჩვენი გამოხსნის ყველაზე დიდ მსხვერპლშეწირვად და ჩვენდამი თავისი სიყვარულის ზეიმად აქცევდა; ჩვენს უგულისხმობას საოცარი მიმტევებლობით უპასუხებდა და დასჯით სწორედ დემონთა სამყაროს დასჯიდა; მათ ძლიერებას დაამხობდა, ჯოჯოხეთის ბჭეთ შემუსრავდა და სიკვდილს განაქარვებდა.
„დაინთქა სიკვდილი ძლევით! სადა არს ჯოჯოხეთო ძლევაი შენი, სადა არს სიკვდილო საწერტელი შენი?!“ (I კორ. 15.55).

ამიერიდან, მართლმორწმუნეთათვის იმქვეყნად სატანჯველი აღარ არსებობს, რადგან ქრისტეში და ქრისტეთი ცოდვათგან განწმენდილი მათი სულები ღვთის სავანეთ იმკვიდრებენ და მეორედ მოსვლის შემდეგ, საყოველთაო აღდგომით, უხრწნელი სხეულის შემოსვითა და ცათა სასუფეველში დამკვიდრებით იხარებენ.

მთელი ახალი აღთქმა ცათა სასუფევლისკენ მოწოდებაა, რადგან მისი მოპოვებაა ჩვენი მყოფობის არსი და აზრი. აღდგომილი მაცხოვარიც სწორედ ცათა სასუფევლის ცოდნას უზიარებდა თავის მოწაფეებს, განსაკუთრებით 40 დღის მანძილზე, როცა ზეცად ამაღლებამდე ეცხადებოდა მათ და სამოციქულო ღვაწლისთვის ამზადებდა და განამტკიცებდა.

ამის შედეგი იყო ის, რომ მოციქულები, რომელთაც დაბრკოლებისა და შიშის გამო ჯვარცმისას მიატოვეს იესო და სინედრიონის მიერ წაქეზებული ხალხისა და ხელისუფალთაგან შეძრწუნებულნი გარეთ გასვლასაც ვერ ბედავდნენ, უხრწნელ სხეულში მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვრის არაერთგზისი ხილვითა და მასთან ურთიერთობით დარწმუნდნენ, რომ ასეთივე იქნებოდა საყოველთაო აღდგომისას ჩვენი სხეულებრივი მდგომარეობაც, რომ სიკვდილმა ძალა დაკარგა და მარადიული სიცოცხლისაკენ გაგვეხსნა გზა. ამიტომაც, სრულიად გაუქრათ მიწიერ სხეულთან გაყრის შიში და მათში სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებამ იზეიმა.
ისინი იმდენად განმტკიცდნენ და იმდენად განიბრძნენ უფლის სწავლებით, რომ წმინდა მიწაზეც და მთელ მსოფლიოშიც უშიშრად დაიწყეს სახარების ქადაგება და მოწამეობრივი სიკვდილიც სიხარულით მიიღეს.
* * *
უფალმა, ადამის ცოდვის გამოსყიდვით, თავის მორწმუნეთათვის სინანული გახადა იმდენად ცხოველსმყოფელი, რომ ავაზაკს სიცოცხლის ბოლო წუთების აღმსარებლობითა და გულწრფელი სინანულით მთელი ამქვეყნიური ცოდვები მიუტევა და სამოთხის კარი გაუხსნა, რითაც თითოეულ ჩვენგანს მოგვცა იმედი სინანულის გზით ცხონებისა.

ეკლესიის დიდი მოძღვრები გვასწავლიან იმასაც, რომ ჩვენს პირველმშობლებს ცოდვა სამოთხეშივე რომ მოენანიებინათ, დანაშაული რომ ერთმანეთისა და მაცდურისათვის არ გადაებრალებინათ, არამედ თავიანთი ამპარტავნება და ურჩობა უფლის წინაშე გულწრფელად ეღიარებინათ, აღარ დაისჯებოდნენ.

