... ... hotnews.ge - საზოგადოება

სანადირო ხრახნილლულიანი, მათ შორის, კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღის ბალისტიკური შემოწმების ვადა გახანგრძლივდა

სანადირო ხრახნილლულიანი, მათ შორის, კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღის სავალდებულო ბალისტიკური შემოწმების ვადა გახანგრძლივდა და განისაზღვრა 2024 წლის პირველი აგვისტო. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განმარტებით, იარაღის მესაკუთრე ვალდებულია, ბალისტიკური შემოწმების მიზნით მომსახურების სააგენტოში წარადგინოს 2023 წლის პირველ აგვისტომდე მის სახელზე რეგისტრირებული სანადირო ხრახნილლულიანი, მათ შორის, კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი.

„აღნიშნული ვალდებულების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვა, რეგისტრაცია და რეგისტრაციის შედეგად გაცემული იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა იურიდიული ძალის არმქონედ მიიჩნევა და გამოიწვევს იარაღის მესაკუთრისთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დაკისრებას.

იარაღის მესაკუთრე ბალისტიკური შემოწმებისთვის დაწესებული საფასურისგან თავისუფლდება“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

 

არასტერილური საოპერაციოები, სისხლიანი თეთრეული - ომბუდსმენმა საავადმყოფოები შეამოწმა

ჟანგიანი ინსტრუმენტები, ცუდად გარეცხილი თეთრეული, იატაკზე დაყრილი ინვენტარი… სახალხო დამცველის აპარატმა 9 საავადმყოფო შეამოწმა და აღმოაჩინა, რომ ამ კლინიკებში ჰიგიენური ნორმები არა მხოლოდ პაციენტის, ექიმების ჯანმრთელობისთვისაც საშიშია.

ომბუდსმენმა თბილისში, კახეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და აჭარაში თითო-თითო საავადმყოფო შეამოწმა, სამეგრელოში - ორი, საწოლების რაოდენობა - 40-დან 220-მდე. ყველას ჰქონდა ქირურგიული განყოფილება.

სამედიცინო ინსტრუმენტების სტერილიზაცია
გაუმართავი ვენტილაცია, რაც ინფექციების გავრცელების წყაროა
საოპერაციოს აღჭურვილობის ზედაპირის დარღვეული მთლიანობა
სახალხო დამცველის აპარატმა აღმოაჩინა 25 შემთხვევა, როდესაც საოპერაციო მაგიდა დაზიანებული იყო, ჰქონდა ღრმულები და კოროზია. ოპერაციის დროს ასეთი ზედაპირი სისხლით და სხვა ბიოლოგიური სითხეებით ბინძურდება, რაც ინფექციის წყაროა.

„ერთ-ერთ დაწესებულებაში მონიტორინგის ჯგუფი შეესწრო დასრულებულ ოპერაციას. ახალნაოპერაციები პაციენტი ჯერ კიდევ ადგილზე, საოპერაციო მაგიდაზე იმყოფებოდა. მის ჭრილობაზე მილით შეერთებული დრენაჟის რეზერვუარი იატაკზე იდო, პერსონალი კი, ამ დროს ცოცხით გვიდა საოპერაციოს. ფანჯრის რაფაზე ქაოსურად, მოთავსების წესების დაუცველად ეწყო გამოყენებული სამედიცინო ინსტრუმენტები და ინვენტარი. გახსნილი ინსტრუმენტები ეწყო იატაკზე, საოფისე მაგიდებსა და სკამებზეც“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

შესწავლამ აჩვენა, რომ არცერთ საავადმყოფოში მედპერსონალი წესიერად არ იცავდა ხელების ჰიგიენას. ცხრიდან ხუთ დაწესებულებაში უხეშად ირღვეოდა ინსტრუმენტების სტერილიზაციის წესები.


შვიდმა დაწესებულებამ ვერ წარმოადგინა წყლის ავზის დამუშავების დამადასტურებელი დოკუმენტი. ერთ-ერთი საავადმყოფოს ავზი შემოწმების მომენტში ჟანგიანი იყო და არავინ იცოდა, ბოლოს როდის გაიწმინდა. ზოგან ხელსაბანები არ ვარგოდა, ერთ საოპერაციოში თხევადი საპონი არ დახვდათ.

სახალხო დამცველის ანგარიშში მითითებულია ისიც, რომ საავადმყოფოს მორგების მოწყობა ხარვეზიანია, იმის გამოც, რომ სტანდარტები არ არის შემუშავებული, მაგალითად ის, რომ ოთახებს, სადაც გარდაცვლილი პაციენტები ჰყავთ, ტრაპი უნდა ჰქონდეს.

თეთრეულზე სისხლის და შარდის ლაქები
მონიტორინგის სამსახურმა აღმოაჩინა, რომ საავადმყოფოს თეთრეულს თანამედროვე სტანდარტებით არ რეცხავენ. მრეცხავი თავად წყვეტს, რა დოზით იხმაროს ქლორი თუ სხვა სადეზინფექციო საშუალება. ხშირად თეთრეული ირეცხება ჩქარი რეცხვის რეჟიმზე, ზერელედ, ხანდახან თხევადი საპნით და არა სარეცხი საშუალებით. შესწავლისას „გარეცხილ“ თეთრეულზე აღმოჩნდა სისხლის, შარდის, ლიმფის ლაქები. ირღვევა თეთრეულის გაშრობისა და დაუთოების წესებიც. თეთრეული შრება თოკებზე, აუთოებენ საყოფაცხოვრებო უთოთი.

საავადმყოფო - ინფექციის წყარო
საავადმყოფოები ინფექციის გადატანის ერთ-ერთი წყაროა, ეს კი - პაციენტების სიკვდილიანობის მიზეზი. სახალხო დამცველის ანგარიშში მოყვანილი მონაცემების თანახმად, თუკი განვითარებულ ქვეყნებში საავადმყოფოში წოლის გამო ინფექციები უვითარდება პაციენტების 5-15%-ს, საქართველოსა და მსგავს ქვეყნებში ეს რიცხვი 15-19%-ს აღწევს.

ვრცლად სტატია იხილეთ აქ.

 

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

30 აპრილს ქუთაისში +27 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც დარია. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13. ბათუმში დღისით ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა ფოთშიც. დღისით +33 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი. ანალოგიური ამინდია ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი. +25 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

ჭიათურაში მზიანი დღეა. დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +8 გრადუსამდე დაიწევს. მოსლაოდნელია წვიმა.

ბორჯომშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +29 იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

გორში დღისით +29 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში იწვიმებს. დღე +19 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +20, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

ლაგოდეხშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +31 გრადუსი და უნალექო მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +31 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის.ს

გიორგობას საინგილოს ქართული დელეგაცია ეწვევა

წელს მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულსა და წმინდა გიორგის ხსენების დღეს მრავალრიცხოვანი ქართული დელეგაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკას, ისტორიულ ქართულ კუთხეს - საინგილოს ეწვევა.