ღვთის წინაშე შენდობა რომ ეთხოვა და ღალატის გამო შესატყვისი სინანული გამოევლინა, თვით იუდაც, პეტრე მოციქულის მსგავსად, შეწყალებას მიიღებდა, მაგრამ იგი, სინანულის ნაცვლად, სასოწარკვეთილებამ მოიცვა, რაც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

გახსოვდეთ, რაც არ უნდა დიდი იყოს თქვენი ცოდვები, იმედი არ დაკარგოთ და სინანულის მადლით დაუბრუნდით ქრისტეს! ზეციურ მკურნალს არა ჰყავს უკურნებელი სნეულნი, რადგან მისი მოწყალება და შეწევნის ძალა უნაპიროა; ოღონდ უფალს გულმოდგინება და ნაყოფი სინანულისა უნდა ვუჩვენოთ. ადამიანს ღუპავს არა ჩადენილ ცოდვათა სიმრავლე, არამედ მათი მოუნანიებლობა, გაქვავებული და გასასტიკებული გული.
* * *
წინასააღდგომო მარხვას ეკლესია როგორც შემოქმედის, ასევე მოყვასის მიმართ სინანულისა და შენდობის მოწოდებით იმიტომ იწყებს, რომ ქრისტიანული ცხოვრება წესად გვექცეს, სულიერი წყლულები მოვიშუშოთ და ნაკლოვანებანი აღმოვფხრათ, რათა ჩვენში და ჩვენს გარშემო არსებულ გარემოში მოხდეს საღვთო წიაღისკენ მიბრუნება, - ურთიერთსიყვარულში დაბრუნება.
ბოლო პერიოდშიც და, სამწუხაროდ, წელსაც პოლიტიკურმა პროცესებმა ხალხში ისეთი დაძაბულობა შემოიტანა, რომ, როგორც მძიმე მარხვის განცდა, ისე სააღდგომო სიხარულის განწყობა, ბევრში განელდა.

მიუხედავად ქვეყანაში არსებული დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, ჩვენ უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და, განსხვავებული აზრების მიუხედავად, შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება.

ყველას მოგიწოდებთ, დღეს, შესაძლებლობისამებრ, ავმაღლდეთ სულიერად, მივეცეთ აღდგომის დღესასწაულის სიხარულს და საგალობლებით შევეგებოთ მაცხოვარს; გავერთიანდეთ ქრისტეში და ერთად შევთხოვოთ მას კეთილდღეობა და მშვიდობა როგორც საქართველოსთვის, ისე უკრაინის, ახლო აღმოსავლეთისა და მთელი მსოფლიოსათვის.

უფალი თავისკენ უხმობს მწუხარეთ, სიმართლის მწყურვალთ, მოწყალეთ, მშვიდობისმყოფელთ, გულით წმინდანთ და რწმენაში მტკიცეთ; მათ, რომელნიც არ ბრკოლდებიან ცილისწამებით, უსამართლო დევნითა და დამცირებით და სჯერათ, რომ, როგორც განვლო სინანულისა და მარხვის დღეებმა, ასე გაივლის წუთისოფლის განსაცდელებიც და სიმართლე აუცილებლად იზეიმებს, ვითარცა იზეიმა ქრისტეს აღდგომამ.

ამის დასტურია თუნდაც ის ფაქტი, რომ მსოფლიო ცივილიზაცია თავის ჟამთა სვლას და მოვლენებს ორ ძირითად ნაწილად ყოფს, - ქრისტემდე და ქრისტეს შემდეგ წელთაღრიცხვით, რადგან 2000 წლის მანძილზე სწორედ მას უკავშირდება უდიდესი სულიერ-კულტურული და საკაცობრიო ცვლილებები და ქრისტეს ეკლესიაც ხარობს წმინდა მამათა და დედათა და თავის სხვა ღირსეულ შვილთა სიმრავლით.