დელეგაციის დიდი ნაწილი აღდგომის დღესასწაულის წინ - ვნების შვიდეულში ლაგოდეხი-ბელაქნის სახმელეთო საზღვრით გაემგზავრება კახში. როგორც ცნობილია, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებით უკვე 4 წელზე მეტია აზერბაიჯანს დახურული აქვს სახმელეთო საზღვარი როგორც საქართველოსთან, ისე ირანთან და რუსეთის ფედერაციასთან. როგორც აზერბაიჯანის, ისე სხვა ქვეყნების მოქალაქე ვიზიტორებს აზერბაიჯანში ჩასვლა მხოლოდ საჰაერო გზით (ჩვენს შემთხვევაში - თბილისი-ბაქოს ავიარეისით) შეუძლიათ. აზერბაიჯანის დატოვება სხვა ქვეყნების (მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს) სახმელეთო გზითაც (მათ შორის ბელაქანი-ლაგოდეხის საზღვრით) შეუძლიათ (სახმელეთო გზით ქვეყნის დატოვების უფლება არ აქვთ აზერბაიჯანის მოქალაქეებს). სახმელეთო საზღვრის ხანგრძლივი ჩაკეტვის გამო აზერბაიჯანის მოქალაქე ეთნიკური ქართველები, რომლებსაც ყოველთვის მჭიდრო კავშირები ჰქონდათ ისტორიულ სამშობლოსთან - საქართველოსთან, მძიმე ჰუმანიტარული პრობლემების წინაშე დგანან (გაყოფილი ოჯახები და ნათესავები წლების განმავლობაში ვერ ახერხებენ ერთმანეთთან შეხვედრას, ავადმყოფი ახლობლების მონახულებას, გარდაცვლილი ახლობლის დაკრძალვაზე ჩასვლას და ა. შ. ამასთან, რეგიონში მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურების არარსებობისა და ხარისხიანი მედიკამენტების დეფიციტის გამო არაერთი ადამიანის გარდაცვალებაც დაფიქსირდა).

საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოსა და აზერბაიჯანის რელიგიის სახელმწიფო კომიტეტის შეთანხმებით, ამ დღეებში ქართველი მომლოცველების მცირე ნაწილსაც მიეცემა შესაძლებლობა ლაგოდეხი-ბელაქანის დაკეტილი სახმელეთო საზღვარი სპეციალური კოდით და წინასწარ შეთანხმებული სიის საშუალებით გადაკვეთოს და აღდგომის, გიორგობის დღესასწაულების  შემდეგ იგივე გზით დაბრუნდეს საქართველოში.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ქვეყანაში მცხოვრებ მართლმადიდებელ ქრისტიანებს ოფიციალურად ულოცავს ქრისტეს აღდგომისა და შობის დღესაწაულებს. პრეზიდენტის სააღდგომო მილოცვის ტექსტი სავარაუდოდ აღდგომის დღესასწაულამდე 2 დღით ადრე - 3 მაისს, დიდ პარასკევს გამოქვეყნდება.

6 მაისს გიორგობის დღესასწაულზე, საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ხელისუფლების წარმომადგენლებთან, პარლამენტის დეპუტატებთან, რელიგიის სახელმწიფო სააგენტოსა და საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა, აზერბაიჯანის მოქალაქე ეთნიკურ ქართველებს შეხვდება და გიორგობას მიულოცავს.

6 მაისს, კახის რაიონის სოფელ კახ-ინგილოს (ისტორიული კაკისთავი) წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) სამღვდელოებასთან ერთად სადღესასწაულო წირვას აღავლენს. ღვთისმსახურება დილის 10 საათიდან დაიწყება. საღვთო ლიტურგიისა და მეუფის ქადაგების შემდეგ საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ქართულ ენაზე გამოცემულ ბიბლიისა და ახალი აღთქმის წიგნებს საჩუქრად გადასცემს ტაძარში მყოფ ადგილობრივ ქართველებს. ზაზა ვაშაყმაძე ადგილობრივი ქართველების სულიერ მოძღვარს - დეკანოზ პეტრე ხუმარაშვილს ქართულ მუსიკალურ ინსტრუმენტებს - ჩონგურებს, ფანდურებს, სალამურებს გადასცემს, რათა აზერბაიჯანის მოქალაქე ქართველმა ბავშვებმა უკეთესად შეისწავლონ ტრადიციული ქართული ხალხური სიმღერები. წირვის შემდეგ მეუფე თეოდორე სამღვდელოებასთან, ქართული დელეგაციის წევრებთან და მრევლთან ერთად ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარს მოილოცავს და სადღესასწაულო პარაკლისს აღავლენს.

ვიზიტის დროს შედგება ქართული დელეგაციის შეხვედრა კახის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელთან მუსა შექილიევთან. მეუფე თეოდორე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად კახ-ინგილოს წმინდა გიორგის ტაძრის ეზოში წირვის შემდეგ შეკრებილ ინგილო ქართველებსაც შეხვდება.

6 მაისს საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია კახიდან ბელაქნის რაიონის სოფელ ითითალაში გაემგზავრება.

სოფელი ითითალა მდინარე ალაზნის პირას მდებარეობს და სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედს ესაზღვრება. ითითალაში 2000-ზე მეტი ჩვენი თანამემულე ცხოვრობს.

საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ითითალის სკოლას ეწვევა და სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდება. ზაზა ვაშაყმაძე ითითალაში მცხოვრებ ინგილო ქართველ მუსლიმებს საჩუქრად გადასცემს ქართულ ენაზე გამოცემულ ყურანის წიგნებს, ხოლო მართლმადიდებელ ქრისტიანებს ქართულ ენაზე გამოცემულ ბიბლიისა დ ახალი აღთმის წიგნებს.

აღსანიშნავია, რომ ბელაქნის რაიონის სოფელ ითითალაში მცხოვრებ მართლმადიდებელ ქრისტიან ინგილოებს ადგილობრივი ადმინისტრაციისგან დღემდე არ აქვთ სამლოცველოს მოწყობის ან ეკლესიის აშენების უფლება, სადაც მშობლიურ ქართულ ენაზე ერთობლივად აღავლენენ ღვთისმსახურებას.

ავტორი: სერგო კერესელიძე, საინგილოს მკვლევარი, ჟურნალისტი

2 მაისიდან ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს - სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2 მაისამდე საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 2 მაისიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს.

მათივე ცნობით, 2 მაისიდან ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს.

დედაქალაქში - თბილისში 2 მაისამდე შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 2 მაისს საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 2 მაისამდე დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 2 მაისს +23, +25 გრადუსამდე დაიკლებს.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 2 მაისამდე ცალკეულ, ხოლო 2 მაისს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა 2 მაისს დღისით +17, +19 გრადუსამდე დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 2 მაისამდე ცალკეულ, ხოლო 2 მაისს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა 2 მაისს დღისით +19, +21 გრადუსამდე დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 2 მაისამდე ცალკეულ, ხოლო 2 მაისს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა 2 მაისს დღისით +20, +22 გრადუსამდე დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 2 მაისამდე ცალკეულ, ხოლო 2 მაისს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 2 მაისს დღისით +15, +17 გრადუსამდე დაიკლებს.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 2 მაისამდე ცალკეულ, ხოლო 2 მაისს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +30 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 2 მაისს შედარებით დაიკლებს.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 2 მაისამდე ცალკეულ, ხოლო 2 მაისს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +30 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 2 მაისს შედარებით დაიკლებს.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 2 მაისამდე ცალკეულ, ხოლო 2 მაისს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +28 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 2 მაისს შედარებით დაიკლებს.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო, დედოფლისწყარო): 2 მაისამდე ცალკეულ, ხოლო 2 მაისს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +23 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 2 მაისს შედარებით დაიკლებს.

უსაფრთხოა თუ არა, პლასტმასის კონტეინერები და რით ჩავანაცვლოთ ისინი

ჩვენს საკვებში ქიმიკატების გაჟონვისა და პლასტმასის ნარჩენების გარემოზე ზემოქმედების მზარდი გავლენის გამო, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომელი ტიპის პლასტმასის კონტეინერებია უსაფრთხო და რომელი  არა.  გიზიარებთ რჩევებს,  რა უნდა გაითვალისწინოთ სახლისთვის პლასტმასის კონტეინერების არჩევისას.