დღეს ჩვენთან ერთად უფლის აღდგომას ზეიმობენ ჩვენი გარდაცვლილი ახლობლები და წინაპრებიც, ჭეშმარიტი რწმენით აღსრულებულნი; დღეს ერთიანდება ცა და მიწა, დრო და მარადიულობა, რაც მთელი არსებით შეგვაგრძნობინებს, რომ ქრისტეა განმსაზღვრელი მთელი სამყაროს აწმყოსი, წარსულისა და მომავლისა; რომ იესოა სიცოცხლე და ერთადერთი წყარო სიცოცხლისა მათთვის, რომელნიც შეუდგებიან - განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური მდგომარეობისა და ასაკისა.
მაშ, ყველამ გულით აღმოვთქვათ:
✨ ქრისტე აღდგა!
✨ ჭეშმარიტად აღდგა!
✨ აღდგომილმა მაცხოვარმა დალოცოს თითოეული თქვენგანი და სრულიად საქართველო, ამინ!
სიყვარულით მუდამ თქვენთვის მლოცველი,
⛪ ილია II
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი
აღდგომა ქრისტესი,
თბილისი, 2024 წელი

საჩხერე-ონის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი ჩამოწვა

საჩხერე-ონის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი ჩამოწვა.  გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

იერუსალიმის აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის რიტუალი შესრულდა

იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში მორწმუნეებმა წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა იზეიმეს.

ცეცხლი, ტრადიციისამებრ, მაცხოვრის საფლავზე მდებარე კუვუკლიიდან იერუსალიმის პატრიარქმა გამოიტანა.

წმინდა ცეცხლს ჭეშმარიტების ნათელს უწოდებენ, რომელიც სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს.

მაცხოვრის საფლავი იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში მდებარეობს, რომელიც IV საუკუნეში დედოფალ ელენეს ბრძანებით აშენდა.

რატომ უნდა შევღებოთ კვერცხი წითლად

ერთ-ერთი გადმოცემის მიხედვით, ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში გააგზავნა, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ. მაცხოვრის მიმდევარი და მისი ერთგული მარიამ მაგდალინელი საქადაგებლად რომში ჩავიდა. ის ქვეყნის მმართველს იმპერატორ ტიბერიუსს (14-34 წ) წარუდგინეს. არსებობდა ასეთი წესი, ყველა იმპერატორთან წარდგენილს, მისთვის თუნდაც სულ მცირე, რაიმე ძღვენი უნდა მიეტანა. მარიამმა იმპერატორს ძღვნად კვერცხი მიართვა და ახარა: – ქრისტე აღდგა! “ამის დაჯერება ისევე ძნელია, როგორც ამ კვერცხის გაწითლება”, – ჩაიღიმა იმპერატორმა და სიტყვა არც ჰქონდა დასრულებული, რომ კვერცხი ჯერ გავარდისფრდა, ბოლოს კი გაწითლდა.

გაოცებულ ტიბერიუსს მარიამმა მოუთხრო იესო ქრისტეს ცხოვრებაზე, ჯვარცმასა და მკვდრეთით აღდგომაზე. კვერცხი ზოგადად სიცოცხლის სიმბოლოა, წითლად შეღებვა კი იმისა, რომ ჯვარცმული მაცხოვრის სისხლით გამოსყიდულ კაცობრიობას მარადიული სიცოცხლე მიენიჭა. ეს მოვლენა გახდა დასაბამი იმისა, რომ ქრისტიანებს უფლის აღდგომა სიმბოლურად ერთმანეთისთვის წითელი კვერცხით მიელოცათ. კვერცხის შეღებვის ტრადიცია წითელ პარასკევს, ანუ ქრისტეს ჯვარცმის დღეს უკავშირდება.

ტრადიციის თანახმად, სააღდგომო კვერცხები წითლად, წითელ პარასკევს მზის ჩასვლამდე იღებება. კვერცხის შესაღებად ძირითადად ბუნებრივ საღებავს, ენდროს იყენებენ და ზოგჯერ ხახვის ფურცლებსაც უმატებენ.