პლასტმასის კონტეინერებს ხშირად აღნიშნავენ  საიდენტიფიკაციო კოდით, ან გადამუშავების ნომრით. ეს კოდები, რომელიც მერყეობს 1-დან 7-მდე, მიუთითებს კონტეინერში გამოყენებული პლასტმასის ტიპზე. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ძირითადად გამოიყენება გადამუშავების მიზნებისთვის, მათ ასევე შეუძლიათ წარმოაჩინონ ინფორმაცია პლასტმასის უსაფრთხოებისა და ვარგისიანობის შესახებ სხვადასხვა გამოყენებისთვის.

 

პლასტიკური კონტეინერების ალტერნატივები:

თუ თქვენ გაწუხებთ პლასტმასის კონტეინერების უსაფრთხოება ან მათი გარემოზე ზემოქმედება, გასათვალისწინებელია ალტერნატივები:

შუშის კონტეინერები: შუშის კონტეინერები ინერტული და არაფოროვანია, რაც მათ შესანიშნავ ვარიანტად აქცევს საკვების შესანახად. ისინი გამძლეა, მრავალჯერ გამოსაყენებელი და თავისუფალი ქიმიკატებისაგან, რომლებსაც შეუძლიათ საკვებში შეღწევა.

უჟანგავი ფოლადის კონტეინერები: უჟანგავი ფოლადის კონტეინერები არის მსუბუქი, გამძლე და არარეაქტიული. ისინი პლასტმასის უსაფრთხო ალტერნატივაა როგორც ცხელი, ასევე ცივი საკვების შესანახად.

სილიკონის კონტეინერები: სილიკონის კონტეინერები არის მოქნილი, სითბოს მდგრადი და არატოქსიკური. ისინი შესანიშნავი ვარიანტია როგორც საკვების შესანახად, ასევე მომზადებისთვის, რადგან მათ შეუძლიათ საყინულედან ღუმელში გადანაცვლება ყოველგვარი პრობლემის გარეშე.

ვრცლად სტატია იხილეთ აქ.

როგორ ავარჩიოთ პლასტმასის კონტეინერი და რაზე მიგვანიშნებენ მასზე დატანილი კოდები

პლასტმასის კონტეინერები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში  ყველგან გვხვდება, იგი საკმაოდ  მოსახერხებელია  საკვების, სასმელების და საყოფაცხოვრებო ნივთების შესანახად. თუმცა, ყველა პლასტმასის კონტეინერი არ არის შექმნილი ერთნაირი ნივთიერებებით, როდესაც საქმე უსაფრთხოებას ეხება.

ფაქტორები, რომლებიც გასათვალისწინებელია პლასტიკური კონტეინერების არჩევისას:

დანიშნულება: იფიქრეთ იმაზე, თუ რისთვის გამოიყენებთ პლასტმასის კონტეინერს. მაგალითად, თუ გეგმავთ ცხელი საკვების ან სასმელის შენახვას, აირჩიე კონტეინერები მიკროტალღური ღუმელისთვის უსაფრთხო და მოერიდეთ პლასტმასს, რომელიც მიდრეკილია მავნე ქიმიკატების გაჟონვისკენ სიცხის ზემოქმედების დროს.

გადამუშავების კოდები: ყურადღება მიაქციეთ საიდენტიფიკაციო კოდებს პლასტმასის კონტეინერებზე. ზოგადად, პლასტმასი #2, #4 და #5 ითვლება საკვების შენახვის უსაფრთხო ვარიანტებად.

BPA და ფტალატისგან თავისუფალი: მოძებნეთ კონტეინერები, რომლებიც ეტიკეტირებულია, როგორც BPA-ის გარეშე და ფტალატისგან, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ინახავთ საკვებს ან სასმელს დიდი ხნის განმავლობაში ან აყენებთ მათ სიცხეს.

გამძლეობა: გაითვალისწინეთ პლასტმასის კონტეინერის გამძლეობა და ხანგრძლივობა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი პლასტმასი შეიძლება იყოს უსაფრთხო საკვების შესანახად,  შეიძლება კარგად ვერ გაუძლონ განმეორებით გამოყენებას ან გაწმენდას, რაც გამოიწვევს ქიმიკატების პოტენციურ დეგრადაციას და გაჟონვას.

გარემოზე ზემოქმედება: იფიქრეთ თქვენი პლასტიკური არჩევანის გარემოზე ზემოქმედებაზე. შეძლებისდაგვარად შეარჩიეთ მრავალჯერადი გამოყენებადი კონტეინერები და შეარჩიეთ პლასტმასი, რომელიც გადამუშავებად
 ბიოდეგრადირებადი ნარჩენების შესამცირებლად.

ვრცლად სტატია იხილეთ აქ.

 

ბზობის აღნიშვნის ტრადიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში - ყველაფერი რაც ბზობის შესახებ უნდა იცოდეთ

რა არის ბზობა და როგორ აღინიშნება იგი მართლმადიდებლურ სამყაროში?

ბზობა მართლმადიდებლურ სამყაროში ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაულია, მას საერთაშორისო ენაზე ეწოდება ქრისტეს ზეიმით შესვლა იერუსალიმში, ქართველები ბზობას ვეძახით, რადგან სწორედ ბზის, წმინდა და მარადმწვანე ხის ტოტებით ვულოცავთ ერთმანეთს ამ ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს, იმ მიზეზით, რომ საქართველოში ბზა ყველაზე ადრე ყვავის და ყველაზე ძვირფას ხედ მიიჩნევა.

ქრისტიანულ სამყაროში ბზობის დღესასწაული IV საუკუნეში შემოვიდა და  აღინიშნება აღდგომის წინა კვირას. ეს დღესასწაული დადგინდა მას შემდეგ, რაც იესომ მხოლოდ სიტყვით აღადგინა ოთხი დღის მკვდარი თავისი საყვარელი მეგობარი ლაზარე. ამ ფაქტით ებრაელი ხალხის უმრავლესობამ იწამა, რომ ქრისტე ღმერთია. მაშასადამე, რომ არ ყოფილიყო ლაზარეს აღდგინება, არავინ შეხვდებოდა დიდებით ქრისტეს იერუსალიმში, ახლა კი სახედრის კიცვზე ამხედრებულ იესოს ხალხი შეხვდა როგორც მეფეს: ფეხქვეშ უშლიდნენ ხალიჩებს, თავიანთ გარესამოსელს, პალმის ტოტებს, ყვავილებს და სულიწმიდის მადლით უგალობდნენ როგორც ღმერთს: „ოსანა მაღალთა შინა ღმერთსა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა!“

როგორ აღნიშნავენ საქართველოს კუთხეებში ბზობის დღესასწაულს?

რაჭა-ლეჩხუმში ბზობას ეკლესიაში მიდიოდნენ და იქიდან მოჰქონდათ ბზა. სახლში მიტანილ ბზას თავზე შემოივლებდნენ და ნაკვერჩხლებზე დადებდნენ. თუ აბრიალდებოდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ ბზის პატრონი დიდხანს იცოცხლებდა, თუ მალე ჩაქრებოდა – ცოტა ხანს

სამეგრელოში ბზობა-ბაიაობას ბაიას ყვავილს იყენებდნენ, რომელიც ფერის გამო ხალხისთვის მზესთან იყო ასოცირებული, სახლში, იატაკზე წრიულად დააფენდნენ და ზედ კვერცხებს გადააგორებდნენ. ამ კვერცხებს სააღდგომოდ აუცილებლად შეღებავდნენ.

მესხეთში ბზობას ქალებს მინდვრიდან თოვლი მოჰქონდათ და გზაში ჭამდნენ, შინ კი ოჯახის წევრებს და საქონელს გადააყრიდნენ, თან ამბობდნენ: „ბზო, ბზო, ბუზებო, აქაურობას მოშორდით“. ხალხს სწამდა, რომ ამ წესის შესრულების შემდეგ ბუზები მათ აღარ შეაწუხებდნენ...

სტატია სრულად იხილეთ აქ:

მართლმადიდებელი სამყარო დღეს ბზობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი სამყარო დღეს ბზობას - მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას აღნიშნავს. სადღესასწაულო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ტარდება. 

ბზობა თორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს. მისი შინაარსი დაფუძნებულია სახარებაზე, რომელშიც გადმოცემულია იერუსალიმში, პასექის დღესასწაულზე დასასწრებად, იესო ქრისტეს შესვლის ამბავი. იესოს მოსახლეობა ზეიმით შეეგება, ზოგი მის სახედარს ფეხქვეშ თავის სამოსს უგებდა, ზოგი პალმის ტოტებს - ბაიას უფენდა, თან „ოსანას“ შესძახოდნენ.

მორწმუნეები ამ დღეს ტაძარში ბზის ტოტებით მიდიან, რომელსაც შემდეგ მთელი წლის განმავლობაში ინახავენ.

ნანიკო ხაზარაძეს მამა გარდაეცვალა

ნანიკო ხაზარძე სოციალურ ქსელში მამის გარდაცვალების შესახებ წერს. შეგახსენებთ, რომ დავით ხაზარაძეს რამდენიმე წლის წინ დემენციის დიაგნოზი დაუსვეს. 

„გარდაიცვალა მამაჩემი, პანაშვიდი ხვალ, ზეგ ვაკის სამება 5 სთ დან, დაკრძალვა სამშაბათს, ისევ ვაკის სამებიდან 2 სთ. ქელეხი არ იქნება“ - წერს ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჭადრაკში შიდა ტურნირი ჩაატარა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში ჭადრაკის შიდა ტურნირი ჩატარდა.
ჩემპიონატი ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის - „FIDE“-ს წესებით, შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად წარიმართა.
ტურნირში I ადგილი დაიკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა - ზურაბ თურქაძემ.
II ადგილზე გავიდა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი - ნონა დათუაშვილი, ხოლო III ადგილი დაიკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა - თორნიკე გაბუნიამ.
ტურნირში საპრიზო ადგილებზე გასულ მონაწილეებს, სხვადასხვა სამახსოვრო საჩუქართან ერთად, ფულადი ჯილდოც გადაეცათ.
შიდა ტურნირი მიზნად ისახავს სამინისტროს სისტემაში ჭადრაკის, როგორც სპორტის სახეობის პოპულარიზაციას.

დღეს შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს - საპატრიარქოს განცხადება

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: 

"ჩვენს ქვეყანაში უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები გვარწმუნებს, რომ ეს პროცესები მსოფლიო მასშტაბის უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ ცვლილებათა ანარეკლია. აღნიშნული მოვლენები განსახილველია პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სტრატეგიულ და მრავალ სხვა ჭრილში. ჩვენ კი, მიზეზთა ერთობლიობის გამო, დღეს  შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს. ეკლესია ვერ დაიწყებს სპეციფიკური დეტალების განხილვას, მაგრამ ტრადიციული ფასეულობები და სახელმწიფოს დამოუკიდებლობა ის სფეროებია, რომელთაც ის ისტორიულად უდიდეს ყურადღებას უთმობდა და კვლავ დაუთმობს.

 საზოგადოებაში არსებული დაპირისპირების ხაზი დღეს ფასეულობების წინააღმდეგ ბრძოლისა და სახელმწიფოს სუვერენიტეტის ველზე გადის. უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე: ,,მამული, ენა, სარწმუნოება”.
ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც ფაქტები და არგუმენტები ჩანაცვლებულია მედიითა და სოციალური ქსელებით შექმნილი აღქმით, ალტერნატიული რეალობით. დაუშვებელია, ნაჩქარევ, ემოციურ ქმედებებს მიეცეს საშუალება, დაარღვიოს სტაბილურობა და მშვიდობა, რომლებიც ასე ძვირფასია ამ პროცესებში აქტიურად ჩართული ახალგაზრდა თაობისთვის. მნიშვნელოვანია, ქვეყნისათვის საუკეთესო არჩევანზე სიღრმისეული მსჯელობა და ჯანსაღი დისკუსიის პროცესი შედგეს, რადგან არაერთხელ გვიგემია ერთიანი დამარცხება, როდესაც სიძულვილი იმარჯვებდა საზოგადოებაში დაპირისპირებულ მხარეებს შორის.
ეკლესია ყოველთვის იყო და კვლავ იქნება ჩვენი შვილების გულწრფელი ინიციატივების, მისწრაფებების გულშემატკივარი და მხარდამჭერი, მით უფრო, როცა საქმე ქვეყნის ბედს ეხება, თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახალგაზრდებისა და მოზარდების ამ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რაოდენ ფაქიზ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებთან გვაქვს საქმე. მომავალი თაობის ჯანსაღი აქტიურობისა და პატრიოტული სულისკვეთების ცალკეული პოლიტიკური ინტერესებისა და მავნე იდეოლოგიის პროპაგანდისთვის გამოყენება ყველასთვის დამაზიანებელი იქნება.
ხელისუფლება გარკვევით დეკლარირებს, რომ მისი პოლიტიკური ვექტორი, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის სურვილი, არის ევროინტეგრაცია. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქომ გააკეთა განცხადება. მასში ნათქვამი იყო, რომ წლების განმავლობაში დიპლომატიური სამსახურის უმაღლესი პირებისგან ისმოდა დამაჯერებელი დასტური იმისა, რომ ქვეყნის სწრაფვა ევროინტეგრაციისაკენ არ გულისხმობდა საკუთარი კულტურისა და ფასეულობების უარყოფას. თუმცა, ფაქტია, წლების განმავლობაში უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების თუ ტელევიზიების მხრიდან წარმოებდა ეკლესიის დისკრედიტაციის კამპანია და ეს ხდებოდა ლგბტ ცხოვრების წესის, ცოდვის პროპაგანდის მზარდი ტენდენციის პარალელურად.
საქართველოს მოსახლეობისთვის უცხო, უჩვეულო და სახიფათო იდეოლოგიების თავს მოხვევა ამძაფრებს საზოგადოებაში პოლარიზაციის პროცესს. ჩვენ არავისგან მოველით დახმარებას იდეოლოგიურ საკითხებში, ამის საჭიროება არც გვაქვს. აღვნიშნავთ, რომ ხელისუფლება თვალნათლივ დაადგა ტრადიციული ღირებულებების დაცვის გზას.
ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩანაწერი, რომ ქართული სახელმწიფოს მიერ დაუშვებელია მოზარდებში ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კანონის მიღება, წარმოადგენს ქვეყნის უმეტესი მოსახლეობისათვის აღიარებული ფასეულობების წინააღმდეგ ზეწოლას. რჩება შთაბეჭდილება, რომ მათი მხრიდან საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტი არ განიხილება, როგორც სრულყოფილი მოცემულობა. ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტის უგულებელყოფით  ქვეყნისთვის სასიკეთო არცერთი საქმე არ გამოვა.
საქართველოს ეკლესია მთავარ პრიორიტეტად მიიჩნევს საქართველოს მოსახლეობაში უფლის სიტყვის გაძლიერებას. ჩვენ გვსურს, დავიცვათ ჩვენი ტრადიციები, ოჯახის სიწმინდე და მისი მნიშვნელობა, შევინახოთ ქართული კულტურა, ვესწრაფვით ჩვენს ოს და აფხაზ ძმებთან ერთად ერთიან სახელმწიფოში ცხოვრებას, მსოფლიოში ურთულესი პოლიტიკური პროცესების პირობებში ყოველგვარ კონფლიქტში ჩარევისაგან თავის არიდებას და ქვეყნის შიგნით მშვიდობიან თანაცხოვრებას, ეს ყველაფერი კი შეუძლებელია სრულყოფილი სახელმწიფო დამოუკიდებლობის გარეშე."